„სურდა ეხილა იესუ, ვინ არისო“
(ლუკა 19, 3)
ამ სურვილზე - ვიხილოთ იესუ და შევიტყოთ, თუ ვინ არის იგი - შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლა დავაფუძნოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაისიგრძეგანოს ეს კითხვა: ჩემი ცხოვრების ყველა შემთხვევაში ვინ არის ჩემთვის უფალი იესუ ქრისტე? რა ადგილი ეკუთვნის ჩემს გულში მაცხოვარს? მტკიცედ ვიცი კია, „ვინ ვირწმუნე“ (2 ტიმ. 1, 12), - ანდა ეგებ მის უსაზღვრო სიყვარულზე ხარებას ჩემს სულში ღრმად არ შეუღწევია და მხოლოდ მის ზედაპირს შეეხო? გამოსყიდული „უბიწო და უმანკო ტარიგის, ქრისტეს უძვირფასესი სისხლით“ (1 პეტრე 1, 19) საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.
რა ადგილი უკავია ქრისტეს შენს ოჯახში? გრძნობს შენი ოჯახის ყველა წევრი, ყველა ვისაც შენთან თანაზიარება აქვს, რომ უმაღლესი ძალაუფლება მას ეკუთვნის, ჩვენს მაცხოვარს, რომ ყველაფერი შენს სახლში მისი სულითაა განმსჭვალული, ყველაფერი მის კანონს ემორჩილება? იგრძენი მისი ძალმოსილება - განგბანოს და განგწმიდოს ცოდვისაგან, რომელიც დაგუფლებია? თვალშისაცემია შენს ირგვლივ მყოფთათვის, რომ შენ მუდამ მის შეწევნას მოუხდები? შენს სიმშვიდეში, მოყვასისადმი შენს გულწრფელ თანაგრძნობაში, შენს თავდავიწყებაში შესამჩნევია ღვთის უკიდეგანო სიყვარულის ანარეკლი? იგრძნობა შენში სული ქრისტესი? ხარ მზად შეეწიო ნებისმიერს, გაამხნევო ნებისმიერი, მოეფერო, მიუხედავად შენი მათდამი პირადი დამოკიდებულებისა? როდესაც დახმარებას გთხოვენ, გაგონდება როგორ უპასუხა პეტრემ მასთან დახმარების სათხოვნელად მოსულებს: „მითხრა სულმა, უყოყმანოდ გავყოლოდი მათ“ (საქმე 11, 12). ხარ შენც მზად გაჰყვე ყველას, ვისაც ღმერთი გამოგიგზავნის, ისე რომ დაემორჩილო არა შენს მისწრაფებებს, არამედ მის ნებას?
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.