წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე სიტყვა ღვთის-მშობლის მიძინებასა ზედა

დღეს ჩვენ, ძმანო და დანო, ქრისტიანენო, ვასრულებთ ხსენებას ღვთის-მშობლის მიძინებისასა, ანუ მიცვალებისას. გარნა ჩვენ არა ვართ მწუხარენი, არამედ გვიხარის, არა ვსტირით, არამედ ვდღესასწაულობთ. რისთვის არის ესრედ? მისთვის, რომ მიცვალება ყოვლად-წმიდის ღვთის-მშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშნებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლად-წმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის.

თქვენ ყოველთა იცით, რა ძალა და გავლენა აქვს დედის ვედრებასა და ლოცვასა ძისა მიმართ მისისა! გარნა მარტო სიხარული და დღესასწაულობა არ ვარგა და არც გვარგებს. უმჯობესი იქნება ვისწავლოთ რამე დღევანდელი დღესასწაულისაგან; რომელიმე სულიერი აღშენება და ნუგეში მივიღოთ, კეთილს რამეს მივაჩვიოთ გული და სული. თუ ვისურვებთ, თუ მოვსძებნით, დიდთა და აურაცხელთა სწავლათა და მაგალითთა მივიღებთ ღვთის-მშობლის ცხოვრებისაგან. დღეს მოვიყვანოთ მხოლოდ ორიოდე გარემოება მისის ცხოვრებისაგან.

რა ხასიათი ჰქონდა და მიმართულება ყოვლად-წმიდას ღვთის-მშობელსა? რასა შინა მდგომარეობდა თვისება და სამკაული სულისა მისისა? უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხოვობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედმამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან გადიოდა, და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი; კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქადაგა და გავრცელდა ქვეყანაზედ, და ყოველნი ქრისტიანენი ვითარცა ერთს გამოუთქმელსა ბედნიერებასა, იძიებდენ ღვთის-მშობლის ნახვასა და თაყვანის-ცემასა, - ერთი სიტყვით მთელი თვისი სიცოცხლის განმავლობაში, იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ქცევაში. ქალის საქმე კი სხვა არის. ვგონებ, იგი უნდა იყოს შემკული სიმდაბლითა, მორიდებითა, კრძალვითა. მისი უდიდესი და უძვირფასესი თვისება ის არის, თუ იგი იცავს და სხვასაც ასწავლის საზოგადოებასა შინა წმინდა ზნეობას, მშვიდს, წყნარს და მშვენიერს ერთმანეთთან მოქცევასა. ქალებმა რომ ესევითარი თვისებანი დაივიწყონ, და ნაცვლად მისა დაიწყონ ბაძვა მამაკაცთა სენებთა და მოურიდებელ ყოფაქცევათა, მაშინ დაეცემა ზნეობა საზოგადოებისა. ორიოდე კერძო მაგალითი უცხადესად აღხსნის ამ აზრს: გინება, ლანძღვა, ანუ რამე სასირცხო ხუმრობა ხომ დასაძრახისია ძლიერ და ყოველგან, მაგრამ ვაჟკაცს უფრო არა დაჰზრახვენ ამაში, და ქალის პირისაგან კი უშვერი და საძრახისი არის. მამაკაცმა რომ მომეტებული ღვინო დალიოს, გამხიარულდეს ღვინით, ამასაც სასირცხოდ არავინ შეჰრაცხავს, და ქალმა რომ ჰქნას ესა, უშვერი იქმნება და შეუნდობელი. ქალისაგან ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმჯობესი იყოს მამაკაცზე, ქცევითა, ზნეობითა. ანუ კიდევ ერთი მაგალითი: მამაკაცმა რომ მარტო იაროს შუაღამემდინ, ბულვარში, ვინ დასძრახავს; გარნა ქალმა, მეტადრე ახალგაზრდამ, რომ ეს ჰქმნას, დასაძრახისია. ახალგაზრდა ქალმა და უმეტესად გაუთხოვარმან, შუაღამემდის რომ იაროს ბულვარში, და ისიც ყმაწვილ კაცებთან, როგორათაც ახლა იქმენ უზომოდ ქალიშვილები, ვგონებ, რომ ყოველნი გონიერი კაცი დასძრახავს მას სიმართლით, და იტყვის, რომ ეს არის წინააღმდეგი კეთილისა, ქრისტიანულისა ზნეობისა. ამინ.

„ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა“, ტომი II