უქმიმეტყველება

„ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი,
მისცენ სიტყუაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა“
(მათე 12, 36)

შვეიცარიის თოვლიან მთებში, ზოგიერთ ადგილას, გამცილებლები მოგზაურებს აფრთხილებენ, რათა მათ არ წარმოთქვან არცერთი სიტყვა, რამეთუ ჰაერის უმნიშვნელო რხევისასაც კი შეიძლება ზვავი მოწყდეს და ყველაფერი უფსკრულში გადაიყოლოს. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ სიტყვას შესაძლოა ასეთი საზარელი შედეგები მოჰყოლოდა? თუმცა ჩვენგან ნათქვამის ზნეობრივი ზემოქმედება შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია. დაუფიქრებელი ლაპარაკი, რომელსაც ჩვენ ასე ხშირად და ადვილად ვატანთ ქარს, საუკუნეების განმავლობაში მართავენ მოვლენებს და განკითხვის დიდი დღე გამოააშკარავებს ჩვენთა სიტყვათა საშინელ შედეგებს.

მას ჟამსა შინა პასუხს მივცემთ „ყოველსა ზედა სიტყუასა უქმსა“. საშინელი არაა განა, როცა ვფიქრობთ ჩვენგან წარმოთქმულ სიტყვათა სიმრავლეზე, რომელნიც მაშინ ულმობელი სიცხადით წარმოსდგებიან ჩვენს წინაშე? „სიტყუანი უქმნი“ – ისინი არიან, რომელნიც უქმი ცხოვრებისაგან მომდინარეობენ, სიტყუანი უსარგებლონი, ქარაფშუტულნი, ხშირად მავნენი. ასეთი ცარიელი სიტყვები, ბაგიდან ბაგეზე რომ გადადიან, უქმად ყოფნისას, ადამიანის ზნეობრივ იერს ჩრდილს აყენებენ, ჭრილობებით სერავენ, სხვის წარუმატებლობაზე ბოროტის მოსურნეობას გამოხატავენ და ცარიელიდან სასტიკნი ხდებიან.

„სიტყვათა უქმთა“ განეკუთვნებიან ის საუბრებიც, რომელნიც ოჯახური ცხოვრების იდუმალ სფეროში იჭრებიან, რომელთაც ამაო ხუმრობის ან უადგილო მინიშნებით ძალუძთ ოჯახური ბედნიერების საფუძვლები შეარყიონ. საჭიროა საკმაოდ ფრთხილნი ვიყვნეთ სიტყვათა შერჩევაში. დე ჩვენგან თქმული სიტყვები იყვნენ მართალნი, გულწრფელნი, დე კეთილმოსურნე და სიყვარულით აღსავსენი იყვნენ.

„სიტყუანი თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ“ (კოლას. 4, 6). აზრი ღვთიურ სამსჯავროზე ლაგამი უნდა იყოს ჩვენი ენისთვის. მეტი სიბრძნით ვილაპარაკებდით, ყოველთვის რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიტყვები ზეცაში ისმის და მათით ვიპოვოთ ჩვენ გამართლებას ან სასჯელს დღესა მას უკანასკნელსა. რაოდენ წმინდა იქნებოდა ჩვენთვის თითოეული სიტყვა, რამდენად სუფთა, რამდენად მართალი, თუკი გვემახსოვრებოდა, რომ იესუ ქრისტეს ერთ-ერთი სახელი იყო - „სიტყვაჲ“ (იოანე 1, 1).

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.