უფალს ჩვენი სრულყოფილება სურს

„რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“
(1 თეს. 4, 3)

ზოგიერთ მორწმუნე ადამიანს ვერ შეუცვნია, რომ ცოცხალი რწმენა ავალებს სრულყოფილებისაკენ ისწრაფოდნენ; იგი მათთან უქმობს და ისინი უკეთესები არ ხდებიან. მშვიდი, აუმღვრეველი ცხოვრებით, კმაყოფილდებიან ყველაფერი ძველებურად დარჩეს, სავსებით არ ფიქრობენ იმ უდიდესი გარდაქმნის აუცილებლობაზე, რომელიც ჩვენში ჩვენი მოქცევის შემდეგ უნდა მოხდეს. „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს“, - ამბობს იაკობ მოციქული (იაკობი 2, 20), და სიყვარულის საქმენი, საქმე თვითუარყოფისა, ჩვენი სულიერი ძალების განვითარება, ჩვენი ზნისა და ცოდვიანი მიდრეკილებების აღმოფხვრა, ჩვენი დიადი მოძღვრისა და უფლისადმი მიბაძვა ბუნებრივად გამომდინარეობს ჭეშმარიტი, ღრმა რწმენიდან. „ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ (1 თეს. 4, 3).

უფალს ჩვენი სრულყოფილება სურს, და მასში ჩვენ არამარტო ცთუნებათაგან თავდაღწევას ვიპოვით, არამედ სულიერი ძალების ამოუწურავ წყაროს. უფალი იმისთვის გვპატიობს ცოდვებს, რომ ჩვენ მათზე უარი ვთქვათ. იგი ჩვენს წინაშე ხსნის კარს, მაგრამ ამ კარში არ შეგვიშვებს განუახლებელს, ჩვენი ძველი ცოდვებით, ცუდი მიდრეკილებებით, მანკიერი აზრებით. კეთრით დაავადებულნი არა მარტო შენდობას საჭიროებენ, არამედ განკურნებასაც. ასეა ჩვენთანაც. შენდობა უეჭველად გვჭირდება, მაგრამ ამასთან ზნეობრივი სნეულებისთვის სამკურნალო საშუალებებსაც ვსაჭიროებთ.

თანამოძმისადმი წერილში ერთი სასულიერო პირი ამბობს: „ნურასოდეს შეწყვეტ შეგონებას შენი სამწყსოსადმი, რომ სიწმინდეა უმაღლესი ბედნიერება და რომ მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლის საბოლოო მიზანი ადამიანთა სიწმინდეში მოყვანა და ქრისტესადმი მიბაძვაა“.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.