„იყავით ერთურთის მიმართ კეთილნი, თანამლმობელნი,
და მიუტევნეთ ერთმანეთს, როგორც
ღმერთმა
ქრისტეში მოგიტევათ თქუენ“
(ეფეს. 4, 32)
სიკეთე და თანაგრძნობა - ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში. ის ბოროტება, რომელიც მოაქვს გესლიან ლაპარაკს, ცივ გულგრილობას მოყვასის მიმართ, სხვის გრძნობათა არგაგებას, გამუდმებულ ეჭვიანობას - ყოველივე ეს ნელდება და იფარება მხოლოდ კეთილი სწრაფვით, მარტოოდენ სიყვარულის გამოვლენით. სიყვარული ადამიანში სიკეთეს ეძიებს და არა ბოროტებას, ხოლო იქ, სადაც ვერ პოულობს სიკეთეს, დასტირის ბოროტებას და ცდილობს მის გამოსწორებას, ნაცვლად იმისა, რომ განიკითხოს. ნამეტნავი ჩვენი საუკეთესო გრძნობებისა ცოცხალ ჭავლად გარდამოვალს ჩვენს მოყვასზე. გვიყვარან რა ისინი, საკუთარ თავს მათ ადგილას ვაყენებთ და ისე ვექცევით, როგორადაც ვისურვებდით, ჩვენ მოგვქცეოდნენ. ჩვენ გვტკივა მათი წუხილი და ნაკლულოვანებანი, ვითარცა საკუთარი.
მაშ, „შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (3კოლ. 12,14).
ვერავითარი მიწიერი სიკეთე ვერ შეედრება იმ სულიერ განწყობილებას, რომელსაც მოციქული პავლე ამ სიტყვებში გადმოგვცემს. რაოდენ ხშირად განგვიცდია საკუთარ თავზე სიყვარულისა და სულგრძელების ძალმოსილება! ჩვენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში რაოდენ ხშირად გამთბარა კეთილი, თბილი სიტყვებით, კვლავ დაგვინახავს სინათლე, გამქრალი ჩვენთვის!
სიყვარული, სახელდებული „სრულქმნილების ერთობლიობად“, - ესაა ცოცხალი წყაროსთვალი, მხიარულად მორაკრაკე წყარო. იგი თავისი სისავსიდან იღვრება სხვებზე და სიყვარულის დაუშრეტელ ნაკადულად იქცევა. არასოდეს არ კვდება რა, მარადისობაში მიედინება, გამოაქვს რა გზადაგზა სულ ახალი და ახალი ნაყოფი.
ერთ ცნობილ ბერ-მისიონერთან ერთხელ მრავალი ადამიანი შეიყარა, რომელთაც თავი ღარიბ-ღატაკთა სამსახურისათვის მიეძღვნათ და სურდათ დარიგება მოესმინათ. იგი გასაოცარი ძალით დიდხანს ლაპარაკობდა და ბოლოს თქვა: „გსურთ სულითა და ხორცით დაღუპვის გზაზე შემდგარ ადამიანთა შორის თქვენი მოღვაწეობის წარმატებისათვის აუცილებელი სამი პირობის შესახებ შეიტყოთ? პირველი პირობაა - იყვნეთ კეთილნი, მეორე - იყვნეთ კეთილნი, მესამე - იყვნეთ კეთილნი. აი, დასკვნა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან“.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.