წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება კთ-სა აგვისტოს, ნათლის-მცემლის თავის კვეთასა

რამეთუ იროდის ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი,
რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა
მას, და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა
უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა (მარკ.ვ, კ).

იოანე წინამორბედის და ნათლის-მცემელის თავის-კვეთასა ლოცვითა და მარხვითა იხსენებს დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა ეკკლესია. მივაქციოთ ჩვენცა, ვითარცა მორჩილთა შვილთა ეკკლესიისათა, ყურადღება ამ შესანიშნავს მოხდენასა და გავიგოთ ჰაზრი და სწავლა, რომელსა იპყრობს იგი. რა სახით მოჰხდა ეს შემთხვევა, როდის და ვინ მოჰკვეთა თავი იოანე ნათლის-მცემელსა, ეს ვრცლად და ნათლად გვაცნობა ჩვენ დღეს წარკითხულმან სახარებამან: ჩვენ მხოლოდ აღვხსნათ, რაა მნიშვნელობა ამ მოხდენასა და ვითარსა სწავლასა ვჰხედავთ ჩვენ მას შინა.

პირველად, მივაქციოთ ყურადღება, ძმანო, იმ სიტყვათა ზედა, რომლითა ვიწყეთ ეს უბნობა: რამეთუ იროდის ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვლიდა მას, და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა. ამ სიტყვებიდან ცხადად სჩანს, ძმანო ჩემნო, რომელ იროდი მეფე, მკვლელი იოანესი, იცნობდა იოანეს, ვითარცა კაცსა მართალსა და წმიდასა; იგი იცავდა მას; ისმენდა მისსა სწავლასა და პატივსცემდა მას; მაშასადამე, მას არ ჰსურს მისი მოკვლა. როგორღა მოჰხდა, რომ მან უბრძანა მოკვეთა თავისა მისისა? როგორ მოჰხდა, რომ იროდი მეფემ კაცი, მისგან პატივცემული, წმიდათ და მართლად ცნობილი, ჯერეთ ჩააგდო საპყრობილეში და მერმე თავი მოჰკვეთა? ეს მოჰხდა, ძმანო ჩემნო, მისთვის, საუბედუროდ, იროდი მეფეს ჰქონდა ხასიათი სუსტი, შერყეული, უღონო და დაუდგრომელი; იგი იქცეოდა არა თავის ჭკუით და ნებით, არამედ სხვის შეგონებითა და შესმენითა. მას არა ჰქონდა ესოდენი სიმტკიცე ხასიათისა, რომ აღესრულებინა თავისი სურვილი და ჰაზრი, და ყურადღება არ ეთხოვებინა ბოროტთა კაცთა შესმენისათვის. თუმცა მან იცოდა, რომ იოანე იყო კაცი წმიდა და მართალი, და პატივს-სცემდა მას, გარნა რადგანაც ბოროტმა იროდიამ, უკანონო და უსჯულო ცოლმა მისმა, რომელსა სძულდა იოანე და რომელი ეძიებდა მარადის მისსა სიკვდილსა, შეასმინა იგი და გამოითხოვა თავი მისი, სუსტმა და უხასიათო იროდი მეფემ დაიჯერა მისი თხოვნა და უბრძანა მეხრემლესა თვისსა მოკვეთა თავისა იოანნე წინასწარმეტყველისა.

აჰა, ძმანო, რა დიდი უბედურებაა, როდესაც კაცი არის მოკლებული ხასიათის სიმტკიცესა; რა საცოდავი და რა საბრალო არის ის კაცი, რომელსა აქვს ხასიათი დაუდგრომელი, უღონო. ესეთი კაცი, თუ გინდ მას ჰქონდეს დიდი ჭკუა და განათლება, ამასთანავე გულიცა ჰქონდეს კეთილი და სძულდეს ყოველი უმართლო და ბოროტი საქმე, ვერასოდეს ვერ აღასრულებს ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა; იგი უთუოდ შთავარდება ხელთა შინა ერთისა რომლისამე ბოროტისა კაცისასა, რომელსა აქვს იმაზე უმტკიცესი ხასიათი, და შეიქმნება მისი სათამაშო. იროდი იყო მეფე, მაშასადამე, მას არავისი არ ეშინოდა და მისი წინააღმდეგობა არავის არ შეეძლო. იოანე ნათლისმცემელი მას პატივში ჰყავდა, გარნა როდესაც მზაკვარმა, ბოროტმა იროდიამ მოინდომა, ადვილად მისდრიკა იგი საშინელისა საქმისადმი და მოაკვეთინა თავი იოანესი მისთვის, რომ იროდის ჰქონდა სუსტი ხასიათი.

აჰა, ძმანო, პირველი და დიდი სწავლა, რომელსა გავძლევს დღეს წარკითხული სახარებისაგან მოთხრობა! ყოველსა კაცსა, დიდსა და მცირესა, მდიდარსა და ღარისბსა, უკეთუ ჰსურს, რომ იგი იყოს კაცი, ადამიანი და არა პირუტყვი, თავის თავის და ქვეყნის სასარგებლოდ უნდა ჰქონდეს სიმტკიცე და სიმაგრე ხასიათისა, ესე იგი იქცეოდეს თავის სინდისით და ჭკუით და არა სხვის შეგონებით. კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა. ქრისტიანული ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ერთი მხოლოდ დაუსრულებელი ბრძოლა და ჭიდაობა. ამ ბრძოლასა შინა გამარჯვებული იქნება მხოლოდ ის, რომელსა აქვს მტკიცე ხასიათი. ხოლო სუსტნი და დაუდგრომელნი ხასიათითა იქნებიან ძლეულნი და დამარცხებულნი.

მეორედ, მივაქციოთ ყურადღება მას ზედა, რა მდგომარეობასა შინა იყო იროდი, როდესაც მან უბრძანა მოკვეთა იოანეს თავისა. იგი იჯდა დიდსა სუფრასა ზედა, გარემოცული მრავლითა თვისთა მოწვეულთა სტუმრებთაგან, და მიტაცებული სმისა და ჭამისაგან. ეს უეჭველია, როდესაც მან უბრძანა ესრეთი საშინელი საქმე. იგი იყო დამძიმებული ღვინის სმითა. ბილწმა იროდია დედა-კაცმა კარგად იცოდა მისი ხასიათი და გამოარჩია მარჯვე დრო, როდესაც მეფე იყო დამძიმებული ღვინითა და მაშინ მოითხოვა მოკვლა იოანესი. მაშასადამე ვისწავოთ აქედან, რა დიდი ცოდვა არის უზომობა და მეტადრე სმა. საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანაშიაც ერთი წელიწადი ისე არ გავა, რომ სადმე ერთი უბედურება არ მოახდინონ კაცთა ღვინით დამძიმებულთა. ზოგან ღვინით მთვრალნი კაცნი წაეჩხუბებიან და დასჭრიან ერთმანეთსა, ზოგან კიდეც მოჰკვლენ. საკვირველი არ არის! ფხიზელი კაციც ზოგჯერ თუ ვერ გაუმაგრდება თავის ცუდს ხასიათს და წარტაცებულ იქმნება თვისითა გულფიცხელობითა და ავ-ზნეობითა. კაცი, რომლის ჭკუა და სვინიდისი დაბნელებული არის ღვინითა, როგორღა შეჰძლებს წინააღმდეგობასა განსაცდელისასა.

ბოლოს, ამაზედაც მივაქციოთ ყურადღება: იროდი მეფემ ფიცით აღუთქვა ბილწსა დედაკაცსა, მროკველსა, მიცემად მისდა ყოვლისა, რაიცა მან ითხოვოს, და როდესაც მან შეგონებითა დედისა თვისისათა ითხოვა თავი იოანე ნათლისმცემელისა, მაშინ შესწუხდა იგი: მაგრამ აღარ უნდოდა დარღვევა ფიცისა თვისისა და უბრძანა მოკვეთა იოანეს თავისა. აქეთგან ვისწავოთ, ძმაო, რა ცუდი არის ადვილად და სიჩქარით ფიცის თქმა. ზოგიერთი კაცი ადვილად და განუზრახველად დიდი ფიცით დაარწმუნებს ზოგჯერ და აღთქმას მისცემს მოყვასსა, გარნა ბოლოს იძულებული იქნება ანუ დარღვევად ფიცისა, ანუ აღსრულებად რომელისამე ბოროტისა საქმისა. მრავალ-გზის მომხდარა სოფლებში, რომ ყოველთა გლეხთა და აზნაურთა ხატზე შეუფიცნიათ ერთმანეთისათვის, არა თუ რომელსამე სასარგებლო კეთილ საქმეში, არამედ ცოდვილის და წინააღმდეგის საქმისათვის. მაგალითებრ, ამა და ამ კაცს ვუჩივლოთ და ვუმტეროთო; თუ ვინმე ჰკითხა, რათ უჩივით ამ კაცს, რას ერჩით, დანაშაული რით არისო, უპასუხებენ: რა ვჰქმნათ, შეფიცებულნი ვართ, უნდა ვუჩივლოთო. სწორეთ ამ სახით მოუვიდა იროდი მეფეს. წინადვე დაუფიცა სალომიას აღსრულება მისისს თხოვნისა; მერმე კი მიჰხვდა, რა ცუდად მოიქცა, მაგრამ უსაფუძვლო სირცხვილით უარი აღარ სთქვა. არ უნდა დაეფიცა ასე აჩქარებულად და უსაფუძვლოდ. გარნა რადგანაც მოუვიდა ესრეთი უგუნურება, უმჯობესი იყო დაევიწყა თვისი უგუნური ფიცი და არ შთავარდნილ-იყო ესრეთსა საშინელსა ცოდვასა შინა.

და ესრეთ, სამი სასარგებლო სწავლა გამოვიყენეთ დღევანდელი სახარებითგან. პირველად ის, რომ ყოველს კაცს უნდა ჰქონდეს მტკიცე და მაგარი ხასიათი; მეორედ, უნდა ერიდებოდეს უზომოსა ჭამასა და სმასა; მესამედ, არაოდეს არ უნდა დაიფიცოს უსაფუძვლოდ და განუსჯელად. ამინ.