„მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“
(მათე 6, 18)
მათეს სახარების ერთ-ერთ პირველ თავში უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმართავს მმარხველებს და ღვთისთვის სათნო მარხვაზე ესაუბრება. „ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი“, - ნუ იმარხულებთ, როგორც თვალთმაქცნი, ნუ ილოცებთ, ვითარცა თვალთმაქცნი, ნუ მოიღებთ მოწყალებას თვალთმაქცებივით. ღვთის სახელით ქმნული ეს საქმენი ადამიანებმა მიწამდე დაამცირეს და მხოლოდ სხვების დასანახადღა იქმოდენ. უფალი ჩვენი სევდით უმზერს, რომ ყველაფერი, რაც ღვთისაგან უნდა გამოვიდეს და რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, შეისვარა ტალახით; იგი გამუდმებით ცდილობს ადამიანთა მზერა და გული ამ ცოდვილ ქვეყანას მოსწყვიტოს და ზეცისკენ მიჰმართოს.
მოწყალებანი - პირდაპირ ღვთისაკენ, ადამიანთა გვერდის ავლით; ლოცვანი - პირდაპირ ღვთისაკენ, ადამიანთა გვერდის ავლით; მარხვანი - პირდაპირ ღვთისაკენ, ადამიანთა გვერდის ავლით - მათი შეხედულებებითა და შექებით. „ვაჲ თქუენდა ფარისეველნო, ორგულნო“, - ეუბნება იგი მათ, მიწიერი დიდებისათვის ღვთიურის მიწაზე გარდმომყვანთა.
„დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოსა ღმრთისასა არა ეძიებთ“ (იოანე 6, 44). ყოველგვარი პატივისა და დიდების ღირსს ჩვენს მაცხოვარს უყვარდა თავისთვის გამეორება, რომ იგი არ ეძებდა არც თავის ნებას, არც დიდებას. ხოლო უღირს, საბრალობელ და შემწიკვლებულ ადამიანებს ერთი მხოლოდ ამ ადამიანური დიდების ძიებაში ხედავს! ამგვარ მაძიებლობას კი თვალთმაქცობასთან, ფარისევლობასთან მიჰყავს. უფალს სურს, მოსწყვიტოს მიწას მიჯაჭვული სულები და წარგზავნოს ისინი, ვითარცა მიზანში ნასროლნი ისარნი (ესაია 49, 2) მისკენ, ვინც ხედავს დაფარულს და არ შეიწყნარებს თვალთმაქცობას. მართალი უფალი ხმობს ადამიანებისადმი, რომელნიც სხვის დასანახად ლოცულობენ და მარხულობენ, ეუბნება მათ: „არა ეჩუენო კაცთა... არამედ მამასა შენსა დაფარულად“ - დაფარულის მხედველ თავისი და ჩვენი მამისაკენ სურს უფალს ყოველთა მზერის მიზიდვა, მიპყრობა, მიჯაჭვა, ის გამოუთქმელი თანაზიარება მამასთან, რომელიც „დაფარულად“ შეიცნობა, არათვალთმაქცი სულის ყველაზე უფრო უშინაგანეს სიღრმეში.
მამაჲ შენი დაფარულშია, იგი გამოგეხმაურება და გამოგიცხადებს თავს დაფარულად. და იგი მხედველი დაფარულისა, ხედავს არა მარტო შენს უძლურ ლოცვას, შენი სულის შინაგან მარხვას, არამედ აგრეთვე მის ცოდვიან საიდუმლოებებს. შეაღწევს რა შენი სულის ყოველგვარ უწმინდურ სიღრმეებში, შენგან პირს არ იქცევს. ადამიანი მიაქცევდა სახეს, ხოლო ღმერთი კი - არა: პირიქით, დღე და ღამ განართხავს იგი ხელებს თავისი ურჩი ხალხისაკენ (ესაია 65, 2) იმისთვის, რომ მათ ურჩ გულებს მოუხმოს და მაძიებელ გულებს თავისთან იმ თანაზიარობით მიაგოს, რაც მათ ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და ჰქმნის „სამკჳდრებელად ღმრთისა“ (ეფეს. 2, 22).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.