წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა იდ-ს სექტემბერს, ჯვარის ამაღლებასა ზედა

სიტყვა იგი ჯვარის წარწყმედულთა მათთვის
სიცოფე არს, ხოლო ჩვენ ცხოვნებულთა ამათთვის
ძალი ღვთისა არს (კორინთ. ა. ივ).

თუმცა ჩვენ მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი, ყოველთვის პატივსა და თაყვანს-ვცემთ ჯვარსა ქრისტესსა, ყოველთვის და ყოველს დღეს ჯვარითა ქრისტესითა ვაკურთხევთ ყოველსა ჩვენსა საქმესა და დაწყებასა. ჯვარსა ქრისტესსა გამოვსახავთ ყოველს წამს გულსა ზედა ჩვენსა, ჯვარითა შევამკობთ სახლსა, კარსა და ყოველსა ადგილსა, ესრეთ, რომელ ჯვარი ყოველთვის არის წინაშე თვალთა ჩვენთა, გარნა დღეს განსაკუთრებით თაყვანს-ვსცემთ მას და მისთვის ვდღესასწაულობთ.

შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვახსენებთ და ვდღესასწაულობთ დღეს, იყო ესრეთი: ძელი იგი ცხოველს-მყოფელი, რომელსა ზედა დამოკიდებულ-იქნა მაცხოვარი ჩვენი მთასა გოლგოთასა, დიდხანს იყო დაფარულ მიწასა შინა. გარნა ოდეს სჯული ქრისტესი განვრცელდა და განმტკიცდა, ოდეს ჯვარმან ქრისტესმან სძლია კერპთ-მსახურნი ესოდენ, რომელ თვით რომის მეფემან, დიდმან კონსტანტინემ და დედამან მისმან ელენემ, მეოთხესა საუკუნესა შინა, აღიარეს ქრისტე; მაშინ წმიდამან, ღვთის მოყვარემან და მოციქულთა სწორმან ელენემ დიდითა წადილითა ისურვა ნახვა და თაყვანის ცემა ცხოველს-მყოფელისა ძელისა, რომელსა ზედა ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერი.მრავალთა მეცადინეობათ, ძიებითა და გამოკვლევითა შეიტყო ადგილი, სადაც მიწაში დამალულ-იყო ჯვარი. აღმოჰთხარეს მიწა და იპოვეს სამნი ჯვარნი, თანასწორნი და მზგავსნი; გარნა, რომელი ამ სამთაგანი იყო ჯვარი ქრისტესი, ეს გამოაჩინა თვით ჯვარმან, ვინაითგან განკურნა სნეული და აღადგინა მკვდარი ერთითა მხოლოდ შეხებითა; მაშინ ხმა ამისი განეფინა ყოველსა ქვეყანასა ზედა; შეიკრიბა ურიცხვი ერი ყოველთა ადგილთაგან. მაშინდელმა პატრიარხმან იერუსალიმისამან აღიღო ჯვარი მხარსა ზედა თვისსა; მას წინა-უძღოდენ დიდი კონსტანტინე და ელენე, და, აურაცხელი სიმრავლე ერისა; აღვიდა რა მაღალსა ადგილსა ზედა, პატრიარხმან აღამაღლა ძელი იგი, ხოლო ყოველნი ერნი, მუნ მყოფნი, დაეცნენ მუხლთა ზედა თვისთა და თაყვანი-სცეს მას შიშითა და სიხარულითა. აჰა შემთხვევა, რომელსა ვდღესასწაულობთ ჩვენ; ხოლო რა ფასი და რა მნიშვნელობა აქვს ჯვარსა ქრისტესსა, ეს გვითხრა თვით წმიდამან პავლე მოციქულმან: სიტყვა იგი ჯვარისა წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს...

ძველ დროებაში, ვიდრე ქრისტეს სოფლად მოსვლამდე, ჯვარსა ხმარობდეს დასასჯელათ უკანასკნელთა ავაზაკთა და სჯულის დამარღვეველთა მონათა. მაშინ ჯვარზედ უსაშინელესი სასჯელი არ იყო ქვეყანასა ზედა. ერთი მხოლოდ შეხედვა ჯვარისა იყო საშინელ და საზარელ კაცისათვის; ერთი სიტყვით, ჯვარი იმ დროს მიაჩნდათ, ვითარცა ეთი საზარელი, შემაგინებელი და მოძულებული ნივთი. აჰა, რისთვის იტყვის მოციქული: სიტყვა იგი ჯვარიას წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს...

წარმოიდგინე, რას იფიქრებდენ წარმართნი და ურიანი, რომელთა ერთი მხოლოდ შეხედვა ჯვარისა მიაჩნდათ უბედურებად, ხოლო ჯვარსა ზედა დამოკიდებული კაცი კაცადაც არ მიაჩნდათ. რას იფიქრებდნენ იგინი და რას იტყოდენ, როდესაც მოციქულნი უქადაგებდნენ მათ, რომელ ჯვარზედ დამოკიდებული იესო ღმერთად უნდა აღიარონ, ხოლო ჯვარსა თაყვანისცენ, ვითარცა საღმრთოსა მახვილსა ჩვენისა ცხოვრებისასა? არ გამოჰჩნდებოდნენ მათ წინაშე მოციქულნი, ვითარცა ცოფნი და სიტყვა მათი ვითარცა სისულელე? ახლა წარმოიდგინე, თუ შეგიძლიან სიბრძნე, ძალი და მადლი ღვთისა; ეს სიცოფე, ეს სისულელე, ეს საზარელი და შემაგინებელი თვალთა წინაშე კაცთასა საგანი გარდააქცია ღმერთმან მახვილად ჩვენისა ცხოვნებისა; ვინც ამ ჯვარის მაგინებელთაგანი მიიღებდა ქრისტიანობასა, მაშინვე, ნაცვლად სიძულვილისა და შიშისა, იგრძნობდა გამოუთქმელსა სიყვარულსა და ნუგეშსა, მხედველი ჯვარისა ქრისტესისა. ესრეთ აღსრულდა სიტყვა იგი: წარვსწყმინდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხ-ვჰყო.სადა არს ბრძენი, სადა არს მეცნიერი, ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა?

ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე, ვითარცა ურიანი, ეგრეთვე წარმართნი ჰხედვიდენ და ჰგრძნობდნენ, თუ ვითარ გარხწნილ და დავარდნილ არს ბუნება კაცისა: ურიანიცა და წარმართნიცა ჰფიქრობდნენ, რომელ ღმერთმან საკუთარითა რომლითამე საშუალობითა უნდა აღადგინოს კაცობრივი დავარდნილი ბუნება: გარნა რას მოელოდენ იგინი და როგორ განიჰზრახვიდენ? ურიანი ჰფიქრობდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ მათითა საშვალობითა განაახლებს ქვეყანასა; იგინი მოელოდენ, რომელ ღმერთი მრავლითა მაგალითითა და სასწაულებითა დაუმორჩილებს მათ ყოველსა თესლსა, განავრცელებს მათსა სჯულსა და მით განანათლებს ქვეყანასა; ხოლო წარმართნი სხვაფრივ ფიქრობდენ: მათ შორის იყვნენ მრავალნი მეცნიერნი წეშმარიტების მეძიებელნი, ფილოსოფოსნი, ბრძენნი: იგინი ჰფიქრობდენ, რომელ მხოლოდ მათითა ფილოსოფოსობითა და სიბრძნითა განათლდება და განახლდება კაცობრივი ნათესავი. ახლა წარმოიდგინე კიდევ მათი და ურიათა განცვიფრება, როდესაც მათ ესმოდათ, რომელ ერთი მხოლოდ ჯვარი და მასზედა დამოკიდებული არსება არის კაცის განმაახლებელი და განმანათლებელი, - ის ჯვარი, რომელი იყო უწინ შემაგინელ და წარმწყმედელ კაცისა. აჰა, ვითარ განაცოფა ღმერთმან სიბრძნე კაცისა! კაცმან სიბრძნითა თვისითა ვერ იცნა ღმერთი და ძალი მისი, ამისთვის ჯერ იჩინა ღმერთმან ქადაგებითა სისულელისათა ცხოვრება მორწმუნეთა. საგანი იგი, რომელი საშინელად და საზარელად მიაჩნდა მათ, შეიქმნა ნუგეშად და სიქადულად კაცთა. საგანი იგი, რომელსა შიშისაგან ვერც შეჰხედვიდენ, გარდაიქცა აწ სამკაულად და დიდებად ყოვლისა სოფლისა; რომელი იგი მოკვლიდა და წარწყმედდა ცოდვილთა, აწ განსწმედს და აცხოვნებს ცოდვილთა. ურიანი სასწაულსა ითხოვენ, წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ, ხოლო მოციქულნი უქადაგებენ მათ ქრისტესა ჯვარ-ცმულსა, ურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე. გარნა იხილე ძალი და სიბრძნე ღვთისა: ურიანი მოიქცნენ, წარმართთა აღიარეს; ორნივე დაემორჩილნეს ქადაგებას; ორთავე უარ-ჰყვეს, - პირველთა თვისნი სასწაულნი, მეორეთა თვისი მეცნიერება; ქრისტე ჯვარცმული შეიქმნა მათთვის სასწაულიცა და სიბრძნეცა. იხილე, თუ ვითარ სულელი იგი ღვთისა უბრძნეს კაცთა არს და უძლური იგი ღვთისა უძლიერეს კაცთა არს. დაუმატე ამას კიდევ, რომელ მაჰმადიანი ცეცხლითა და მახვილითა ავრცელებენ თვისთა სჯულსა; მათ მოსწყვიდნეს ურიცხვი ერი, გარნა რაც ვერ ჰქმნეს ურიცხვთა ლაშქართა მათთა, იგი ადვილად აღასრულეს თორმეტთა სუსტთა და მდაბალთა მოციქულთა ქრისტესთა, აღჭურვილითა ჯვარითა უფლისათა; ამათ დაიპყრეს სიტყვითა და ქადაგებითა თვისითა მთელი ქვეყანა; ხოლო სჯული მაჰმადიანთა დასუსტდა და დავარდა: აჰა, ვითარ უძლური იგი ღვთისა უძლიერეს კაცთა არს! აჰა, რა ძალი და მნიშვნელობა აქვს ჯვარსა ქრისტესსა ჩვენ, ქრისტიანეთათვის!

გარნა, ძმაო ჩემო, ოდეს შეხედავ სახესა ჯვარისასა, ოდეს თაყვანს-სცემ და ემთხვევი ჯვარსა ხისასა, ანუ ვერცხლისასა და ოქროისა, იცოდე, რომ ის მხოლოდ სახე და ნიშანი არის; ნუ გააჩერებ დიდ ხანს გონებასა შენსა სახესა ზედა და ნიშანსა ჯვარისასა, არამედ ეცადე და წარმოიდგინე, რასაც იგი ნიშნავს. ჯვარის სახემ მოგაგონოს და წარმოგიდგინოს შენ იგი, რომელი იყო დამოკიდებული თვით ჯვარზედ მთასა ზედა გოლგოთასა. თვით პავლე მოციქული, ოდეს აღწერს ესოდენსა ძალსა და ჯვარის მადლსა, იტყვის: არა ჯვარის სახისათვის, არამედ ჯვარცმისათვის. შენცა, ოდეს ემთხვევი ჯვარსა ანუ გამოიხატავ პირსა ზედა შენსა სახესა ჯვარისასა, ანუ ხედავ ჯვარსა, მაშინვე წარმოიდგინე გოლგოთას მთა და მას ზედა აღმართული მაღალი იგი ჯვარი და ჯვარსა ზედა დამოკიდებული იესო მაცხოვარი. მაშინვე განიზრახე, რომ ეს იქმნა შენთვის, შენის განათლებისა, გამოხსნისა და ცხოვრებისათვის; მაშასადამე ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი; გეშინოდეს, რომელ ცუდითა შენითა ცხოვრებითა არა გააუქმო ჯვარცმა ქრისტესი, უკეთუ არ მოინანებ ცოდვათა შენთა, არ ეცდები, რომ სიწმიდით იცხოვრო, მაშასადამე გაუქმდება შენთვის ესოდენი მადლი. ძალად ღმერთი არავის არ აცხოვნებს, არამედ თვით კაცმა უნდა იწყოს ძიება ცხოვნებისა და სიწმიდისა და მაშინ ღმერთიც მისცემს მას შემწეობასა ჯვარითა თვისითა. - ამინ.