როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში

„დაფარული იგი გულისა კაცი“
(1პეტრე 3,4)

თითოეული ჩვენთაგანი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. არის ადამიანი გარეგანი ცხოვრებისა, როგორიც ის ჩანს გარეშე თვალისთვის, და არის ადამიანი დაფარული ცხოვრებისა, როგორადაც იგი წარდგომილ-არს წინაშე ღმრთისა. ვიღაცამ ისიც კი თქვა, რომ ყოველ პიროვნებაში ოთხი ადამიანი ცხოვრობს: ის, რომელსაც ადამიანები იცნობენ; ის, რომელსაც უახლოესი მეგობრები იცნობენ; ის, რომელსაც იგი თავად იცნობს და ის, რომელსაც ღმერთი იცნობს. ეს ოთხი ადამიანი უმეტესწილად ერთმანეთს ნაკლებად იცნობს.

ადამიანი ისეთი არაა, როგორიც ჩანს, არამარტო ადამიანთა თვალში, არამედ საკუთარ თვალშიაც კი. ის, რომელსაც ღმერთი ხედავს და იცნობს, - იგია საიდუმლო ადამიანი: თვალთმაქცობის გარეშე, გარეშე სიცრუისა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

მაგონდება მშობლების სახლთან ერთი მორი, რომელიც მიწაზე ეგდო, უკანა ეზოში. ბავშვები ზოგჯერ მივირბენდით ხოლმე და დიდის გაჭირვებით ავწევდით, რათა გვენახა, თუ რა იყო ქვეშ. ოხ, რა საზარელია! სხვადასხვა მხრით გაცურდებოდნენ რომელიღაც მონაცრისფრო, საზიზღარი ქვემძრომები და ემალებოდნენ სინათლეს! ჩვენ სასწრაფოდ ვაგდებდით მორს, მოშორებით გავრბოდით, და შემდეგ ისევ ვბრუნდებოდით სანახავად.

შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს სულსა და ცხოვრებაში ამგვარი მორი. მისი გარეგანი მხარე, შესაძლოა, გარანდული და გაშალაშინებული, თავად ჩვენ მოგვწონს და სიამოვნებით ვუჩვენებთ მას სხვებს, მაგრამ არის შინაგანი მხარე, დამალული, ბნელი, რომელიც მიწას მიჰკვრია და ყოველივე არაწმინდას ჰფარავს. ამ მორის გადაგორებაა საჭირო, დე ირგვლივ ღვთის სინათლემ მოიცვას იგი, დე განიწმიდოს შიგთავსი და დე წარმოსდგეს წინაშე ღვთისა „დაფარული კაცი“, მისთვის სათნო, რომელსაცა „დაეფარნეს ცოდვანი, და არცა არს პირსა მისსა ზაკვა“ (ფსალ. 31,1).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.