ბერი იოსებ ათონელი

თუ ტანჯვა არ გსურს, ზეაღსვლასაც ნუ ინატრებ

ჩემო სულის წიაღო! რატომ გაიტეხე გული? რატომ გადაიწურე იმედი? რატომ დაუძლურდი? ასე ადვილად ამბობ უარს ბრძოლაზე?

აი, ღვთის დაშვებით, როგორც საცერში (იხ. ლკ. 22,31), ოდნავ შეგანჯღრიეს ეშმაკებმა, რომ დაინახო, სად ხარ, აშკარა გახდეს შენი ამპარტავნება და დამდაბლდეს გული. რათა გაიგო, რომ ადამიანი ხარ, ანუ „შეიცანი თავი შენი“, რომ თანაუგრძნო ცოდვილებს და ოდნავადაც არ განიკითხო ისინი.

როგორ გაიგებ ბუნების უძლურებას, თუ ყორნები არ გამოგაფხიზლებენ? როგორ განისწავლები ხელოვნებათა ხელოვნებაში და მეცნიერებათა მეცნიერებაში, თუ ტკბილი იესო თავის მადლს არ მოგაკლებს?

ახლა ეუფლები ამ ხელოვნებას. ახლა იღებ ჯილდოს. ახლა წარმოაჩენ ქრისტეს სიყვარულს და არა მაშინ, როცა მადლი შენთანაა.

რაღა წყალობას მოიღებ შენ, როდესაც მადლმოსილი ხარ? მაშინ ის თავად ღაღადებს გამოუთქმელად (იხ. რომ 8,26): „აბბა, მამაო!“ (გალ. 4,6) მადლი უხმობს მადლის მომცემელს: „ვინ განმაშოროს შენ სიყვარულს, იესო ჩემო?“ (იხ. რომ. 8,35). ამას ხორციელი ბაგეების ამბობს მადლი, შენში დამკვიდრებული ძალა და არა ხორცი, ისევე როგორც შეპყრობილი შეურაცხყოფს და აძაგებს ადამიანური ბაგეებით.

სხეულს მადლის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეუძლია.

მადლისგან განშორებული ხორცი უარყოფს იესოს. ყივის მამალი. პეტრეს ახსენდეა, მწარედ ტირის (იხ. მათ. 26,27). ყვირის: „შევცოდე“. მაგრამ ისევ სახლში იმალება. იუდეველების ეშინია. გარეთ კატეის მომლოდინე თაგვივით უცემს გული. „შენთან ვიქნები, - ამბობს, - თუნდაც სიკვდილი მემუქრებოდეს! არ განგეშორები“ (იხ. მათ. 26,35). ასე ამბობს, როცა უფალი გვერდითაა, მაგრამ როდესაც ქრისტე მიდის, სამგზის უარყოფს მას.

მაშ ასე, ხედავ? გესმის, რა უდიდესი საიდუმლო იმალება ამ სიტყვებში? ქრისტე სულიწმინდის საშუალებით გვშუამდგომლობს ჩვენ (იხ. რომ. 8,26). ამიტომ მისი მოსვლით რიტორები ვხდებით, მებადურები გვმოძღვრავენ, მრუშები უბიწოებას იცავენ, ქურდები აღარ იპარავენ. ყველა ინანიებს. და ვინ არის ყოველივე ამის შემოქმედი? ერთი ყოვლისმცოდნე, სახიერი განმგებელი, ტკბილი იესო, ერთადერთი სიყვარული.

როდის შეიგრძნობს ადამიანი სხვის ტკივილს? როცა თვითონაც ავად გახდება, როცა ყველაფერს თავის თავზე გამოცდის. მაშინ გაიგებს და აღიქვამს სხვის ტკივილს. თორემ სხვაგვარად ის ულმობელი რჩება და არავინ ეცოდება. ერთადერთი - ბუნებით კეთილი თუ აღმოჩნდა. მაგრამ ის, რაც ბუნებისგანაა, არ იმსახურებს არც პატივს და არც უპატიობას. ღვაწლი და დაცემა გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

მაშ, როგორ დავეუფლებით ამ ყოვლისმცოდნე მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? თორემ მადლის განშორებისას შენ და მე კი არა, თვით წმინდა მოციქულებიც არ იქნებოდნენ მოციქულები! როგორ შეძლებს წყლის შეკავებას ცეცხლში გამოუწვავი თიხის ნამტვრევი? ღმერთს სურს გავხდეთ რინგზე მებრძოლის ან ბურთის მსგავსი, რომელსაც აქეთ-იქით ისვრიან.

ზეცამდე აგამაღლებს, გიჩვენებს იმას, რაც ვნებიანი ადამიანის თვალს არ უხილავს და ნივთიერზე ზრუნვით შეპყრობილის სმენას არ სმენია (იხ. 1 კორ. 2,9). და თუმცა არ შეგიცოდავს, გადაშლის ფურცელს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს. და უხარია, როცა ეშმაკთან ურდოებთან მებრძოლს გხედავს. პავლეს შეხედე და მე თავი დამანებე. მას შემდეგ, რაც მესამე ცამდე ამაღლდა და ენითგამოუთქმელ იხილა და მოისმინა, ისევ ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ“ (იხ. 2 კორ. 12,4).

ვიდრე უფალი თავისი ძლიერი ძალით შექმნის ადამიანს, ისე აკეთებს, რომ ის მაღლდებოდეს და ჭვრეტდეს, ეცემოდეს და იბრძოდეს. და ამას ყველაფერს ჩვეულებრივად უყურებდეს, რომ ამ ჩვეული ცვლილებებისადმი მგრძნობიარე არ იყოს. „ერთიც და მეორეც, - გვეუბნება უფალი, - ჩემთვისაა“.

ამრიგად, ტანჯვა არ გსურს? მაშ, ზეაღსვლასაც ნუ ინატრებ. ვისაც არ უნდა მწუხარების დათმენა, ნურც მადლს ითხოვს.

მაშ ასე, ღმერთმა მადლი ჩამოგაშორა, რომ დაძაბუნდე. ის კიდევ მოვა. არ მიგატოვებს. ეს ღვთის კანონია. მაგრამ ისევ გაგშორდება და ისევ დაგიბრუნდება. ოღონდ შენ მისი თხოვნა არ შეწყვიტო, სანამ სრულყოფილებას მიაღწევ.

ცნობილია, რომ როცა ერთი ვნებიანი ადამიანი მეორედ ჭკუით სწავლებას დაუწყებს, მადლი მაშინვე შორდება მას და ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდება. რადგანაც „შრომამდე“ მას ეს პრივილეგია არ მისცემია.

მაგრამ მარტო ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ღმერთმა მიგატოვა. ასეც რომ არ ყოფილიყო, მადლი მაინც აუცილებლად წავიდოდა ამ პერიოდში. გახსოვს, რა გითხარი დასაწყისში? რასაც ახლა ამბობ, მინდა ოთხი წლის შემდეგ მოვისმინო შენგან-მეთქი. გადაფურცლე პირველი წერილები და ნახავ. ეს ღვთის გარდაუვალი კანონია: სამი-ოთხი, იშვიათად ხუთი წლის შემდეგ მადლი შორდება ადამიანს, რომ გამოაწრთოს და, თუ მოისრუვებს, კიდევ განაბრძნოს ის.

ასე რომ, არ იდარდო, ეს საერთო სასმისია. ყურადღებით წაიკითხე წმინდა ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის შესახებ, რომ დაინახო, რას ამბობდა ის, როცა ქრისტე სიმწარეს აძლევდა. ეს ყოველ ჩვენგანს ეხება, თითოეულს - საზომისაებრ.

ამრიგად, დაითმინე შენი ქრისტეს ჯაჭვი. მაგრამ მოკუმე პირი და სიტყვა არ დაგცდეს. მოიძიე შენში შემართება და თქვი: „რად მწუხარებ, სულო ჩემო? რატომ დასევდიანდი? ცუდი არაფერი მომხდარა. ქრისტე მცირე ხნით განგეშორა, მაგრამ კიდევ მოვა. ოდნავ აყოვნებს, მოთმინება და თავმდაბლობა რომ გასწავლოს. რამდენი დაითმინეს წმინდანებმა, შენ კი ოდნავადაც არ შეგიძლია მოითმინო მადლის განგებულება?“ ასე უთხარი სულს და გულს ნუ გაიტეხ, რადგან მაცდურს ახარებს შენი დარდი და დაღველი.

და როცა მოვა და განგეშორება მადლი, და ისევ მოდის და გშორდება, მაშინ ბრძოლას სწავლობ და ეს უკვე აღარ მოქმედებს, პირიქით, სიხარულით ამბობ: „გამომცადე და განმცადე, ქრისტე, როგორც ვერცხლი“. მაშინ ღრმად გაიდგამ ფესვებს იმ ხეეის მსგავსად, რომლებიც, რაც უფრო ძლიერად უბერავს ქარი, მით უფრო ღრმად უშვებენ ფესვებს მიწაში. და ღმერთია მოწმე - ყველაზე დიდი ნუგეში ყველაზე დიდ განსაცდელებში ვნახე.

მაშ ასე, განსაცდელების დათმენით გამხნევდი და განძლიერდი უფალში და მადლი ისევ მოვა.