შემაძლებინე, უფალო, რათა მეც მზად ვიყო

„მე მზა ვარ“
(საქმე 21, 13)

მზად იყო ემსახურა, მზად იყო ვნებულიყო, მზად იყო მომკვდარიყო - აი, რისთვის ემზადებოდა მოციქული პავლე! შეგვაძლებინე ჩვენც, ღმერთო, ასეთივე მზადყოფნა ყველაფრისთვის, რაც ჩვენზე შენი ნებაა. პავლე მოციქულის მოქცევა იყო სრული, შეუქცევადი. მასში არ იყო არანაირი მერყეობა, რჩევისთვის არავის მიმართავდა, ქებას არ ეძებდა, არ ვაჭრობდა საკუთარ სინდისთან, მერყევად არ მდგარა მოვალეობის ზღურბლთან; წინ ჰქონდა გადაშლილი ცხოვრებისეული გმირობა და მტკიცედ მიაბიჯებდა რა მასთან შესახვედრად, ამბობდა: „მე მზა ვარ!“ შეებიჯებინა წარმართული სამყაროს ცენტრში, უშუალოდ წარმართობასთან საბრძოლველად, არცთუ იოლი იყო. გარნა წუთიც არ აყოვნებს გმირობის წინაშე, პავლე ამბობს: „ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო“ (რომ. 1, 15), და იგი ერთნაირად „მზად“ იყო, ყოველივე გადაეტანა ღვთიური ნების აღსასრულებლად.

იმხანად იერუსალიმი ქრისტეს წმინდა მიმდევართა დასჯის ადგილი იყო, გარდაუვალი საშიშროება ელოდათ მათ იქ, და მიუხედავად ამისა, პავლე იყო „მოსიკუდიდცა მზა იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსა“ (საქმე 21, 13); და ბოლოს, როდესაც სიკვდილის პირისპირ დადგა, იგი „მზა“ იყო, თავისი შეხედულებებისთვის მსხვერპლად შეწირულიყო, თავი დაედო. მოციქულ პავლეს ხასიათში უპირველესად ნიშანდობლივი სწორედ ეს მზადყოფნა იყო, განუხრელად ევლო ყოველგვარი მოვალეობის შესახვედრად, ტანჯვა-წამება იქნებოდა ეს, თუ - სიკვდილი.

ღმერთმა ყველას შეაძლებინოს ამგვარი მზადყოფნა! მეც შემაძლებინე, უფალო, სიხარულით გავეშურო იქით, საითაც მიბრძანებ, და დაუღალავად აღვასრულებდე შენს ნებას, მუხლჩაუხრელი გულმოდგინებაში. დე, ვიქმნე შენდა მორჩილ, თუნდაც მოვწყდე ჩემს საქმიანობას და განვიწირო უმოქმედობის ბორკილებისთვის. და ჩამოჰკრავს რა ჟამი სიკვდილისა, შემაძლებინე ხელთა შინა შენთა დავტოვო ყოველივე ძვირფასი, შენდამი მოლტოლვილმა მთელითა გულითა, ვანდო სული ჩემი სიყვარულსა შენსა!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.