„მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“
(იოანე 3, 30)
ადამიანური ბუნების ერთ-ერთი უძლიერესი გამოცდა – ესაა სხვისი ზნეობრივი სიმაღლის წინაშე საკუთარი არარაობის შეგრძნება. დიდი თავმდაბლობაა საჭირო, რომ ადგილი დაუთმო მომავალ მნათობს იმის შეგნებით, რომ ყოველივე უწინდელი, ყველაფერი ძველი, ახალი ძალებით, ახალი შეხედულებებით შეიცვლება.
მაცხოვრის მზარდმა ძალამ იოანე ნათლისმცემელში ოდნავადაც კი არ გამოიწვია შური ან წუხილი. ადამიანს ბუნებით ძლიერს, პრინციპულს, თვითმყოფადს, მას შეეძლო ქრისტესთან ასპარეზზე გასვლა, ქარაფშუტა ბრბოს აყოლიება და ახალი მოძღვრების დამაარსებლად, ახალი სკოლის დამფუძნებლად წარმოჩენა, მაგრამ ამგვარი აზრი შორს იყო იოანე ნათლისმცემელისგან. იშორებდა რა გარეშეთა ყურადღებას, ის, პირიქით, მუდამ ქრისტეზე მიუთითებდა კეთილმოკრძალებით. მიიჩნევდა რა საკუთარ თავს მხოლოდ მაცხოვრის წინამორბედად, კმაყოფილდებოდა მხოლოდ მისი გამოჩინება ემცნო სხვებისთვის და თვალს მიეფარა მისი გამოჩენისთანავე, როგორც განთიადის ვარსკვლავი მზის ამოსვლისას. მან შეიცნო მომავალი მაცხოვრის დიდებულება; იმწუთასვე ყოველივე პირადული გაქრა მასში და როგორც ელვანაკრავი ფესვძლიერი კედარი ქრისტეს ფერხთით დაემხო, იტყოდა რა: „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.
ვისწავლოთ ნათლისმცემლისგან სრული მორჩილება და საერთო საქმეში დავივიწყოთ საკუთარი თავი, ყოველთვის მზად ვიყოთ, სხვას დავუთმოთ ადგილი. პირველ ყოვლისა, ის მიზანი გვქონდეს მხედველობაში, რომლისკენაც მივისწრაფით, ისე რომ არ შევჩერდეთ წვრილმანებზე, ასე ხშირად რომ აფერხებენ საქმეს. როგორ ძალას, რაოდენ სარგებლობას მოიტანდა საერთო საქმე, ის პირადი ანგარიშები და წვრილმანი გრძნობები რომ არ ერთვოდეს, რომელთა გამოც სამარდება მთავარი საქმე!
ნათლისმცემლის მაგალითის მიმბაძველები, მუდამ მზად ვიყვნეთ ჩრდილში ყოფნისა, გვახარებდეს სხვისი წარმატებები, არ ვიზრუნოთ საკუთარ დიდებაზე. ნურასოდეს დავუშვებთ ჩვენს გულებში შურის ბოროტ სულს და შევთხოვოთ გარდამოგვივლინოს ჩვენ მადლი თვითუარყოფისა და საკუთარი თავის დავიწყებისა. ასევე გვახსოვდეს, რომ იოანეს უმთავრესი საზრუნავი ქრისტეზე მითითება იყო და უმთავრესი მოწმობა მასზე შემდეგი: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოანე 1, 29). იგი ქრისტეზე მიუთითებდა, ადამიანებს აგზავნიდა მასთან, ხარობდა მისით და საზეიმოდ ამცნობდა: „მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ხელთა მისთა“ (იოანე 3, 35).
და ჩვენი გულიც დე ამასვე იმეორებდეს. დე განვადიდოთ ქრისტე ბაგითა და ცხოვრებითა „რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ“ (კოლას. 1, 18) და რათა ჩვენ დავიმცრობოდეთ, ხოლო ის კი აღორძინდებოდეს.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.