„რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხვანი,
რომელთა არა აქუს სასოებაჲ“
(1 თესალონიკელთა 4, 13)
რაგვარად გვანუგეშებს ღვთის სიტყვა? რითი მკურნალობს ჩვენს ღია ჭრილობებს? ო, არა იმგვარად, როგორც ადამიანური სიტყვა ანუგეშებს! გართობას არ გვთავაზობს, წუხილს არ გვავიწყებს, ჩვენს ჭრილობებს დავიწყებით არ ფარავს. არა! მაცხოვარი როდი გვიბრძანებს წუხილის მივიწყებას, იგი შეიწყნარებს ჩვენს ცრემლს, აკი თავადაც ცრემლოოდა ლაზარეს აკლდამასთან. მაგრამ არ გვეტყვის, ვწუხდეთ იმათგვარად, „რომელთა არა აქუს სასოებაჲ“. და სასოებაჲ ესე არს ნუგეშინისმცემელი, ზეგარდამო წარმოგზავნილი, რათა ყოველივე მიწიერს მოსწყვიტოს ჩვენი მზერა, მიჰმართოს იგი უფლისაკენ, მუნ არს საუნჯე ჩვენი, და იქ უნდა ვეძიებდეთ ნუგეშსა და სიხარულს.
უკეთეს სამყაროში დამკვიდრებული ჩვენი ახლობლები ჩვენთან აღარ დაბრუნდებიან, ამსოფლად ვეღარ ვიხილავთ ჩვენთვის ძვირფას სახეებს, ვეღარ გავიგონებთ საყვარელ ხმას, მაგრამ მიწიერი ცხოვრებით როდი მთავრდება ყოველივე. სიკვდილი ხომ მხოლოდ გადასვლაა სრულყოფილი ცხოვრების სისავსეში. ამაშია ჩვენი ნუგეში, ჩვენი სასოება. თუმცა ისინი ჩვენთან აღარ დაბრუნდებიან, მაგრამ ჩვენ გავეშურებით მათკენ, როდესაც უფალი თავისთან მიგვიხმობს. ჩვენი სავალი ჯერეც გრძელია, ღვაწლი არ გასრულებულა, არ დაგვიმსახურებია განსვენება, ჯერ კიდევ დაგვრჩა უფლისთვის რაღაც აღსასრულებელი. ჩვენი ღვაწლი აქ, დედამიწაზე, უნდა აღსრულდეს, მაშინ ჩვენთვისაც დაიწყება საუკუნო სასიხარულო დღესასწაული ზეცაში.
მაშ, შევურიგდეთ ამ ღვაწლს, კეთილსინდისიერად აღვასრულოთ იგი, რაოდენ ბევრ შრომად და ცრემლადაც არ უნდა დაგვიჯდეს. მაშ, „მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღვაწლსა“ და მოველოდეთ ღვთის ძახილს მარადიულ სამშობლოში. რაგვარი ნეტარება იქნება, ოდეს მისი სიყვარულის ელვარებაში ჩვენ მარადჟამს „უფლისა თანა ვეგებით!“ (ებრ. 12, 1). ნუუკუე, მწუხარენო, ამ ცოცხალ სასოებაში ვერ პოულობთ ნუგეშს? ნუუკუე თქვენი ცრემლი თქვენს თვალთაგან ფარავს ამ ნათელ ხილვას?
ოჰ, ისწრაფოდეთ მისდამი ნუგეშისა და მშვიდობის საძიებლად! უწყის რა სისუსტე თქვენი, განგისვენებთ თავისი მოსიყვარულე მოხედვით; ხელნი მისნი თქვენდამო არიან განრთხმულნი, იჩქარეთ შეაფაროთ თავი ყოველგვარი განგაშისა და აფორიაქებისას. სასოება გაქვნდეთ ღვთიური ნუგეშინისმცემელისადმი, რომელიც თავისკენ მოგიწოდებთ და მზადაა თქვენზედ, უღირსთა, უძლურთა ზედა გადმოაფრქვიოს ის მშვიდობა და სიხარული, რომლის წყაროცაა.
თავმდაბლობითა და სიყვარულით მიიღეთ თქვენთვის ზეგარდამოვლენილი ჯვარი და მოთმინებით იტვირთეთ. ცოტაც და დადგება ის ნეტარი წუთი, როდესაც მაცხოვარი განსასვენებელში გაგვიხმობს - იქ, სადაც უკვე აღარაა ცრემლი, არც სნეულება, არც სულთქმა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.