შეინარჩუნო სული სიმშვიდისა

„სიმრავლისა მის მორწმუნეთასა იყო გული და გონება ერთ“
(საქმე 4,32)

ხამს, ხშირად მივმართავდეთ გონებით ქრისტიანობის პირველ დროებას, როდესაც მაცხოვრის თანამედროვეთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მთელი მისი ცხოვრება. საუბედუროდ, ეს ხსოვნა ერთობ მალე აღიხოცა მეხსიერებიდან, აორთქლდა სული ერთობისა და სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს მიმდევართა შორის სუფევდა! ბევრი გვიკლია ახლა იქამდის, რომ გვქონდეს „გული და გონება ერთ“. სწორედ სარწმუნოების საკითხები წარმოშობს ყველაზე უფრო ხშირად განხეთქილებებს, რომლებიც პირიქით უნდა ადუღაბებდნენ ერთ საერთო, ყოვლისმომცველ, ყოვლის დამფარველ რწმენაში. მაშინაც კი, როდესაც რელიგიის სფეროდან ბევრი რამ სხვადასხვაგვარად გვესმის და ვგრძნობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველასთვის ერთია და რომ საერთო რწმენას, გამაერთიანებელს ადამიანებისა, ერთსულოვნებაში უნდა მოვყავდეთ და არა განხეთქილებაში.

ტოვებდა რა დედამიწას, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს დაუტოვა წმინდა მცნება: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“ (იოანე 14, 27), და საშინელია იმის გაფიქრებაც კი, თუ ქრისტიანთა რაოდენ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა იგი! მაშინაც კი, როდესაც არ ვეთანხმებით რაიმე შეხედულებას, შევეცადოთ ყოველთვის შევინარჩუნოთ სული სიმშვიდისა, რომლითაც მხოლოდ ერთით შეიძლება გავიმარჯვოთ.

ძალითა სულისა წმიდისათა „სულნი თქუენნი განიწმიდენით... ძმათ მოყვარებისათჳს... ურთიერთარს იყუარებოდეთ განმარტებულად“ (1 პეტრე 1, 22). გულში ქრისტეს ჭეშმარიტების დავანების ნაყოფია სიყვარული. ქრისტესა და მის მოძღვრებაში სიყვარულმა კი არ უნდა დაგვაშორიშოროს, არამედ შეგვარიგოს, დაავანოს ჩვენში არაპირმოთნეობითი, ძმური ურთიერთსიყვარული. რამეთუ იგი არს ჭეშმარიტება ცოცხალი და საუკუნო, რომელიც ადამიანის მკვდარ სულს აღადგენს, რომელიც ყოველ ჟამს უცვალებელია, რომელიც მარადიულად მიანიჭენს სიცოცხლეს ყოველივეს, რასაც კი შეეხება: „აწ უკუე მშჳდობასა შეუდეგთ და აღშენებასა ურთიერთარს“ (რომ. 14, 19).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.