„გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა იყუნეთ“
(იოანე 12, 36)
ისწავლეთ ისე იცხოვროთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული, სინათლეჲ ესე კი - ქრისტეა, რომელმან სთქვა: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ“ (იოანე 8, 12).
თუკი ჩვენ ამ სინათლეში ვივლით, ნათლის ძენი შევიქმნებით, სიბნელე ძალას დაჰკარგავს ჩვენზე, და ჩვენ გადავსახლდებით „ხელმწიფებისა მისგან ბნელისა სასუფეველსა ძისა ღმრთისა საყუარელისასა“ (კოლას. 1, 13).
მაშინ ჩვენ თავად სხვის ცხოვრებაში წყვდიადის გამფანტველ შუქურად ვიქცევით და სიყრმიდან შევითვისებთ მოყვასისთვის სიყვარულის, თავდავიწყების, მოწყალების, თანაგრძნობის საქმეების აღსრულებას. და ჩვენში მოქმედი სინათლის ძალა არ შესუსტდება არც სიბერეში და უძლურების, ტანჯვის დღეებსა და იმა სოფლად მიცვალების ჟამს გაგვისხივოსნებს.
ვეცადოთ, წმიდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისოთ, გულთა შინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ; გამუდმებით ვიჭვრიტებოდეთ სახარებაში, ქრისტეს ნათელ ხატს ვუმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“, ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ, დედამიწაზე, ვიგემებთ, „რომ სიხარული მარჯუენესა შინა მისსა არს უკუნისამდე“ (ფსალ. 15, 11).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.