სრულიქმნებოდე დაუღალავად

„რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად
მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა,
რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“
(2 ტიმ. 1, 6)

ნებისმიერი ჩვენთაგანი, რაც არ უნდა მცირედით იყოს დაჯილდოებული, მიუხედავად ამისა, ფლობს თუნდაც ერთ ნიჭს, რომელიც საკუთარ თავში უნდა განავითაროს. სახლის დიდებულმა გამგემ მსახურთაგან არავინ დატოვა უტალანტოდ, მაგრამ მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველას არ ეხერხება მისი ბრუნვაში მოქცევა. ხშირად არ ყოფნით თავდადება, რომ უფლისგან ბოძებული ნიჭი განავითარონ. სხვა შემთხვევაში მორიდებულობა ან გაუბედაობაა ამის მიზეზი, ზოგჯერ კი - სიზარმაცეც.

როგორც მინავლებულ ნაკვერჩხალს სჭირდება გამოჩხრეკა, რომ არ ჩაქრეს ცეცხლი, ასევე პავლე მოციქულსაც სურს ჩვენი გამოღვიძება, ბიძგის მოცემა, რათა ცოცხალი საქმისადმი სწრაფვა აღანთოს. „განაცხოველეთ ნიჭი ღმრთისა“, როგორიც არ უნდა იყოს ნიჭი იგი. ნუ დატოვებთ უმოქმედოს, არამედ დაუღალავად განავითარეთ, სრულქმენით იგი. ნიჭი სიტყვისა იქნება ის, თუ ნიჭი შემოქმედებისა, ნიჭი დამოძღვრისა, თუ ნიჭი სამწერლობო, როგორი ტალანტით დაჯილდოვებული ნიჭიც არ უნდა იყოს, დე გამუდმებით უფალს ემსახურებოდეს.

რა სამწუხარო სანახავია, ამდენი ცოცხალი ძალა ამაოდ იკარგებოდეს! რამდენი ადამიანია, რომელთაც განათლება მიუღიათ, თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობით ხელსაყრელი პირობები მისცემიათ, დროცა და საშუალებაც, მაგრამ უმოქმედოდ არიან, არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ მაშინ, როდესაც შეეძლოთ ემსახურათ ხელმძღვანელებად, განმანათლებლებად და თანამედროვე ახალგაზრდობის დასაყრდენად! ასეთი ადამიანები ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ, ჩინებულად მანათობელ ლამპარს ჰგვანან, რომელსაც არავინ ანთებს და ამიტომაც არ ამართლებენ მიზანს.

ჰოჲ, სულო ჩემო, „განაცხოველე ნიჭი ღმრთისა“, რათა შენც ამ უსარგებლო ლამპართ არ მიგაკუთვნონ და გახსოვდეს, რომ უმთავრესი ნიჭი ღვთისა - ესაა „ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ“ (რომ. 6, 25), რომელიც, სახლობს რა შენში, უნდა ეგზნებოდეს და ანათებდეს. აღიქვი, პირველ ყოვლისა, ნიჭი ესე და დე განანათოს მან ყველა დანარჩენი ნიჭი, წარმართოს და განაცხოველოს!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.