„მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშინისმცემელი!“
(ესაია 51, 12)
უდიდესი მწუხარების წუთებში, წუთებში უნუგეშო ვაებისა, მხოლოდ უფალში შეიძლება ვეძიოთ და ვიპოვოთ ნუგეში. ყველა ჩვენთაგანმა, ვინ ც მძიმე განსაცდელები გადაიტანა, გამოცდილებით იცის, რამდენად უძლურია იმ წუთებში ადამიანური სიტყვა. მაგრამ ბევრს, თუ ყველას არა, განუცდია საკუთარ თავზე ყოვლადძლიერი ნუგეშინისცემა, მონიჭებული ზეგარდამო, ჭავლი მადლისა, მომრწყველი თვით ჩვენთვის აუხსნელად და გაუგებრად მტკივნეული გულისა. მოვიგონოთ მაცხოვრის ცხოვრებიდან ის შემთხვევები, როდესაც ის მწუხარეთა ნუგეშინისმცემლად ევლინებოდა.
იგი ნუგეშინისცემდა, ვითარცა ღმერთი ყოვლადძლიერი და ვითარცა კაცი, ვისთვისაც გასაგებია ყოველი ყოფითი წუხილი. როგორც ღმერთი, იგი მტირალთ უბრუნებდა იმათ, რომელნიც სიკვდილმა წაართვა: ნაინელ ქვრივს დაუბრუნა ვაჟი, იაიროსს - ქალიშვილი; მართასა და მარიამს - საყვარელი ძმა!
მაგრამ ამ ნუგეშინისცემებთან ერთად - ყოვლადძლიერი, ზებუნებრივი, ღია ჭრილობათა განმკურნებელი, ცრემლთა აღმხოცელი - ანუგეშებდა ადამიანურადაც, მიგვითითებდა რა ამით, თუ როგორ შევეწიოთ და შევუმსუბუქოთ ძმათა ჩვენთა ტანჯვა. ნუგეშინისცემა, რომელიც ყველას შეუძლია, არის გულწრფელი, ღრმა თანაგრძნობა, რომელიც ტანჯულ ძმათა მწუხარებით ტკივნეულობს. „აცრემლდა იესუ“ (იოანე 11, 35) - ამ ორად-ორ სიტყვაში გადმოცემულია თანაგრძნობის მთელი ძალა, მთელი სითბო, რომელსაც მაცხოვრის სიყვარულით აღვსილი ადამიანური გული მოუცავს. ამ ორ სიტყვაში ჩვენთვის იშლება გზა სხვისი მწუხარების შემსუბუქებისა და განქარვებისა, რომლის აცილებაც თავად ჩვენ არ ძალგვიძს. ამჟამად, ვდგავართ რა საყვარელი არსების ცხედართან, არ შეგვიძლია სასწაულის იმედი გვქონდეს, რომელიც მაცხოვარმა თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს აღასრულა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვწუხდეთ უნუგეშოდ, ვწუხდეთ, ვითარცა „იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ (1 თეს. 4, 13), „რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა“ (2 ტიმ. 1, 12).
შესაძლოა, დღეჲ ესე შორს არაა. იმქვეყნიურ ცხოვრებაში, იმ საკვირველ ქვეყანაში, სადაც უკვე არ იქნება არცა ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, უფალი საუკუნოდ დაგვიბრუნებს ყველას, ვისაც დავტირით და რომელთაც სამარადისო ცხოვრება დაუმკვიდრა. ხოლო ვიდრე ჩვენ აქ ვაებას ვეძლევით, იგი ჩვენთან ერთად ტირის, მოდის ჩვენთან, არ გვტოვებს ობლად და გვაგზავნის მანუგეშებლად მათთან, რომელთაც ვერ გავუგებდით, თავად რომ არ დავტანჯულიყავით.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.