ხდება, რომ ახლობლის გარდაცვალების გამო ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მათი გამხნევება და ნუგეში კი მხოლოდ გულწრფელ თანაგრძნობას ძალუძს. წმინდა სერგის ლავრის ბერების ეს წერილები შვებას მოჰფენს ყოველ დამწუხრებულ ადამიანს და ღვთის უსაზღვრო მოწყალების იმედით აღავსებს მის გულს.
მივიღე თქვენი წერილი, რომლიდანაც შევიტყვე, რომ დიდი მწუხარება გეწვიათ და საყავრელი ვაჟი გარდაგეცვალათ. გულით ვიზიარებ თქვენს ტკივილს და გულის წუხილს, მთელი სისავსით განვიცდი მას, ადამიანური უძლურებითა და მონათესავე სევდით აღძრული. ესოდენ ახლობელი და საყვარელი ადამიანის დაკარგვამ შეუძლებელია, გულის ძლიერი ტკივილი არ გვაგრძნობინოს და თუმცა მოვალენი ვართ, თანალმობით მოვიხადოთ ვალი ჩვენი სიყვარულის საგნის წინაშე, მეორეს მხრივ, უნუგეშო დრტვინვასა და წუხილს არ უნდა მივცეთ თავი. მაგრამ სჩანს, თქვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის, თქვენი სულისათვის ნუგეშს ჩვენს წმინდა სარწმუნოებაში ეძიებთ, ღვთის სახიერებას სასოებთ და ჩვენდა – ცოდვილთა მიმართ მის უსაზღვრო სიყვარულს და მისივე წმიდა ნებას მინდობილხართ. ურწმუნოთა შორის ოჯახური ბედნიერება დიდხანს ვერ იხარებს, რადგანაც როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ის სამუდამოდ მკვდრად ითვლება. შორეული მარადისობიდან იმედისა და ნუგეშის სხივი არასოდეს გამობრწყინდება მათთვის, მათი სიხარული წამიერია, მწუხარება კი – უნუგეშო. როდესაც მხოლოდ ამქვეყნიურ, წარმავალ ცხოვრებაზე ვამყარებთ იმედს და ამა სოფლის, ან ნათესავებისა და მეგობრების ნუგეშისცემას ვეძიებთ, როცა არ შეგვიძლია, რწმენის სახედველით შევხედოთ მომავალ მარადისობას, მაშინ ცხადია, რომ ყოველგვარი ცხოვრებისეული ცვლილების ან ახლობლების დაკარგვისას ვეღარაფრით ვნუგეშობთ. მაგრამ ქრისტიანი, რომელიც ღვთის განგებულების მოქმედებაშია დარწმუნებული, ემორჩილება მის წმიდა ნებას, რომელიც მხოლოდ სასიკეთოდ წარგვიმართავს გზას და იგი აღიარებს, რომ ამქვეყნიურ ჭირ-ვარამში მხოლოდ მწირია, რომელიც თავის მშობლიურ მხარეში მიემგზავრება და იმქვეყნად წასულ ახლობლებსა და მეგობრებს აცილებს, როგროც იმ ადამიანებს, რომელთაც შემოქმედის მიერ მათთვის განსაზრვრული მიწიერი ყარიბობა დაასრულეს და იმედოვნებს, რომ ოდესმე, ღვთის მადლით, ნეტარ მარადიულობაში თვითონაც მათ შეუერთდება. სწორედ ეს რწმენა აღხოცავს ჩვენს გულებში საყვარელ ადმიანებთან განშორების სევდას. სწორედ ეს რწმენა მოსჩანს წმინდა პავლე მოციქულის სწავლებიდან თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში: „არა გვნებავს უმეცრება თქვენი, ძმანო, შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხვანი, რომელთა არა აქვს სასოება. რამეთუ უკეთუ გვწამს, ვითარმედ იესუ მოკვდა და აღსდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესუს მიერ მოიყვანნეს მის თანა“ (თეს. 4, 13-14), ე.ი. მიცვალებულნი მარადიული ცხოვრების სასოებით აღსდგებიან. მიიღეთ ჩემი რჩევები თქვენი მწუხარების სანუგეშოდ და იმედი იქონიეთ, რომ თქვენი საყვარელი ვაჟი, წმიდა საიდუმლოთი გზადალოცვილი, ნეტარ მარადიულობას მიემთხვა. თუ თქვენ ის გაწუხებთ, რომ იგი უდროოდ წავიდა, ეს ყოვლადბრძნული და გამოუკვლეველი განგების საქმეა.
ჩვენი შემოქმედის გულმოწყალებას მიენდეთ, მის წმიდა ნებას დაემორჩილეთ და თავი ინუგეშეთ იმით, რომ თქვენი ძვირფასი შვილი დროებითი ცხოვრებიდან გადავიდა მარადიულში, სადაც ოდესმე ჩვენც მოგვიხმობენ. მის წინაშე ვალი შეგიძლიათ გამოხატოთ საეკლესიო მსახურებში მისი ხშირი მოხსენიებით და მისივე სახელზე მოწყალების გაცემით. თქვენ უნდა გენუგეშებოდეთ ღვთის უსაზღვრო მოწყალება, რომ უფალმა ღირს-ჰყო იგი ასეთი მოხსენებისა. სწორედ ეს არის მის მიერ მაქვეყნად დატოვებული საუკეთესო მემკვიდრეობა, რომელიც მარადიულობაშიც გაჰყვება თან. თქვენი წერილის მიღების შემდეგ ჩვენს სავანეშიც განუწყვეტლივ იხსენიება იგი: ლიტურგიაზე (წირვაზე), კვეთისას, კვერექრებში, პანაშვიდზე და ფსალმუნებისას. ცათა სასუფეველში განუსვენოს უფალმა მის სულს და საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. გისურვებთ, გულმოწყალე ღმერთმა ნუგეში-სცეს თქვენს მწუხარებას. მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოგმადლოთ თქვენ და თქვენს ოჯახს.
ღრმადპატივცემულო ბატონო N, ჯერ კიდევ თქვენი წერილის მიღებამდე შევიტყვე, რომ მეუღლე გარდაგეცვალათ, გულით მებრალებოდა იგი და მისი და, მწუხარების ცრემლს რომ აფრქვევდა.
შემდეგ მივიღე უკვე თქვენი წერილი, რომელშიც კარგად ჩანდა თქვენი გულის მწუხარება - მეუღლესთან განშორების გამო და მის წინაშე დანაშაულის შეგრძნებაც. ეხლა თქვენ უკვე კარგად ხედავთ მის ყველა ღირსებას და ამბობთ, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შეძელით ეს ღირსებები ჯეროვნად შეგეფასებინათ.
ყოველივე ეს მგრძნობიარედ სწყლავს თქვენს გულს და სინანულს აღძრავს ღმერთის და ასევე თქვენი მეუღლის წინაშე. თანავუგრძნობ მას, ვინც ძალ-ღონის გაფურჩფვნის ხანაში წავიდა ჩვენგან, თქვენ - ვინც იტანჯებით და მის წინაშე დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ, ბავშვებს - მოსიყვარულე დედა დაკარგეს და მინდა გითხრათ: როგორც ჩანს, ღვთის ნება იყო, და სწორედ ახლა შეწყდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და მარადიულ სიცოცხლეს ეზიარა იგი. მწამს, რომ უფალმა ღირსჰყო იმქვეყნიური ნეტარებისა. ის კეთილი ქრისტიანი ქალი იყო და საუკუნო ცხოვრების რწმენითა და იმედით, წმინდა საიდუმლოსთან ზიარებით გაძლიერებული წავიდა ჩვენგან. ეკლესიის ლოცვებითა და უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ხშირი მოხსენებით იგი ღვთის წყალიბას მიიღებს.
გირჩევთ, მასთან განშორების გამო უნუგეშო მწუხარებას ნუ მიეცემით, არამედ განაზავეთ სევდა იმის იმედით, რომ იგი ნეტარი ცხოვრების ღირსი გახდა. ხოლო თქვენთა ცოდვათა სანაცვლოდ უფალს შესწირეთ სინანული - შემუსვრილებითა და მორჩილებითა გულისათა, მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ღვთის შეწევნით, ცოდვებს აღარასოდეს დაუბრუნდებით და იმგვარი კეთილმსახურებით იცხოვრებთ, როგორც უფალი გვიბრძანებს, ხოლო ეკლესია გადმოგვცემს მის მოძღვრებას. გჯეროდეთ, რომ ღმერთი თქვენს სინანულსა და ჭეშმარიტ გულმოდგინებას შეიწირავს და დაამშვიდებს თქვენს სინდისს. და მაშინ, როდესაც ღვთისმოსაურ ცხოვრებასა და სათნოებებში განმტკიცდებით, აღიხოცება ყოველგვარი ცოდვა, რაც მეუღლის წინაშე მიგიძღვით. რადგან ამით დამშვიდდება და განმხიარულდება სული მისი; როგორც უფალი ბრძანებს, ყოველი მონანული ცოდვილის გამო სიხარული სუფევს ზეცაში, ე.ი. ანგელოსნი და სულნი მართალნი ხარობენ მისი მოქცევით. ამით განერიდებით ღვთაებრივ სასჯელს, რომელიც თქვენი წერილის მიხედვით, აგრერიგად გაშინებთ.
ობლად დარჩენილი შვილები თქვენი მეუღლის სიყვარულის წინდია, ეცადეთ და ღმერთიც შეგეწევათ, რომ ისინი ქრისტიანული ღვთისმოსაობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით აღზარდოთ. ესეც მეუღლის წინაშე ვალის მოხდად ჩაგეთვლებათ.
მისი სულის განსვენებისათვის ილოცეთ და მოწყალებით შეეწიეთ მის სახელზე გაჭირვებულებს. ყოველივე ეს სიხარულის წყაროდ იქცევა თქვენი მეუღლის სულისათვის.
ჩემი მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შემოგთავაზეთ რჩევები, რათა მწუხარებისას მენუგეშებინეთ და თქვენი სინდისი დამემშვიდებინა. შევთხოვ უფალს, მოგცეთ უნარი იმისა, რომ კეთილად მიიღოთ ეს სულიერი მკურნალობა და თქვენს მწუხარე სულს ნუგეში გარდამოევლინოს.
ღრმად პატივცემულო ქალბატონო ნ. თქვენ აღმიწერეთ მწუხარება და დარდი, რომელსაც შვილების დაკარგვის გამო განიცდით და ამ გრძნობათა გამოხატვით ჩემგან - უძლურისაგან - ნუგეშისცემასა და განმტკიცებას ითხოვთ. ასევე გსურთ, დაბეჯითებით გქონდეთ იმის იმედი, რომ ოდესმე მარადიულ ცხოვრებაში კვლავ შეხვდებით თქვენს ყრმა-შვილებს.
თქვენ, რაღა თქმა უნდა, მტკიცედ გჯერათ, რომ ჩვენი მოსვლა და წასვლა, სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ნებაა. ღმერთმა დაგვბადა, იგი გვფარავდეს ამქვეყნიური ცხოვრებისას და თითოეულისათვის განსაზღვრულ ჟამს მარადისობაში გადაგვასახლებს. ამგვარად ჩვენ: „გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ. და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით“ (რომ. 14, 8).
ამქვეყნიური ცხოვრება, როგორადაც არ უნდა გახანგრძლივდეს, ბოლოს მაინც სიკვდილით თავდება, ჩვენი ყოფა კი ამით არ წყდება, სიკვდილი მხოლოდ დაუსრულებელ მარადისობაში გადაგვასახლებს.
ღვთის წინაშე დღე ერთი - ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი - ვითარცა ერთი დღე. მისი ნებით მოხდა, რომ ამ მწუხარე, ჭირ-ვარამითა და ცრემლით სავსე ცხოვრებიდან ისინი სრულიად ნორჩ ასაკში გავიდნენ მანამ, სანამ ამქვეყნიურ სიტკბოებასა და სიმწარეს გამოცდიდნენ და სულზე ცოდვილ ვნებათა ნაკვალევი დააჩნდებოდათ. განა ღვთაბრივი სიყვარულის გამოვლინება არ არის მათ მიმართ, რომ მარადიული ნეტარებით ტკბებიან? „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხებათ“ (სიბრძნ. 3, 1).
ქვეყნისთვის შეუცნობელია განგება ღვთისა. პავლე მოციქული შესძახებს: „ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ, ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33); ამიტომ ჩვენი გამოსაძიებელი როდია, თუ რად გაიყვანა ისინი უფალმა ამ ქვეყნიდან სიყრმის ასაკში. გვქონდა კი იმედი, რომ მათ კეთილზნეობრივებს, საზოგადოებისთვის გამოსადეგებს ვნახავდით და მომავალშიც ნუგეშს გვცემდნენ?! ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. ხშირად ვხედავთ, რომ ჩვენი იმედები არ მართლდება და მრავალი მშობელი ნუგეშის ნაცვლად შვილებისაგან მწუხარებასა და ტკივილს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სასჯელია მშობლებისათვის. თქვენ კი ეს არ გამოგიცდიათ, მხოლოდ მათი დაკარგვის სიმწარე განიცადეთ - თქვენივე უძლურებისა და სულმოკლეობის გამო. როცა რწმენასა და სასოებას მოიპოვებთ, მაშინ სასიხარულო ნუგეშს გცემთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი მარადიულ ნეტარებას მიემთხვივნენ და ცხოვრებისეული ცვლილებები და დაბრკოლებები ვეღარას ავნებთ. წერილი ამბობს: „სიგლახაკისაკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სიბრძნ. 4, 12); იმისათვის მიიღო უფალმა თავის წიაღში თქვენი შვილები, „რათა მათი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მათი სული“ (სიბრძნ. 4, 11); ღვთისათვის ხომ ყოველივე აშკარაა, თვით აღუსრულებელი საქმენიც კი, ამიტომ მადლიერებით მიმართეთ მას იმისათვის, რომ „ვითარცა ძღუენი პატიოსანი“. შეიწირა ნაყოფი თქვენი - მარადიულ ნეტარებაში. წაიკითხეთ წმიდა მოწამე უვარიოსის (19 ოქტომბერი) ცხოვრება, იქ ნახავთ, რომ დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, წმიდანმა თავისი გამოცხადებით ანუგეშა.
ხოლო თქვენ ყოველივე ზემოთქმულით ინუგეშეთ თავი, გწამდეთ, თუმცა არ გიხილავთ და როცა მადლიერების გრძნობით აღივსებით, უფალი მწუხარებას შეგიმსუბუქებთ და სულიერ შვებას მოგანიჭებთ. გსურთ იცოდეთ, თუ რა საშუალებით შეიძლება დაიმსახუროთ მათთან ზეციური შეხვედრა? ჩვენ მხოლოდ ამას კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, არამედ იმას, რომ ღვთის ბრწყინვალე სახე ვიხილოთ და იქვე ყველა, ვინც სიყვარულითვე შეერთვება სიყვარულს ღვთისას. ხოლო თუ როგორ მიიღწევა ყოველივე ეს, თითოეულ ქრისტიანს სიტყვა ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის: მცნებები აღასრულეთ და მთელი სასოება დაამყარეთ არა პირად დამსახურებაზე, არამედ ქრისტე მაცხოვარზე, რომელმაც თავისი ჯვარითა და ტანჯვით მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა. მისმა ყოვლადწმიდა ბაგემ წარმოსთქვა სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოან. 14, 21).
თქვენი მწუხარებით გულმოწყლულმა, როგორც შევძელი, ისე შევეცადე ნუგეში მეცა და გამემხნევებინეთ. მაგრამ ნუგეშისცემა და სულიერი განმტკიცება მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს. ამიტომ უგალობდეთ: „განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა“ (ფს. 14, 13); „კიდითგან ქუეყანისათ შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა“ (ფს. 60, 3); და ფსალმუნის სხვა სიტყვებით მიმართეთ მას.
უმწარესი განცდებით მივიღე თქვენი ვაჟის სამწუხარო აღსასრულის ამბავი, შემდეგ უკვე თქვენმა წერილმაც დაადასტურა ეს ცნობა. თანავუგრძნობ თქვენს მწუხარებას: რა თქმა უნდა, ის მართლაც სამაგალითოა: ასეთი მოულოდნელი და საზარელი სიკვდილით დაკარგო შვილი!.. მაგრამ უკან ვეღარაფერს დაიბრუნებთ და ნუგეშისცემა ღვთისაგან უნდა მიიღოთ. მას შესწევს ძალა, მოგმადლოთ ის. თქვენი ვაჟის მომავალი ბედიც, რომელიც ჩვენთვის გაურკვეველი და მიუწვდომელია, ღვთის ნებას მიანდეთ, როგორც მას სურს, ისე განსჯის, რადგან სამომავლო ხვედრის განსაზღვრა ჩვენს ხელთ როდია: მაშინ, როცა „არცაღა მამა სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იონ. 5, 22), ჩვენი განსჯა რაღაცას მოიტანს?
წერილის მიხედვით, რომელიც თქვენ მისგან მიიღეთ, ჩანს, რომ მეტად მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს სასოწარკვეთილი ყოფილა. ისეთი რა აუტანელი სირცხვილი ელოდა? - ეს გაუგებარია! ნუთუ ის, რომ ბერს ეძახდნენ? - ეს ხომ სრულიად არაფერია, ალბათ იყო კიდევ რაღაცა, მის გულს რომ ამძიმებდა. ფეთქებადი ხასიათი და სიამაყე უნდა ჩავთვალოთ მისი საქციელის მთავარ მიზეზად.
რაოდენ ღვთის მგმობარია ეს ვნება! საჭიროა, რომ მის წინააღმდეგ მთელი ძალები მივმართოთ და ღვთივსასურველი სიმდაბლე მოვიპოვოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ცოტას ზრუნავენ საამისოდ. მე არ შემიძლია სრულყოფილად გცეთ ნუგეში, ამიტომ მას ღვთისაგან ელოდეთ, თუ უსასრულო მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემით, მას ვერაფერს უშველით, საკუთარ თავს კი დიდად ავნებთ. ადამიანური ცხოვრება მწუხარებებითაა აღსავსე და ზეციურ სასუფეველში შესასვლელად მრავალი ტანჯვა უნდა გავიაროთ. იკითხეთ გარდასულ საუკუნეთა ისტორია და ნახავთ, რომ უდიდესი ადამიანებისა და გმირებისათვის, სამეფოთა მმართველობისა და ხალხთა წინამძღოლობისთვისაც მწუხარება უცხო არ ყოფილა. ის ღვთის განგებულებით გვეგლინება ჩვენი სარწმუნოების გამოსაცდელად, ან სასჯელად - ცოდვებისათვის. ჯერ კიდევ პირველქმნილმა ადამიანმა დაინახა თავის შვილებში ძმისმკვლელი კაენი და პირველი აბელის სიკვდილიც იხილა. რითაც ერთ მწუხარებას მეორე გამოუთქმელი მწუხარება დაერთო ზედ. სხვებს დუმილით ავუაროთ გვერდი და მხოლოდ კეთილმსახური და წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი გავიხსენოთ, რა მწუხარება შეხვდა მას თავისი შვილების გამო! წაიკითხეთ მისი ისტორია და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკეთესი როდი ხართ და ჩვენს მიერ გამოუკვლეველი განგების მიერ იმავე განსაცდელში ჩავარდით. თუ მომხდარს მორჩილებით იტვირთავთ საკუთარი ცოდვები ყოველთვის თვალწინ გექნებათ, უფალი სწრაფად მოგივლენთ ნუგეშს, მაგრამ თუ ყოველივეს სულმოკლეობით მივიღებთ, მაშინ საკუთარ მწუხარებას თვითონვე გააზვიადებთ და დაამძიმებთ. ამგვარად, ეს შემთხვევა ღვთის განგების ჩვენთვის გაუგებარ მოვლენად ჩავთვალოთ და მისსავე სამსჯავროს მივანდოთ. თქვენა და მთელ თქვენს ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილად ცხოვნებას, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემას გისურვებთ.
სულიერი მწუხარებით წავიკითხე წერილი, რომელშიც თქვენი მცირეწლოვანი ვაჟის მოულოდნელ აღსასრულს მატყობინებთ, ამბობთ, რომ მას უცაბედად ჩამოვარდნილი ფრონტონი დაეცა. მართლაც, დიდია თქვენი მამობრივი გულის მწუხარება, მაგრამ დაუფიქრებლობით კიდევ უფრო აზვიადებთ მას. ღვთის ნებით მოხდა ყოველივე თუ თქვენი გაუფრთხილებლობით?! ამის ფიქრი გკლავთ და მუსრავს თქვენს გულს, ამიტომ ჩემი აზრი გაინტერესებთ: როგორ უნდა უქცერდეთ ამ მოვლენას, რომ ცოდვის ტვირთი კიდევ უფრო არ დამძიმდეს, როდესაც ამ სამწუხარო, მტკივნეულ შემთხვევაზე ვფიქრობთ, შეუძლებელია დავუშვათ, რომ ის ღვთის უნებურად მოხდა: თუკი უფლის სიტყვის მიხედვით: „თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“ (ლკ. 21, 18). მაშინ ასეთი რამ ღვთის ნების გარეშე მოხდებოდა? ამის მიზეზი თქვენი გაუფრთხილებლობა როდია, რადგან თქვენ არ შეგეძლოთ ყოველი მისი ბავშვური გართობისა და მოქმედებისთვის თვალი გედევნებინათ, ეს შემთხვევა გამორიცხული არ იყო. თქვენ მისი თავიდან აცილება არ შეგეძლოთ. მით უმეტეს, რომ სხვა შვილები უვნებლად გადარჩნენ და სიკვდილი მხოლოდ მას ხვდა წილად: ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ „სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა“ (ფს. 35, 7); მაგრამ ვის ძალუძს მისწვდეს მის სიმართლეს: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანამზრახველ-ეყო მას“ (რომ. 11, 34) წერს წმიდა მოციქული პავლე. თქვენმა ვაჟმა, რომელმაც მარადისობაში გადაინაცვლა და თანაც ასე მტკივნეულ ვითარებაში, უეჭველია ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრა. ეს კი მის მიმართ ღვთის დიდი გულმოწყალებისა და მისივე წინაგანგებულების წყალობით მოხდა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა ელოდა მას, მისი სიცოცხლე რომ გახანგრძლივებულიყო. შეიძლება თქვენთვისაც გაცილებით მტკივნეული ყოფილიყო, რაიმე მწარე და სამწუხარო ვითარებაში რომ გენახათ იგი. არაერთგზის მსმენია ბევრისაგან: „უკეთესი იქნებოდა, რომ სულ პატარა მომკვდარიყო, ვიდრე ასეთი მწარე ყოფილიყო მისი დანახვა“, მაგრამ ყოველივე უწყის, რაც შეიძლებოდა ჩაგვედინა, იმასაც ისევე ხედავს, როგორც ჩადენილს. თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ დიდი წმიდანის - ღირსი სერგის ლავრაში იყავით, სწორედ მის სახელს ატარებდა მისი ვაჟი. ალბათ შვილის მფარველობა და მისთვის მეოხება შესთხოვეთ. ამ ვედრებაში მხოლოდ მის კეთილდღეობაზე კი არ ზრუნავდით, არამედ მარადიულ ცხონებაზეც. ახლა უკვე უეჭველია მისი ცხონება. წმიდა მამათა ცხოვრებაში, კერძოდ 19 ოქტომბრის წმიდა უვაროსის საკითხავში შეგიძლიათ ნახოთ: ერთმა ცნობილმა ქალბატონმა კლეოპატრამ ტაძარი ააგებინა, წმიდა მოწამის ნაწილები მასში დააბრძანა და მფარველობისათვის გადასცა თავისი ერთადერთი ვაჟი, რათა წმიდანს მისი კეთილდღეობა დაეცვა. მაგრამ ძე მისი სწორედ ტაძრის კურთხევის დღეს ავად გახდა და გარდაიცვალა. უდიდესი მწუხარებით შეპყრობილმა ქალმა ბრალი დასდო მოწამეს, რომ მან ვერ შესძლო დაეფარა მისი შვილი. ამგვარ გლოვაში მას ჩაეძინა და იხილა მოწამე უვაროსი, რომელსაც მისი ყმაწვილი ბრწყინვალე დიდებაში შეეყვანა. მან ჰკითხა ქალს, კმაყოფილი იყო თუ არა იმით, რაც მის ძეს მოემადლა. როდესაც ქალმა გამოიღვიძა, ირწმუნა ყოველივე, ნუგეში მიიღო და მწუხარება შეუმსუბუქდა. ასევე თქვენც გირჩევთ, ეს შემთხვევა ღვთის ნებას მიაწერეთ და მწუხარება იმ ნეტარებაზე ფიქრით გაიქარვეთ, მას რომ მარადიულ ცხოვრებაში მოელის.
თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა