წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა, თქმული გელათის ყოვლად-წმიდის მარიამის შობის დღეს

ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან
იჯმენ, ხოლო იწვართე თავი შენი ღვთის მსახურებასა (ა, ტიმ. დ,ზ).

ძმანო მართლ-მადიდებელნო!

წმიდა მოციქული პავლე ეპისტოლესა შინა თვისსა ტიმოთესა მიმართ სწერს, რომელ ქრისტრიანეთა შორის გამოჩნდებიან სულნი მაცდურნი, შემწვარნი თვისითა გონებითა, რომელნი სიტყვითა ტყუვილისათა აცდუნებენ მრავალთა პირთა, ასწავლიან სიცრუესა და მოძღვრებასა წინააღმდეგსა, და აფრთხილებს, რათა ტიმოთე განეშოროს ესრეთთა კაცთა, და ასწავებდეს თვისსა სამწყსოსა სიტყვითა სარწმუნოებისათა, და კეთილითა მოძღვრებითა, რომელსაცა შეუდგა: ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. დასძინებს იგი, ხოლო იწვართე თავი შენი ღვთის მსახურებასა შინა, ესე იგი განეშორე უგუნურთა ზღაპართა, ანუ ცრუ სწავლათა და ჰაზრთა დედაბერებრთასა და იწვართე ღვთის-მსახურებასა შინა.

სამწუხაროდ ჩვენდა, ყოველთვის იყვნენ და ახლაც მრავალნი არიან ცრუნი მასწავლებელნი, მეტადრე დაბალთა ერთა შორის, რომელნი აცდუნებენ მრავალთა, განავრცელებენ დედაბერულთა ზღაპართა და მისცემენ მრავალსა ვნებასა სოფლის მცხოვრებთა; ამისათვის ფრიად საჭირო არის, რომ ჩვენ, სულიერნი მოძღვარნი, თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ხშირად გაფრთხილებდეთ, რათა განეშოროთ ყოველთა დედაბერულთა ზღაპართა.

მრავალთა დედაბერულთა ზღაპართაგან, რომელნი არიან განვრცელებულნი სოფლის მცხოვრებთა შორის, მაგალითად მოგიყვან ზოგიერთთა: თუ ვისმე სოფელში რაიმე მწუხარება დაემართა, ავად გაუხდა სახლში ვინმე, ანუ საქონელი დაეხოცა, მაშინ ერთი რომელიმე დედაბერი, ზღაპრის შემთხზველი მკითხავი, ეტყვის მას: ეს მისთვის დაგემართა, რომ გარეშე კაცი გაწყრებაო, ესე იგი, უწინდელი ვინმე მიცვალებული; ანუ დაარწმუნებს, რომ მის სახლში ვინმე კუდიანი კაცი არის, ანუ სხვა ამის მზგავსსა ზღაპარსა ეტყვის. ვიცით საღმრთო წერილიდან, რომ სული მიცვალებულთა არ იმყოფება ამ ქვეყანაში, არამედ შორს, ერთი ღვთისაგან განჩინებულს ადგილს; მაგრამ სოფლის უსწავლელმან კაცმან ეს არ იცის და დაიჯერებს ზღაპარსა დედაბერისასა. მრავალ-გზის მოხდება, რომ დედ-მამა შვილს, ცოლი ქმარს, ძმა ძმას, მეზობელი მეზობელს გადაეკიდება მტრად ესრედთა დედაბერულთა ზღაპართაგან. გასაოცარი არის და საზარელი ის გავლენა და დაჯერება, რომელი აქვსთ სოფლებში დედაბერულთა ზღაპართა მკითხავთასა. არაოდეს არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა ერთს სოფელში ორი ანუ სამი კაცი გახურებული რკინით დადაღული მკითხავთაგან მისთვის, რომ ვითომც იგინი იყვნენ კუდიანები. ესრედი საშინელი გასაცვიფრებელი კერპობა, უმეცრება დედაბრული ზღაპარი არის ჩვენს ქვეყანაში დამყარებული მკითხავთაგან.

ახლა ერთს რასმე გეტყვი კიდევ, ძმაო მართლ-მადიდებელო, და კარგად, დამიგდე ყური. შენ, ძმაო, ხარ ერთი სოფლის ღარიბი კაცი. დიდი ბედნიერება არ იქნება შენთვის, რომ ერთმა ვინმე გამოცდილმა კაცმა ისრედი ხერხი გასწავლოს, რომ ყოველს წელს ცოტაოდენი მოგემატოს შემოსავალი? მე გიჩვენებ და გასწავლი ისრედსა ხერხს! თქვენ ყოველთა იცით და მტკიცედ ასრულებთ ერთს ჩვეულებას, რომლისაგან სარგებლობა სულ არ არის და ზარალი კი დიდი. ეს ჩვეულება არის აღაპი მიცვალებულზედ. ძველს დროებაში აღაპს სხვა დანიშნულება ჰქონდა; მაშინ მიცვალებულის სულის საოხად მოიყვანებდენ ღარიბებს, გლახაკებს, დავრდომილებს, აჭმევდნენ მათ და სამოწყალოს მისცემდენ. ხარჯი იმოდენი არა მოუვიდოდათ რა და სამადლობელი საქმე დიდი იყო. ახლა კი ღარიბს და გლახაკს არავინ დაჰპატიჟებს არამედ მდიდარს მეზობელს, მოყვრებს და ნათესავებს; ხარჯი დიდი მოუვათ; უკანასკნელმა კაცმა უნდა დაჰკლას ძროხა, ანუ ხარი და სხვაც მრავალი; თუ არა ჰყავს, ვალი უნდა აიღოს და იყიდოს. რა სარგებლობა აქვს მიცვალებულს ამ აღაპისაგან? არაფერი! ერთი მხოლოდ უგუნური ხარჯი მოუვა ჭირისუფალს. გარდა ამისა რაოდენი უჭკუო და უზომო ხარჯი იცით სოფლის მცხოვრებთა ტაძრის დღეობაზედ, ქორწილზედ, ნათლობაზედ! მიკვირს მე მდაბიური კაცის ჩვეულებათა უგუნურება. ყური რომ დაუგდოს კაცმა, ყოველთვის ტირის თავის სიღარიბეს, ყოველთვის ემძიმება გადასახადის მიცემა; რომ შეხედო მის პატარა შვილებს, ტიტვლები დადიან, თითონაც ხშირად ქალამანი არ აცვია, ზამთარში ტფილი ახალუხი ვერ შეუკერავს, და ტაძრის დღეობაზედ, ქორწილზე, ანუ აღაპზედ ხარჯს უზომოდ გასწევს, ისე რომ იმ ერთს დღეს მრთელის წლის სარჩოს დაჰხარჯავს. მოიშალე, ძმაო, ეს ჩვეულება: აღაპს ნუ იხდი, ტაძრის დღეობას ხარჯი შემოაკლე და ყოველს წელიწადს გადარჩება საკმაოდ შემოსავლისაგან. მკითხავები ხშირად შეგაგონებენ, რომ აღაპი გაუკეთე მიცვალებულსაო; იგინი შეგიყვანებენ ამოდენს უსარგებლოს ხარჯში; მერმე რამდენი საჩუქარი თვით მკითხავებს უნდა მისცე, ვინ იცის! ერთი სიტყვით, მკითხავთაგან შენ მრავალი ზარალი მიგიღია. ნუ მიხვალ მკითხავთან, და ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა და აღარ იქმნები ისე ღარიბი და საწყალი, როგორც ახლა ხარ. ნაცვლად აღაპის ხარჯისა, თუ გსურს მიცვალებულის ცხონება, მცირედი მოწყალება გაეცი გლახაკთა მის სახელზე, ეს უმჯობესია მისთვის და შენთვისაც. შეგინებულთა და დედაბერულთა ზღაპართაგან კი იქმენ მოშორებულ. ამინ.