უარი თქვა სიცრუეზე

„ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა“
(ეფეს. 4,25)

ამ სიტყვებით მიმართავს მოციქული პავლე ადამიანებს, რომელთაც შეიცნეს ქრისტიანობის ჭეშმარიტება, და არწმუნებს მათ უარი თქვან სიცრუეზე, რომელიც ესოდენ გავრცელებულა ყველა დროებაში. მაშასადამე, როგორც ჩანს, თვით მოქცევის შემდეგაც სული ადამიანისა ერთბაშად და უშრომელად როდი განიშორებს ამ სიცრუეს, რომელშიც გახვეულა როგორც ჩვეულ სამოსელში. ჩვენ განუწყვეტლივ მივმართავთ ერთმანეთს არაფრისმთქმელი სიტყვებით, ძალაუნებურად გვიტაცებს გარეგნობა, ვატყუებთ ერთმანეთს, ვაზვიადებთ რა უბრალო საუბრებს და თავაზიანობის მომიზეზებით ბევრს ზედმეტს ვლაპარაკობთ. და არამარტო ჩვენს საუბრებში, არამედ ჩვენს შეხედულებებშიც, თვით გრძნობებსა და აზრებშიც კი, ვაგლახ, რომ იშვიათად გვხვდება უეჭველი სიმართლე. ჩვენს ყველა მსჯელობას ერთვის რაღაც არაბუნებრივი, რასაც ჩვენ ერულ ელფერს ვანიჭებთ; ჩვენ ყველაფერს ყოფა-ცხოვრებაში დამკვიდრებული თვალთახედვით ვუყურებთ, ძალზედ იშვიათად ვუსმენთ ჩვენი გულის ძახილს. რა იშვიათად ვფიქრობთ და შევიგრძნობთ მართებულად! მიუხედავად ჩვენი სინდისის მხილებისა, მიუხედავად ღვთის სიტყვისა, რამდენჯერ ვკმაყოფილდებით ჩვენს საქციელში მხოლოდ მიახლოებითი პატიოსნებით; ჩვენი სიტყვებით რაოდენ ხშირად ვამახინჯებთ და ვნიღბავთ ჭეშმარიტებას!

თუმცაღა იმისთვის, რომ ღვთის შვილთა სახელი დავიმსახუროთ, აუცილებელია ყოველთვის და ყველაფერში მკაცრად მივდიოთ უმაღლეს კანონს (სჯულს), რომელიც არ გვაძლევს გაორების საშუალებას. სიმართლე უნდა ედოს საფუძვლად ყველა ჩვენს აზრს, გვხელმძღვანელობდეს ცხოვრების გზის ყოველ მონაკვეთზე.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.