სადაა საფუძველი ჩვენი?

„და გარდამოხდა წვიმაჲ, მოვიდეს მდინარენი,
ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა,
რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“
(მათე 7, 25)

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ორი ჩიტუნა გაფრინდა ბუდის ასაშენებლად. ერთმა დაბურული ხის ტოტებში მომხიბვლელი კუთხე ამოირჩია. ჰაერი გამოცოცხლებული მიწის კეთილსურნელებას აფრქვევდა, ქვევით ნაკადული მორაკრაკებდა დღისით მზეზე მხიარულად მოელვარე, ღამით კი აურაცხელი ციური მნათობის ამრეკლავი. მაგრამ გვიან ღამით, მოულოდნელად, ქარიშხალი ამოვარდა; ნაკადული მქუხარე ნიაღვრად იქცა, ნაპირებიდან გადმოვარდა და სპობდა რა გზადაგზა ყველაფერს ირგვლივ დიდ მანძილზე არე-მარე დატბორა. ხე გადატყდა, ბუდე დაიშალა, უბედური ჩიტუნას მყუდრო საცხოვრებელი მოისპო. ბუდე მან ძალზედ დაბლა ააგო, მხედველობაში ჰქონდა რა მხოლოდ თბილი, მზიანი დღეები და მშვიდი, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეები.

მეორე ჩიტუნა მიუწვდომელ სიმაღლეზე აფრინდა და ბუდე მაღალი კლდის ველურ გამოქვაბულში გაიკეთა. იქ მალე იფეთქა ნორჩმა სიცოცხლემ, ბუდე ბარტყებით აივსო. ქარიშხალმა სადღაც ქვემოთ, დაბლობში ჩაიარა, კლდეს გვერდით ჩაუგრიალა, მაგრამ ვერ მისწვდა კი მის სიმაღლეს, და განთიადისას, როცა მზემ გამოანათა, თბილი ბუდე უვნებლად გადარჩენილი, უსაფრთხოდ იყო თავის ადგილზე.

ჩვენ კი სად დაგვიწნავს ბუდე? სადაა ჩვენთა აზრთა და გრძნობათა საფუძველი? დგას კია ჩვენი სული მტკიცე, ურყევ კლდეზე სარწმუნოებისა, არის მზად წინ აღუდგეს ყოველგვარ ცთუნებასა და გამოცდას, თუ ავაშენეთ „სახლი თჳსი ქჳშასა ზედა, - და იყოს დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად?“ „საფუძველი სხუაჲ ვერვის ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ-არს, რომელ არს იესუ ქრისტე“ (1 კორ. 3, 11).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.