„ხოლო ჩვენ ვესავთ...“
(ლუკა 24, 21)
იმედი გვიცრუვდება, როცა ყველაფერი იმსხვრევა, რაზედაც იმედს ვამყარებდით: შინაგანად ვშფოთავთ - რად მოხდა ასე? და წინ სიბნელე და უსიხარულობაა! ასეთ წუთებში გაგონდება სიტყვები: „რად ხართ თქვენ მწუხარე?...“ (ლუკა 24, 17) და ყოველივე ის, რაც ამას მოჰყვა.
სევდამორეული, იმედგაცრუებული ადამიანები მიუყვებიან გზას: მათ ყოველივე დაჰკარგეს, და იმდენად უჭირთ, რომ „იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა“ - მაგრამ ვერ იცნეს! ჩვენთანაც მოდის, გვიახლოვდება და თანა-ვალს, როდესაც მოვიწყენთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მწუხარებას მივჩერებივართ და ვერ ვცნობთ! დიდხანს ვერ ვცნობთ მას, ვინც ჩვენს გვერდით ვალს!
რად მწუხარე ხართ? განა მან არ იცის? მაშ, რისთვის გვეკითხება? რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ სურს, რომ მათ თავად გამოთქვან სათქმელი, რამეთუ მათ სწორედ ეს სჭირდებათ.
ისინიც, იმედგაცრუებულნი, გულს გადმოშლიან: „ხოლო ჩვენ ვესავთ...“ და ვერა და ვერ სცნობენ მას! იგი მათთან იმგვარად ლაპარაკობს, რომ საუბრისას გული განუხურდებათ, სინათლე ჩაუდგებათ, სითბო და მართალია წუხილი მთლად არ განქარვებიათ, რამეთუ მათ ვერ იცნეს იგი, მაგრამ მისი სიტყვები იმდენად ნუგეშინის-მომცემია, რომ არ სურთ განშორება და სთხოვენ: „დაადგერ ჩუენ თანა!“
და ისიც დარჩა. შემდეგ სიხარული მოვიდა და ახალი ცხოვრება - „სარწმუნოებაჲ არა-ხილულთა“ (ებრ. 11, 1).
იგი მიეფარა მათ თვალთაგან, მაგრამ ისინი მტკიცედ იარებოდნენ წინ, „რამეთუ უწყოდნენ, რომელი იგი ჰრწმენა“ (2 ტიმ. 1, 12), - და „მწუხარება მათი სიხარულად გარდაიქცა“ (იოანე 16, 20).
ასეა, სწორედ ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: საჭიროა, მას ყოველივე მიუთხროთ, თუმც კი ჯერ არ ვცნობთ მას, იმიტომ რომ იგი ჩვენს გვერდით ვალს და ებაასება ჩვენს სულს; დაე მან უპასუხოს მას. იგი სულს კვლავაც უპასუხებს და მიესადაგება რა სულის მდგომარეობას, თავისი საუბრით ისე დაატყვევებს, რომ მასში ახალი ცეცხლი აენთება, და ეტყვის: „დაადგერ ჩემ თანა!“ ისიც დარჩება და ისე გაუცხადებს თავის თავს, რომ სული იცნობს, შეიყვარებს, განიხარებს, მიენდობა და ამ მინდობით იპოვის სიმშვიდეს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.