კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა იესო ქრისტეს ამაღლების დღეს

ყოველი მოქმედება ქრისტეს კაცობრივის ცხოვრებისა სავსეა ადამიანისათვის ღრმა მნიშვნელობით. იესო ქრისტეს ქვეყნიურ ცხოვრების ყოველ მოქმედებას აუცილებლად აქვს აზრად, უჩვენოს ადამიანს გზა სიკეთისა, აცოდინოს საღსარი ღვთისნიერის ცხოვრებისა, მისცეს საშუალება ბიწიერებათა ძლევისა, შეაყვაროს ცოდვილი, ჩაახედოს გალაღებული თავის გულში, გაამხნეოს მაშვრალი, ნუგეში სცეს დაჩაგრულს და სხვ. სწორედ ამის გამო არიან სასიხარულო, სანუგეშო და სანატრელნი იმისთანა დღესასწაულნი, როგორიც არის დღევანდელი დღე, დღე მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა. თუ კი ადამიანი დაუკვირდა იმ აზრს, რომლისათვისაც ამაღლდა ქრისტე ზეცად, თუ კი მან შეიგნო აზრი ამ მოქმედებისა, ეჭვს გარეშეა, დიდს ნუგეშს და მოძღვრებას ჰპოებს დღევანდელ დღეში, რადგანაც აქედან ცხადად სცნობს და მიხვდება, თუ რაზედ უნდა ჰქონდეს მიქცეული უმთავრესი ყურადღება თავისს სიცოცხლეში, რისთვის უნდა ჰზრუნავდეს, ჰფიქრობდეს და ჰმეცადინეობდეს დაუღალავად, ვიდრე პირში სული უდგია, რა საგანს უნდა ემსახუროს სიკვდილამდე. შეგნება და ცხადად წარმოდგენა ყოველ ამისი არის დიდი და ფას-დაუდებელი ბედნიერება. კაცი, რომელსაც გარკვევით და ნათლად აქვს გამოხატული აზრი და დანიშნულება თავის არსებობისა, რომელმაც დაბეჯითებით იცის რას უნდა ეტანებოდეს და რის შეძენას უნდა სცდილობდეს ყოვლის ღონის ძიებით, მტკიცე და შეურყეველი არსებაა, დარბაისელი და ყველაფერში დამჯდარი ადამიანი, მშვიდობიანობით, კმაყოფილებით და სიტკბოებით აღვსილის ბუნებისა. არც სიმდიდრეს, არც სიდიდეს, არც მაღალ სწავლა მეცნიერებას და არც სხვა რამ ქვეყნიურ ბედნიერებას არ შეუძლიან ასეთი ადამიანი მისცეს ზვიადობას, ქედმაღლობა-ამპარტავნებას, სულიერ სიბრმავეს და ღვთის დავიწყებას.

ამასთან ერთად არ არსებობს სრულებით ქვეყანაზედ სასოწარმკვეთი მწუხარება კაცის ღირსების გამათახსირებელი უბედურება და აუტანელი გაჭირვება. არა, გზა გაკვალულმა და ცხოვრების აზრ-შეგნებულმა კაცმა მშვენივრად იცის ყველაფერში ჯეროვანი ზომიერება, შეგნებული აქვს ყველაფრის ღირსება და ფასი, მნიშვნელობა და ძალა. იგი ყოველ გარემოებაში მშვიდი და გულ უმღვრეველია; ბედნიერებაც და უბედურებაც იმდენად იზიდავს მის ყურადღებას და გულს, რამდენადაც ხელს უწყობს, ან ხელს უცარავს თავისს საბოლოო ნატვრა სურვილს მიღწევის საქმეებში.

დიაღ, ამაღლება ქრისტესი, თუ როგორც ზემორე ვსთქვით, მოფიქრებით და გულდადებით ჩაუკვირდებით, ნათლად დაგვანახებს, რა უნდა შეადგენდეს ჩვენის ბეჯითის და მუდმივის ზრუნვის საგანს, რა უნდა გვქონდეს აზრად ყოვლის მოქმედების დროს, რაზედ უნდა იყოს მიქცეული ჩვენი გონებრივი ძალა და სურვილი. რისთვის, რა განზრახვითა და რა აზრით ამაღლა ძე ღვთისა ზეცად? ჩვენი საკუთარი მოსაზრება, ჩვენი მიხვედრილობა, გარდაწყვეტილობა და ახსნა ამ შემთხვევაში არ არის მხედველობაში მისაღები. ამ საგნის ახსნა, განმარტება და გამოკვლევა უნდა დაუთმოთ მთლად მაცხოვარს, ჩვენს უტყუარ საუნჯეს, ჩვენს ნუგეშსა და სიხარულს, ჩვენს იმედსა და სიცოცხლეს. სახლსა მამისა ჩემისასა, - ბრძანებს ქრისტე, - სავანე მრავალ არიან; უკეთუ არა, გარქუმცა თქვენ, ვითარმედ მე წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი და უკეთუ წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი, კვალად მოვიდე და წარგიყვანნე თქვენ თავის ჩემისათანა, რათა სადაც მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ (იოან. 14,2-3). აჰა, აზრი ქრისტეს ამაღლებისა! სრულებით დახშული დაკეტილი და შეუვალი იყო კაცისათვის ზეცა ქრისტეს ამაღლებამდე; არც იმედი და არც გაბედულება ნებას არ აძლევდა ადამიანს ეფიქრნა ცაში ალაგის მოპოება, ბინის შოვნა და გაუყრელად ყოფნა მაცხოვართან. მაგრამ იდიდოს და იკურთხოს ქრისტე იესოს სულგრძელება, მისი სიკეთე და უზომო კაცთ მოყვარება! მან არ იკმარა ჩვენი, ჯოჯოხეთის სიბნელისაგან გამოხსნა თავის უწმინდესის სისხლის დათხევით თავს იდვა ჩვენი სამუდამოდ დამკვიდრება ზეცად და ამის გამო, ამაღლდა რა კაცობრივის ბუნებით, გამოსთხოვა თავისს დაუსაბამო მამას რომ კვალად გაგვეხნას ცა, დაიდოს იქ ჩვენთვის ბინა და მოგვეცეს უფლება მასთან (ქრისტესთან) მარადის ყოფნისა.

აი, რა მოგვანიჭა ქრისტეს ამაღლებამ! აი, რა ბედნიერების შეძენას აღგვითქვამს დღევანდელი დღე, აი, რის მიღწევას უნდა ვცდილობდეთ დიდი და პატარა ჩვენის სიცოცხლის განმავლობაში. რა უნდა გვამოქმედებდეს, რა უნდა გვასულდგმულებდეს და გვამხნევებდეს ცხოვრებაში, რა უნდა გვახსოვდეს მარადის, რა უპყრობდეს სავსებით ჩვენის გონებისა და გულის ყოველ ძალას! ბედნიერია, ვისაც ეს საღმრთო რწმენა ღრმადა აქვს აღმოჭდეული გულის ფიცარზედ, ვისაც ეს საწადელი აზრი წინაუძღვის ცხოვრებაში სხივ-მოსილ ვარსკვლავივით, მზეებრ უთბობს გულს და დაუშრეტელის ლამპარივით უნათებს ცხოვრების გზას! ყოველი მოქმედება ამ გვარის კაცისა ნათელია, ყოველი მოსაზრება კეთილია, ყოველი წადილი მისი საღმრთოა. წარმოუდგენელია, რომ ბოროტებას, შურს, ბიწიერებას და გარეწრობას ეჭიროს რაიმე ადგილი მისს გონებაში, მის სურვილში.

მაგრამ გვესმის ეს მაღალი აზრი ქრისტეს ამაღლებისა? ყოველ წლობითი დღესასწაული ამ დღისა გვიცხოველებს სურვილს, რომ ღირსეულის ქრისტეანულის ყოფა-ქცევით და ცხოვრებით შევიძინოთ საყოფელი, სავანე ზეცაში? გვიღვიძებს სურვილს ქრისტესთან მარადის ყოფნისას? გვრწამს, რომ ქვეყნიური ცხოვრება გვაქვს ღვთისაგან მონიჭებული მხოლოდ იმ აზრით, რომ მის გონივრულის მოხმარებით შევიძინოთ ცა, დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა, მოვიპოვოთ ღირსება იესო ქრისტესთან საუკუნო ყოფნისა? ოჰ, დიდად, მეტად დიდად მემძიმება, მაგრამ მაინც უნდა ვსთქვა - არა. ჩვენი მოქმედება, ჩვენი ყოფა-ქცევა, ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება სრულებით არ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვაფასებთ მკვიდრობას, გვენატრება მაცხოვართან განუყრელი ყოფნა. ჩვენი სულიერი არსება მთლად შეპყრობილი, დამონებული და გარემოცული მხოლოდ ქვეყნიურის ზრუნვით, შფოთვით; ჩვენი თვალი არაოდეს არ შორდება დედა მიწას, გული გართულია ბიწიერ მღელვარებათა შინა, გონება გატაცებული გვაქვს ქვეყნიურ, ამ სოფლიურ ანგარიშებით. ამაში ვატარებთ ყველანი დღე და ღამეს, ამაში ვაღამებთ წუთისოფელს, ამ გარემოებაში გვისწრობს ხოლმე თითქმის ყველას ანგელოზი სიკვდილისა. მხოლოდ აქ, სარეცელსა ზედა სიკვდილისასა, ავახელთ ხოლმე თვალს ზეცად, აღვალთ ხოლმე გულით ცად მიმართ და შევდივართ მწარე სინანულში, რომ წარვაგეთ მკვიდრობა ზეცისა. მაგრამ დაგვიანებულია ეს შეგნება, რადგანაც არ გვამკობს ის ქრისტიანებრივ სათნოებათა მიერ, სახელდობრ სიყვარულისა და მოწყალებისა, მარხულობისა და სიწმინდისა, სიმშვიდისა და ძვირ-უხსენებლობისა, მოთმინებისა და დიდსულოვნებისა, სარწმუნოებისა და სასოებისა მიერ - ქსოვილი საქორწინო სამოსელი, ურომლისოდაც შეუძლებელია შესვლა ზეციურ სიძის სასძლოსა შინა.

მაგრამ კმარა! ახლა მაინც ვცნათ, ძვირფასნო მსმენელნო, სიმძიმე ჩვენის დანაშაულისა, შევიგნოთ სიღრმე ჩვენის დაცემულობისა, დავინახოთ უზომოება ჩვენის უგუნურებისა და შემუსვრილის გულით აღუაროთ და შევთხოვოთ მაცხოვარს: ჟამი, იესო ჩემო, რომელი მომეც, ვნებათა შინა წარვვლე; ამისთვის ნუ განმაგდებ მე, იესო ჩემო, არამედ კვალად მომიწოდე, გევედრები შენ, მეუფეო იესო ტკბილო, და მაცხოვნე მე. ამინ.

„ქადაგებანი“, №5 მაისი
გამოცემა სიონის საკრებულო ტაძართან არსებულის
ყოვლად-წმიდა ღვთის-მშობლის ძმობისა
ტფილისი, 1913