„ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.
ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას
ჩუენ ყოველი“
(იოანე 4, 25)
ბევრის ცოდნა გვსურდა, ვიცით კი ძალზედ მცირე! იმდენი კითხვა რჩება უპასუხოდ, იმდენი რამაა გაუგებარი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მზად ვართ შევუერთდეთ მთრთოლვარე მოლოდინს, სამარიტელის სიტყვებში გამოხატულს: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს... მითხრას ჩუენ ყოველი“.
აქ, დედამიწაზე, ამაოდ ვეძებთ თუნდაც მინიშნებას, ოდნავ მაინც რომ ჰფენდეს ნათელს იმ იდუმალ მოვლენებს, რომლითაც აღსავსეა ცხოვრება; არა, საიდუმლოება ჩვენისა ცხოვრებისა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის დაფარულია. მაგრამ როგორ შეიცვლება ყოველივე მაცხოვრის მოსვლით! როდესაც მოვალს იგი, შეწყდება საუკუნოვანი მდუმარება, რომელიც ესოდენ გვამძიმებს და მოგვეცემა განმარტება - „მითხრას ჩვენ ყოველი“. იგი საცნაურს გახდის ადამიანური ბუნების ყველა თვისებას, ჩვენ ჩავწვდებით მნიშვნელობას მწუხარებათა, ჩვენს არსებობას რომ ქუფრავენ, ჩავწვდებით ადამიანურ ხვედრში უსამართლობისა და უთანაბრობის მიზეზს; იმ დროს ბევრს რასმე მივხვდებით, რაც გაუგებარი და უსარგებლო ჩანდა, რაზედაც ჩვენ ხშირად ვჩიოდით და ვერ ვურიგდებოდით. „ოდეს მოვიდეს მესია“, აღმეხვნეს ჩვენ თვალნი.
თუ რამდენი ამოუხსნელი საიდუმლოება მიაქვს თან სამარეს, რამდენი ამოუცნობი რამაა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რამდენი გაუგებრობა, ყველაზე საუკეთესო ურთიერთობებს რომ აფუჭებს, ყველაფერი საცნაური გახდება „ოდეს მოვიდეს მესია“. მაშინღა დავინახავთ, რომ ყოველივე სასიკეთოდ ხდებოდა, ჯერ კი ვიდრე გრძელდება ჟამი მოლოდინისა, დროს ნუ დავკარგავთ უნაყოფო შეკითხვებისთვის. შევიტკბოთ ის, რაც საცნაურია, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არ ამოიწურება და რაც გვაძლევს ძალებს ვიცოცხლოთ ქრისტესთვის და მოვკვდეთ მასთან ერთად. გვახსოვდეს სიტყვები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება: „დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს. გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე“ (მეორე რჯული 29, 29).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.