წმიდა იოანე ოქროპირი

რჩეული ადგილები თხზულებებიდან

საღვთო წერილთა კითხვაში გამუდმებულ მეცადინეობაზე

დიდებული დავით წინასწარმეტყველი, უწყოდა რა წმიდა წერილის კითხვით მოგვრილ სარგებლობაზე, მას, ვინც გამუდმებით უსმენს წმიდა წერილს და ტკბება მასთან საუბრით, ნაკადულებთან დანერგილ მარადყვავილოვან მცენარეს ადარებს, როდესაც ამბობს: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, დასაჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა. არამედ სჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი, და სჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაჲცა ჰყოს, წარემართოს მას“ (ფსალმუნი 1,1-3). რამეთუ როგორც წყაროსთვალთან, ასევე ნაკადულების მახლობლად დარგული ხე, გამუდმებით ირწყვება რა, ყოველგვარი უამინდობის მიუხედავად უსაფრთხოდ გრძნობს თავს და არ უშინდება არც მზის მცხუნვარებას, არც ჰაერის სიმშრალეს, რადგან სინოტივე მოუგროვებია და ადვილად იგერიებს უხვად დაფრქვეულ მზის სხივებს: ასევე სულიც, საღმრთო წერილის ნაკადულებს დაწაფებული და მიწყივ მით დარწყულებული, საკუთარ თავში სულიწმიდის ცვარისა და ჭავლის შემგროვებელი, უსაფრთხო და დაცული ყოველგვარ არასასურველ გარემოებათაგან, იყოს თუნდაც ეს სნეულება, გაკიცხვა, ცილისწამება, ლანძღვა, დაცინვა, რამენაირი მცონარება, თუნდაც მთელი ქვეყნიერების უბედურებებმა მოიცვას სული, მოიხვეჭს რა ძალას წმიდა წერილის კითხვით, იგი ადვილად იგერიებს ვნებათა არმურს. ჭეშმარიტად, შეჭირვების ჟამს არაფერს, არც ძალაუფლების სიზვიადეს, არც მეგობრების გარემოს და არც რაიმე ადამიანურს არ ძალუძს იმგვარი ნუგეშინის-ცემა, როგორც საღმრთო წერილს. რატომ? იმიტომ, რომ საგნები ესე ხრწნადი და მსწრაფლწარმავალია და მათგან ნუგეში უმალვე განქარწყლდება; წმიდა წერილის კითხვა კი ღმერთთან საუბარია. ხოლო თუ ღმერთი ანუგეშებს მწუხარებისას, მაშინ რაღა დაამწუხრებს? მაშ, ყურადღებით ვიკითხოთ წმიდა წერილი არა მარტო იმ ორი საათის განმავლობაში, როდესაც ღვთისმსახურებას ვესწრებით ეკლესიაში, რამეთუ უსაფრთხოებისათვის ერთი მხოლოდ მოსმენა საკმარისი არაა, არამედ გამუდმებით; და თითოეულმა სახლში დაბრუნებისას, ჯობია, ხელში აიღოს და ჩაუღრმავდეს აზრს თქმულისას, თუკი სურს მისგან მუდმივი და საკმარისი სარგებლობა მიიღოს. და ნაკადულთან დანერგილი ხეც ორი და სამი საათი როდი ირწყვება, არამედ დღემუდამ. ამადაა ეს ხე დაფოთლილი, ამადაა უხვნაყოფიერი, - თუმცა ძე ხორციელისგან არ ირწყვება, - რადგან ნაკადულიდან ფესვებით სინოტივეს იწოვს და მისთვის ნაცნობი გზებით მარგებელ წვენს აწვდის ნერგს. ასევე საღვთო წერილის მიწყივ მკითხველს და მის ნაკადულებთან მდგომს არანაირი განმმარტებელი რომ არ ჰყავდეს, გამუდმებული კითხვით, რომელიღაც ფესვებით, დიდ სარგებლობას მოიპოვებს.

 

არაა საკმარისი, წმიდა წერილი მხოლოდ წიგნად იქონიო

მისთვის არ გვებოძა წმიდა წერილი, რომ იგი მხოლოდ წიგნად ვიქონიოთ, არამედ რათა აღვიბეჭდოთ გულთა შინა. მარტოოდენ წერილებში მოაქციონ მცნებები, ამგვარი მონაპოვარი მხოლოდ იუდაური პატივმოყვარეობისთვისაა დამახასიათებელი: ჩვენ კი სჯული თავიდანვე ასე როდი მოგვეცა, არამედ გულის ხორციელ ფიცარზე (2კორინთელთა 3,3). ამას რომ ვამბობ, არ გაბრკოლებთ წმიდა წერილის წიგნები შეიძინოთ. პირიქით, გაქებთ და გვედრით კიდეც ამას. მხოლოდ მსურს, წიგნებიდან სიტყვაც და აზრიც ჩვენს სულში შემოვიდეს და წმიდა წერილთა ჭკვა-გონებით შემთვისებელი სული, ამგზით განიწმიდოს. თუ ეშმაკი ვერ კადნიერდება, იმ სახლში შევიდეს, სადაც სახარებაა, მით უფრო ვერ შეეხება წმიდა წერილის გამთავისებელ სულს და მას თავს ვერ დაესხმის ვერც ეშმა და ვერც ცოდვა. მაშასადამე, წმიდა წერილის მქონებელმან ბაგეთა ზედა და გულსა შინა იკურთხე სული შენი, იკურთხე სხეულიცა შენი. რამეთუ თუკი ძვირისმეტყველება შეგვაგინებს ჩვენ და მოუხმობს ეშმაკებს, ცხადია, რომ სულიერი საკითხავები განგვწმენდს და ჩვენსკენ სული წმიდის მადლს მოიზიდავს.

 

ქრისტე ყოველთა სიკეთეთა წყაროა

რას გულისხმობს ეს ნათქვამი, იკითხავ შენ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ“ (იოანე 1,16). მას, ქრისტეს, ამბობს მახარებელი, როდი შეუძენია მადლი, არამედ თავადაა წყარო, ძირი ყოველთა სიკეთეთა; თვითარსი ცხოვრება, თვითმყოფადი სინათლე, თვითსრულქმნილი ჭეშმარიტება. იგი თავის თავში როდი აკავებს სიუხვეს სიკეთისას, არამედ გარდამოავლენს სხვებზე და გარდამოავლენს რა, თავად მუდამ აღვსილია. განამდიდრებს სხვებს, თავად არაფერი აკლდება; მიწყივ უწყაროებს და უზიარებს რა სხვებს სიკეთეებს, რჩება სრულქმნილი... მოაკლე ზღვას წვეთი და ზღვაც დაიკლებს. თუმცა ეს მოკლება შეუმჩნეველია. ხოლო იმ წყაროზე ამას ვერ ვიტყვით, რამეთუ რამდენსაც არ უნდა აღმოივსებდნენ მისგან, იგი იოტისოდენადაც არ კლებულობს.

 

რა ძალა აქვს ღვთისადმი სასოებას

დიდია ძალა ღვთისადმი სასოებისა. იგი მიუვალი სიმაგრეა, აუღებელი კედელი, დაუმარცხებელი შეწევნა, მყუდრო ნავთსაყუდელი, დაურღვეველი გოდოლი, მოუგერიებელი იარაღი, გადაულახავი ძალა, რომელიც გაუვალ ადგილებში მიიკვლევს გზას. ღვთისადმი სასოებით ამარცხებდნენ უიარაღონი შეიარაღებულთ, დიაცნი - კაცთ, ყრმანი ადვილად სძლევდნენ სამხედრო ხელოვნებაში გაწვრთნილთ და გამოცდილთ. და განა გასაოცარია, რომ მტრებს ამარცხებდნენ, როდესაც მთელ ამ ქვეყანაზე იმარჯვებდნენ. მათ წინაშე სტიქიაც კი კარგავდა თავის ბუნებას და მათ მორჩილებდნენ მოთვინიერებული მხეცები, ისინი იშლიდნენ მხეცობას და ნადირობას, რამეთუ სასოება ღვთისადმი ფერს უცვლის ყოველივეს. ბასრი კბილები, ვიწრო საპყრობილე, ბუნებრივი მძვინვარება, მტანჯველი შიმშილი, წინასწარმეტყველის თვით სხეულთან ახლოს მიტანილი ყბები, არაფერი იყო მათთვის დამაბრკოლებელი, ღვთისადმი სასოება, ყოველგვარ ლაგამზე უკეთ იმორჩილებდა ყბებს, უკუნ აქცევდა. წარმოიდგენდა რა ამას, დავით მეფსალმუნე მათ, ვინც გაქცევასა და უსაფრთხო ადგილებში თავშეფარებას ურჩევდნენ, ეტყოდა: უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა? რას ვამბობთ ჩვენ? სამყაროს მეუფე მყავს შემწედ ჩემდა; ყოველთვის ყოველივეს ადვილად აღმასრულებელი მყავს ჩემს წინამძღოლად და მფარველად; შენ კი უკაცრიელ ადგილას მგზავნი და მირჩევ უდაბნოში ვეძებო უსაფრთხოება? ნუთუ უდაბნოს შემწეობა უფრო მეტია, ვიდრე მისი, ვისაც შეუძლია ყოველივე დიდი სიფრთხილით მოიმოქმედოს? რად მაიძულებ მე, დიდებულად შეიარაღებულს, გავიქცე როგორც შიშველი და უიარაღო, რად გსურს, ლტოლვილად მაქციო? მხედრობის მყოლსა და გალავნითა და იარაღით გარეშეზღუდვილს შენ უდაბნოში გაქცევას არ ურჩევდი, და რომც გერჩია, სასაცილოდ გამოჩნდებოდი; მაშ, რად სდევნი მას, ვისთანაც სამყაროს მეუფეა, რად აიძულებ იხეტიალოს და გაექცეს ცოდვილთა თავდასხმას? გარდა თქმულისა, მაქვს სხვა მიზეზიც, არ გავრბოდე. თუკი უფალი შემეწევა და თავდამსხმელები ცოდვილები არიან: უკიდურეს უღირსებაში ხომ არ ვარდება ის, ვინც მირჩევს მფრთხალ ჩიტებს მივბაძო? ნუთუ არ იცი, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული ლაშქარი ობობის ქსელზე უსუსტესია? რამეთუ თუკი მიწიერი მეფის მტერი საითაც არ უნდა წავიდეს, ყველგან საფრთხეშია, მეტადრე მტერი ყოველთა ღმერთისა, სადაც არ უნდა იყოს, ყველა მისი მტერია, თვით ბუნებაც კი. რადგანაც, როგორც ღვთის მეგობრებს ყველა უშინდება - სტიქიაცა და მხეცნიც და ყველა ქმნილება პატივს-ცემს მათ, ასევე ღვთის მტერსა და წინააღმდგომსაც ყველა უმხედრდება და უსულო ქმნილებანიც კი თავს ესხმიან.

 

სიყვარული

სიყვარული არის ძირი, წყარო და დედა ყოველი სიკეთისა. ჭეშმარიტად, იგი, როგორც ძირი, იტოტება უამრავ სათნოებად; როგორც წყაროსთვალი გამოადინებს მრავალ ნაკადულს; როგორც დედა, თავის წიაღში დაავანებს ყველა მისდამი მოლტოლვილს. უწყოდა რა ეს, ნეტარმა პავლემ მას სულიწმიდის ნაყოფი უწოდა, სხვა ადგილას კი იმგვარი უპირატესობა მიანიჭა, რომ სჯულის აღსრულება უწოდა: აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყვარული არს (რომაელთა 13,10); და ყოველთა მეუფემაც თავისი მოწაფეებისთვის დამახასიათებელ ნიშნად და უტყუარ განმასხვავებელ თვისებად სხვა არაფერი შემოგვთავაზა, თუ არა სიყვარული, სთქვა რა: ამით გულისხმა-ჰყოფენ ყოველნი, ვითარმედ ჩემნი ხართ მოწაფენი, უკუეთუ გაქუნდეს ურთიერთას სიყვარული.

 

გულმოწყალება

ესევითარია ძალა სიყვარულისა: იგი უკვდავია, უხრწნელი და შეუძლებელია მისი დაღუპვა. განქარწყლდება ყველა ადამიანური საქმე, გულმოწყალების ნაყოფი კი მარად უჭკნობია, არანაირ ჟამთა ცვლას არ ემორჩილება. მართალია, ადამიანის სხეული დაიშლება, მაგრამ გულმოწყალება სიცოცხლესთან ერთად, არ წახდება, არამედ წარვალს, რათა მას სავანე გაუმზადოს, რომელზედაც ქრისტე იტყვის: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (იოანე 14,2). ამრიგად, მდგრადობითა და უცვალებლობით, რაც არაფერს ყოფითს არ გააჩნია, გულმოწყალება ყოველივე ადამიანურს აღემატება; სილამაზეზე მივუთითებთ? სნეულებისაგან ჭკნება იგი და სიბერისაგან ისპობა. ძალაუფლებაზე მივუთითებთ? იგი ერთობ ცვალებადია. ან სიმდიდრეზე, ანუ სხვა რაიმეზე, სახელოვანსა და აღიარებულზე ჩვენს ცხოვრებაში? იგი ან სიცოცხლეშივე ტოვებს ადამიანებს შიშველსა და არაფრისმქონეს, ან სიკვდილის შემდგომ. სხვაა ნაყოფი გულმოწყალებისა: მას ვერ სპობს დრო-ჟამი, ვერ განაქარწყლებს სიკვდილი და განსაკუთრებულად უსაფრთხოა მაშინ, როდესაც მიაღწევს ამ უღრუბლო ცხოვრებას.

 

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიმდიდრე

სიმდიდრე კეთილ საქმეებთან ერთად ჩინებულია. როდისაა იგი კარგი? როდესაც მას შვება მოაქვს ღარიბისათვის, როცა ამსუბუქებს სიღატაკეს. ყური უგდე, რას ამბობს იობი: უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ (იობი 29,15-16). აი, სიმდიდრე: იგი ცოდვა კი არა, გლახაკთმოყვარულობა ყოფილა. კარი სახლისა ჩემისა ღია მქონდა მგზავრისთვის (იობი 31,32). აი, სიმდიდრის მოხმარება, არა სახელით სიმდიდრისა, არამედ ნამდვილი სიმდიდრისა! ის სიმდიდრე ამ სიმდიდრის მსახურია; ის სიმდიდრე მხოლოდ სიმდიდრის სახელს ატარებს, რეალობის გარეშე; ეს კი სახელითაც სიმდიდრეა და სინამდვილეშიც ჭეშმარიტი სიმდიდრეა. როგორი? სიმდიდრე სათნოებათა, სიმდიდრე მოწყალებისა. რა გზით? ამგვარად ვიტყვი: არსებობს მდიდარი, სხვისას რომ მიიტაცებს, და არსებობს მდიდარიც, რომელიც გაჭირვებულს შეეწევა; ის მდიდრდება, აგროვებს რა, ეს კი - გასცემს რა; იგი თესს მიწაზე, ეს კი ზეცას მოიმუშაკებს; რამდენადაც ზეცა მიწაზე უმჯობესია, იმდენად პირველის მონახვეჭი უკანასკნელზე უარესია; ეს უამრავი ადამიანის სიყვარულით სარგებლობს, ის კი ყველასაგან გაკიცხულია; და რაც, ჭეშმარიტად გასაოცარია, - მტაცებელი და ანგარი სძაგთ არა მარტო მისგან ჩაგრულებს, არამედ მათაც, ვისაც მისგან არაფერი სწყენიათ, არამედ მხოლოდ დაჩაგრულები ებრალებათ; ხოლო მოწყალენი უყვართ არა მხოლოდ მისგან წყალობისმიმღებელთ, არამედ იმათაც, ვისაც მისგან არანაირი წყალობა არ მიუღიათ. ასეა, ძმანო, სათნოება მანკიერებაზე უკეთესია. მანკიერება ადამიანს იმათ მტრადაც ხდის, ვისაც მისგან არანაირი წყენა არ განუცდიათ, ხოლო მოწყალებას იმათი სიყვარულიც კი მოაქვს, ვისაც წყალობა არ მიუღიათ. მოწყალეს ლოცავენ: წყალობა არ მოგაკლოს ღმერთმა! და შენ მისგან რა ქველმოქმედება მიიღე? არა მე, არამედ ჩემმა ძმამ; არა მე, არამედ ერთმა მოყვასთაგანმა; მისთვის გაკეთებული სიკეთე, ჩემად მიმითვალავს. ვხედავთ განა, როგორია სათნოება, რამდენად გულის-სათქმელია, რაოდენ საყვარელია, ვითარ მშვენიერი? კაცი მოწყალე საერთო თავშესაფარია, ყოველთა მამაა, ხანდაზმულთა დასაყრდენი. მოწყალეს, თუ რამ უბედურება შეემთხვევა, ვლოცულობთ: შეიწყალე, ღმერთო, დაიფარე, სიკეთე შეამთხვიე მას! მაგრამ წარვედ მტაცებლის სახლისკენ, - და შენ გაიგონებ, როგორ ამბობენ მასზე: უვარგისი, ვერაგი, უსჯულო! მასზე დღე ყოველ აუარება საჩივარია. ხოლო როდესაც იგი ეცემა, ყველა თავს ესხმის მაშინ. ესაა განა ცხოვრება? ესაა ნუთუ სიმდიდრე?..

 

ჭეშმარიტება და სიცრუე

არაფერია ჭეშმარიტებაზე ნათელი და ძლიერი, ისევე როგორც არაფერია სიცრუეზე უძლური, თუნდაც იგი აურაცხელ სახვევებში იყოს გამოხვეული. რამეთუ სიცრუის გამომჟღავნება და უარყოფა ადვილია; ხოლო ჭეშმარიტება კი დაუფარავად სთავაზობს ყველას თავის თავს, ვისაც კი მისი სილამაზის ნახვა სურს. მას არ უყვარს შენიღბვა, არ ეშინია საფრთხის, არ თრთის დაბეზღებაზე, არ ეძებს სახალხო სახელს, და ადამიანურს არაფერს ექვემდებარება; იგი ყველაფერზე მაღლა დგას, ხდება რა, ბუნებრივია, ათასგვარი დაბეზღების საგანი, მაინც დაუმარცხებელია, მისდამი მოლტოლვილებს იცავს, როგორც ძლიერი ზღუდე, დიდებულებითა ძალისა თვისისათა; ვერ ითავსებს ფარულ თავშესაფრებს, არამედ დაუფარავად სთავაზობს ყველას, რაც მასშია.

 

რას ნიშნავს ღვთის სიტყვის აზრისდა მიხედვით სიტყვა „ადამიანი“

თუ შენ ჩვენი მოდგმის საერთო სახელწოდების გააზრებას ეცდები, აქედანაც სათნოების უდიდეს გაკვეთილსა და შეგონებას გამოიტან. რამეთუ სახელწოდებას - ადამიანი - ჩვენ ისევე როდი განვსაზღვრავთ, როგორც გარეგანნი (წარმართნი), არამედ როგორადაც გვიბრძანებს საღმრთო წერილი. იგი როდია ადამიანი, ვისაც ადამიანური ხელები და ფეხები აქვს, და არც ის, ვისაც მხოლოდ გონება გააჩნია; არამედ, ვინც გულსმოდგინედ იღწვის ღვთისმოსაობასა და სათნოებაში. მაშ, ისმინე, რას იტყვის წმიდა წერილი იობზე: იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, იგი მას არ აღწერს მისი იმ ნიშან-თვისებებით, როგორადაც ადამიანს გარეგანნი აღწერენ, და არ ამბობს, რომ მას ორი ფეხი ჰქონდა და ბრტყელი ფრჩხილები, არამედ თავს უყრის რა მისი ღვთისმოსაობის ნიშნებს, ამბობს: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი (იობი 1,1), - გამოხატავდა რა, რომ სწორედ ესაა ადამიანი. ასევე სხვაც იტყვის: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი (ეკლესიასტე 12,13). თუკი სახელწოდება ადამიანი თავის თავში სათნოებისადმი ასეთ შეგონებას შეიცავს, მით უფრო - სახელწოდება მორწმუნე. მორწმუნედ შენ იწოდები, რადგანაც ღმერთი გწამს და თავად მისგან იღებ განმართლებას, კურთხევას, სულის სიწმინდეს, შვილყოფას, ზეცათა სასუფეველს; ყოველივე ეს მან გარწმუნა და მიგანდო შენ; ხოლო შენ კი, შენის მხრივ, არწმუნებ და მიანდობ მას სხვა რამეს: მოწყალებას, ლოცვას, უბიწოებასა და ყველა დანარჩენ სათნოებას. მაგრამ რას ვამბობ მე მოწყალებაზე? თუ შენ მას მისცემ ერთ ჭიქა გრილ წყალს (მათე 10,42), ესეც კი არ დაგეკარგება, თვით ამასაც კი შემოინახავს უფალი უკანასკნელ დღისათვის და უდიდესი ნამატით მოგიზღავს; რამეთუ ესეც კი საკვირველია, რომ იგი არამარტო მისდამი რწმუნებულს შეინარჩუნებს, არამედ განამრავლებს კიდეც საზღაურით. იგივე გიბრძანა მან შენც, ძალისაებრ შენისა, იქმოდე შენც შენდამი რწმუნებულის მიმართ: შეჰმატო სიწმინდეს, რომელიც მიგიღია, მეტი ნათელი შეჰრთო სიმართლეს, ნათლისღების გზით რომ მიგიღია, უფრო ბრწყინვალედ წარმოაჩინო ნიჭი ესე.

 

როგორი პატივითაა განდიდებული ადამიანი ხილულ სამყაროში

წინასწარმეტყველი, ერთი სიტყვით გამოხატავს რა ყველა იმ კეთილისმყოფელობას, რომელიც ღმერთმა კაცთა მოდგმის წინაშე გამოიჩინა, ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და ვერ გულისხმა-ჰყო“. რომელ პატივზე ლაპარაკობს იგი? ისმინე, რას ამბობს სხვა ფსალმუნში: „ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოსებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად, - და, განმარტავს რა ამ ღირსებას, აგრძელებს: გააბატონე იგი შენს ხელთაგან ქმნილზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და ყოველნი რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღვათასა“ (ფსალმუნი 8, 6-9). უეჭველად, უდიდესი პატივია - მიანიჭო ადამიანს მეუფება, ყოველივე ხილულზე, იმ დროს როდესაც არანაირი სიკეთე არ ჩაუდენია. არ შეექმნა რა იგი ჯერაც, ღმერთმა თქვა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“, და სურდა რა განემარტა „ჩვენს მსგავსებად“, დაამატა: „ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს (დაბადება 1,26). სამი წყრთის ოდენა, ეს არცთუ დიდი არსება, პირუტყვთან შედარებით ფიზიკურად ბევრად სუსტი, დააჯილდოვა რა გონიერი სულით, რაც უდიდესი ღირსების გამოხატულებას ემსახურება მან ყველაზე აღმატებული გახადა გონების შესაძლებლობებით. ამ ნიჭის დახმარებით ადამიანმა ააშენა ქალაქები, გააპო ზღვა, დაამუშავა ნიადაგი, გამოიგონა ხელოვნების უამრავი სახეობა, მოათვინიერა უმძვინვარესი ცხოველები, - და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უმთავრესია, - შეიცნო თავისი შემქმნელი ღმერთი, მიუახლოვდა სათნოებას, გაარჩია ავი და კარგი. ხილულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთი იგი აღიქვამს ღმერთს; მხოლოდ ის შეიქმნა ღირსი გამოცხადებების, შეიცნო მრავალი რამ დაფარული, დაისწავლა ზეციური; გააცნობიერა, რომ მისთვისაა დედამიწა, მისთვისაა ცა, მისთვისაა მზე და ვარსკვლავები, მისთვისაა სრბოლა მთვარისა, წელიწადის დროთა ცვალებადობა და ამინდის მრავალფეროვნება; მისთვისაა სხვადასხვა ნაყოფი, მცენარეულობა და მრავალგვარი ცხოველი; მისთვისაა დღე და ღამე; მისთვის წარმოიგზავნენ მოციქულნი და წინასწარმეტყველნი; მისთვის იყვნენ მოვლენილნი ანგელოსები. თუმცა, არის კი საჭირო ჩამოთვლა? ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია. მისთვის მხოლოდშობილი ძე ღვთისა განკაცდა, ჯვარს-ეცვა, დაეფლა, და შემდგომად აღდგომისა ესეოდენი საშინელი ნიშები აღსრულდა; მისთვისაა სჯული, მისთვისაა სამოთხე, მისთვის იყო წარღვნა. უტყუარად, ესეც თავისებური სახის უდიდესი ღირსებაა - მისთვის მოიღო გამოსწორება კეთილისმყოფელობისა და სასჯელის გზით. მისთვისაა ძველ დროში აღსრულებული აურაცხელი საქმე განგებისა; და თავად მომავალი სამსჯავროც მისი ღირსებისათვის აღესრულება. ამიტომაც ამბობს იობი: რაჲ არს კაცი და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავს შენთან (იობი 14,1-3)? რასაც ფსალმუნთმთქმელიც ამბობს სხვაგან: „რა არის კაცი, რომ იხსენიებ (ფსალმუნი 8,5)? მისთვის კვლავაც მოვა მხოლოდშობილი ძე ღვთისა ურიცხვი სიკეთეებით; რამეთუ მან სხვა სიკეთენი უკვე მოგვანიჭა ჩვენ, გვაზიარა რა მათ ნათლისღებითა და სხვა საიდუმლოებებით და დაფარულთმეცნიერებით და აღავსო ყოველი ქვეყანა მრავალფერი სასწაულებით, ხოლო სხვანი კი: ცათა სასუფეველი, საუკუნო ცხოვრება აღგვითქვა მოცემად, რათა ჩვენ მისი მემკვიდრენი გავხდეთ და მასთან ერთად ვიმეფოთ. ამიტომაც თქვა პავლემ: თუკი დავითმენთ, მასთან ერთად გვექნება სუფევა (2 ტიმოთეს მიმართ 2,12). მოიგონებს რა ყოველივე ამას წინასწარმეტყველი სამართლიანად ადარებს პირუტყვებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც თავიანთ კეთილშობილებას მანკიერება ამჯობინეს და ცხოველურ ვნებებს მიეცნენ. იგივეს ხშირად სხვა წინასწარმეტყველნიც სჩადიან, რათა უსირცხვილო მსმენელებში სირცხვილი აღძრან. ასე მაგალითად ერთი მათგანი ამბობს: „ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ (იერემია 5,8)“; ხოლო მეორე: „ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა (ესაია 1,3)“, უფრო მკვეთრ გამოთქმას ხმარობს, ვიდრე დავითი; რამეთუ დავითმა თქვა: „ემსგავნენ პირუტყვთა უგუნურთა“, ხოლო ესაია კი ამბობს, რომ ისინი პირუტყვზე უფრო უგუნურნი გახდნენ, რადგან პირუტყვმაც იცის თავისი მფლობელი, ხოლო „ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს (ესაია 1,3)“.

 

რად უშვებს უფალი უბედურებებით გამოცდას

როგორც ოქრომჭედელი ბრძმედში მანამ ტოვებს ოქროს, სანამ მთლად არ განიწმინდება, ასევე ღმერთიც ადამიანთა სულებზე მანამდის უშვებს უბედურებებით გამოცდას, ვიდრე ისინი წმინდა და ნათელი არ შეიქმნებიან, და ვიდრე ამ განსაცდელებისაგან დიდ სარგებლობას არ ნახავენ... თუკიღა ოქრომჭედელმა იცის სადამდე გააჩეროს ოქრო ბრძმედში და ზედმეტად არ დატოვებს, რათა არ გადახურდეს და არ გაფუჭდეს; მით უფრო უწყის ეს ღმერთმა, და როდესაც ხედავს, რომ ჩვენ უფრო წმინდა გავხდით, დაგვიხსნის ხოლმე განსაცდელისაგან, რათა გადამეტებული უბედურებებისაგან არ წავიბორძიკოთ და არ დავეცეთ. ნუ მივეცემით დრტვინვასა და სულმოკლეობას, თუკი რაიმე მოულოდნელი შეგვემთხვევა, არამედ დავუთმოთ ყოვლისმცოდნეს, რათა განწმინდოს ჩვენი სულები, ვიდრემდის სურს; რამეთუ იგი ამას სარგებლობისათვის იქმს და სასიკეთოდ განსაცდელში ჩავარდნილისთვის.

რაც ცეცხლში მრავალზის გამოცდილ ოქროს ემართება, ჩვეულებისაებრ იგივე ემართება განსაცდელგამოვლილ ოქროს სულებსაც. გარკვეული დროით ცეცხლში გაჩერებული ოქრო ბევრად უფრო წმინდა და ბრწყინვალე ხდება: და ოქროს მსგავს სულიანი ადამიანებიც გადიან რა განუწყვეტელი განსაცდელების ბრძმედს, ოქროზე ბევრად უფრო ბრწყინვალე და ძვირფასნი ხდებიან.

 

სათნოების გზა ამ ცხოვრებაში

ახალი და უცნაური იმაში არაფერია, რომ ვიწრო გზით მიმავალს გაჭირვების გადატანა უწევს. ამგვარია სათნოების ბუნებრივი თვისება: მისი გზა აღსავსეა შრომით, დიდი ძალისხმევით, საფრთხითა და მანქანებით. მაგრამ ასეთია გზა; მას კი მოსდევს - გვირგვინები, ჯილდოები, სიკეთენი გამოუთქმელი და დაუსრულებელი. ამით ანუგეშებდე საკუთარ თავს. ამასთან, სიხარულიცა და წუხილიც აწინდელ ცხოვრებაში მასთან ერთად მიემართებიან და ამ ცხოვრებასთან ერთად სრულდებიან. მაშასადამე, არც სიხარულმა არ უნდა გაგვაამაყოს, და არც მწუხარების ჟამს არ უნდა დავეცეთ სულით. ჩინებული მესაჭე არც სიმყუდროვის დროს ეძლევა უდარდელობას და არც ქარიშხალი აფორიაქებს. იცი რა ყოველივე ეს, ინუგეშე თავი და ეძიე ამაში საუკეთესო გამხნევება.

 

რისთვის ისჯებიან აქ ერთნი, ხოლო მეორენი კი
ისეთივე ბრალეულნი - არ ისჯებიან

იკითხავ ალბათ, რად ისჯებიან ერთნი აქ, მეორენი იქ და არა ყველანი აქვე? რატომაა ასე? იმიტომ რომ, ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ყველა დავიღუპებოდით; რამეთუ ყველა განკითხვას ვექვემდებარებით. მეორეს მხრივ, აქ რომ არავინ ისჯებოდეს, ბევრი კიდევ უფრო დაუდევარი გახდებოდა, მრავალნი კი იტყოდნენ, რომ განგებულება არ არსებობს. რამეთუ, თუკი ახლაც კი მრავალი ღვთისმგმობელობს, თუმცა კი ხედავენ, რომ ცოდვილთაგან ბევრი ისჯება; რაღას არ იტყოდნენ, ესეც რომ არ ყოფილიყო? როგორ ბოროტებამდე არ მივიდოდნენ მაშინ? ამის გამოც, ღმერთი ზოგს სჯის აქ, ზოგს კი - არა. სჯის ზოგიერთებს, მოჰკვეთს მათ ცოდვებს, უმსუბუქებს მომავალ სასჯელს, ან სულაც ათავისუფლებს მათ ამისგან, და მათი დასჯით უბიწოებს ხდის უკეთურებაში მყოფთ; ხოლო სხვებს, პირიქით, არ სჯის, რათა, თუკი ისინი საკუთარ თავს ჩაუღრმავდებიან, სინანულში ჩავარდნენ და შერცხვეთ ღვთიური სულგრძელების გამო, და გადაურჩნენ როგორც აქაურ სასჯელს, ისე მომავალ სატანჯველს; ხოლო თუ უღირსებაში დარჩებოდნენ, ვერ შემტკბობნი ღვთიური წყალობისა, კიდევ უფრო მეტ სასჯელს მიიღებდნენ თავისი უკიდურესი დაუდევრობისათვის. ხოლო თუკი ვინმე კეთილმეცნიერთაგან დაიწყებს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ დასჯილნი უსამართლობას განიცდიან, რადგანაც მათ კიდევ შეეძლოთ შეენანათო; ამაზე ჩვენ ვეტყვით: ღმერთს რომ წინასწარმცნობელობით მათში სინანული დაენახა, მაშინ არ დასჯიდა. რამეთუ თუკი ის იმათ უთმენს, ვისზედაც უწყის, რომ გამოუსწორებელნი დარჩებიან; რამდენად უფრო მოუთმენდა აწინდელ ცხოვრებაში მათ, ვისზედაც ეცოდინებოდა, რომ მის სულგრძელებას სასიკეთოდ გამოიყენებდნენ, ისარგებლებდნენ დროის გადავადებით სინანულისთვის. მაგრამ ამჟამად, წინაუსწრებს რა მათ, იგი იმათაც უმსუბუქებს იქაურ ხვედრს, და ამათაც განაბრძნობს იმათი დასჯით. მაგრამ ყველა ცოდვილთან რად არ იქცევა ასე? იმად, რომ ცოცხლად დარჩენილები სხვისი შიშითა და დასჯით გამოსწორდნენ, და ღვთიური სულგრძელების მაქებართა და მისი სიმშვიდით დარცხვენილთა, დაუტეონ უღირსება. მაგრამ ისინი, მეტყვი შენ, არაფერს ასეთს არ აკეთებენ? - მაგრამ ამაში უკვე დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ იმათი უზრუნველობა, რომელთაც თავისი ცხონებისათვის არ ისურვეს ამგვარი შეწევნით ესარგებლათ. და შენ რომ დარწმუნდე, რომ იგი ამას სწორედ ამისთვის იქმს, - ყური მომაპყარ. ოდესღაც პილატემ გალილეველთა სისხლი სამსხვერპლო სისხლს შერთო, და ზოგიერთებმა, მოვიდნენ რა, ეს ქრისტეს ამცნეს; მან კი თქვა: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? არა გეუბნებით თქვენ: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13, 2-3). სხვა დროს 18 კაცი დაიღუპა დაქცეული გოდოლის ქვეშ მოყოლილი; და მათზედაც იგივე თქვა მან. - რამეთუ სიტყვებით: „იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო მეტად ცოდვილნი იყვნენ? არა გეუბნებით თქვენ“, - მან აჩვენა, რომ ცოცხლად დარჩენილნი ისეთივე ცოდვილები იყვნენ; ხოლო სიტყვებით: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“, აჩვენა, რომ იმათი ვნება იმისთვის დაუშვა, რათა ცოცხლად დარჩენილები შეშინდებოდნენ რა და შეინანებდნენ, სასუფევლის მკვიდრნი გამხდარიყვნენ. რა გამოდის? იტყვი შენ, - ესა და ეს იმისთვის ისჯება, რათა მე უკეთესი გავხდე? - არა, ამისთვის არ ისჯება, არამედ თავისი ცოდვებისთვის; მაგრამ ამასთან, იგი ყურადღებიანებისთვის ასევე საშუალება ხდება ცხონებისა; რამეთუ შიშნეულობას ჰგვრის რა იმით, რაც მას შეემთხვა, უგულსმოდგინესს ხდის მათ სიკეთის მიმართ. ასევე იქცევიან ბატონებიც: მრავალგზის სჯიან რა ერთ მსახურს, შიშით სხვებს უფრო უბიწოს ხდიან. მაშ, როცა ნახავ, რომ ზოგიერთები ან ზღვათაღელვაში დაიღუპნენ, ან ჩამოქცეულმა სახლმა მოიყოლა ქვეშ, ან ხანძრისას დაიწვნენ, ან მდინარეში დაიხრჩვნენ, ანდა სხვაგვარი სახის ძალადობრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე, მაშინ როცა სხვებს, ასეთსავე ან უფრო ცოდვილებს, არაფერი მსგავსი არ შემთხვევიათ, - ნუ აფორიაქდები და ნუ იტყვი: რატომაა, რომ ერთნაირად ცოდვილები ერთნაირად არ ევნენ? არამედ ასე განსაჯე, რომ ღმერთმა მიუშვა ერთი მოკლულიყო და გასრესილიყო, რითაც მას მომავალ ხვედრს უმსუბუქებს, ან სულაც ათავისუფლებს მომავალი სასჯელისაგან; ხოლო მეორეზე კი არაფერი მსგავსი არ დაუშვა - რათა იგი სხვისი დასჯით უფრო კეთილზნიანი გამხდარიყო. თუკი ცოდვებში დაახანებ, მაშინ საკუთარი უზრუნველობით უსიხარულო ტანჯვისთვის განიმზადებ თავს, და ღმერთი არაა დამნაშავე ამ აუტანელ სასჯელში. და კვლავ, თუ დაინახავ, რომ მართალი წუხს ან ყოველივე ის გადაუტანია, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ნუ დაეცემით სულით: რამეთუ მასაც უმზადებენ უბედურებანი უნათლეს გვირგვინებს. და საერთოდ, ყოველგვარი სასჯელი, თუ ცოდვილებს ეწევა, ცოდვათა სიმძიმეს უმსუბუქებს, თუ მართლებს - სულს უნათლესს ხდის; ე.ი. ერთსაც და მეორესაც უდიდესი სარგებელი აქვს ჭირ-ვარამისაგან, ოღონდ კი მადლიერებით გადაგვქონდეს ეს ყველაფერი: რამეთუ სწორედ ესაა საძიებელი.

გაგრძელება...