წმიდა იოანე ოქროპირი

რჩეული ადგილები თხზულებებიდან

სიმშვიდე

ვისაც სურს, ღმერთს მიემსგავსოს, დე იგი მშვიდი და წყნარი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და დე დიდსულოვნად გადაიტანოს, როდესაც სხვები წყენას აყენებენ. „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი, - ამბობს უფალი, - და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაითა იყუნეთ თქუენ შვილნი მამისა თქუენისა ზეცათაჲსა; რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე 5, 44-45; ლუკა 6, 27-28). მრავალი სათნოებაა ქრისტიანისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სიმშვიდე; რადგან ერთი მხოლოდ ამით გაბრწყინებულთ უწოდებს ქრისტე ღვთის მიმბაძველთ. რამეთუ თავად მეუფესაცა ჩვენსა მაცხოვარსა, იყო რა შეურაცხყოფილი, იწვნია რა დარტყმები, იქნა რა მილურსმული და ჯვარცმული, მშვიდად გადაჰქონდა სიშმაგე იუდეველებისა, და ჰქონდა რა ესევითარი ძალა დაესაჯა უკეთურნი, არ სჯიდა, არამედ თავისი ძალა იმაში აჩვენა, რომ მიწისძვრით შეარყია მიწა, აღადგინა მკვდრები, დააბნელა მზე და დღე ღამედ გარდააქცია, თავისი სიმშვიდე და კაცთმოყვარება იმითაც აჩვენა, რომ არავინ დაუსჯია უკეთურთაგან, რათა ყველას სცოდნოდა, ვინც კი დანაშაულებრივი ხელი აღმართა მეუფეზე, რომ ადვილად შეეძლო, გაშმაგებულნი დაესაჯა მას, ვინც ადვილად შესძრა მიწა და უბრძანა რა, მეყვსეულად დააბნელა მზე; მაგრამ რამდენადაც მშვიდია, მშვიდად გადააქვს სიცოფე უკეთურებისა; და არათუ მხოლოდ მშვიდად გადაჰქონდა მას ჯვარმცმელთა და მაგინებელთაგან, არამედ მამასაც ევედრებოდა ზეციური ისრები არ დაეშინა უკეთურთათვის. მაშ ასე, როდესაც შენ მძიმესა და აუტანელ შეურაცხყოფას დაგატეხენ და რისხვასა და მძვინვარებაში ჩავარდები, მოიგონე მაშინ სიმშვიდე ქრისტესი, და მაშინვე შენც მშვიდი და წყნარი შეიქმნები, და არამარტო შენ მიიღებ უდიდეს სარგებლობას სიმშვიდისაგან, არამედ მას მტერსაც მოუტან და ასწავლი კეთილი იყოს, რამეთუ, როდესაც ის დაინახავს, რომ შენ მშვიდად გადაგაქვს უკიდურესი შეურაცხყოფა და თავს იკავებ განრისხებისაგან, უმალ ისიც მორჩილი და კეთილი გახდება, მიატოვებს მრისხანებას, სურვილი გაუჩნდება შენი სიმშვიდის მობაძავი გახდეს.

 

წყენას უნდა ვპატიობდეთ

მოყვასს უნდა მივუტევებდეთ შეცოდებებს და მისთვის ვლოცულობდეთ. როგორც იმან, ვინც თავის მსგავს მონას ასი ქანქარის გადახდა მოსთხოვა, არა იმდენად მას ავნო, არამედ საბედისწერო დარტყმა მიაყენა საკუთარსავე თავს, დაკარგა რა ათი ათასი ტალანტი ვალის მიტევება: ასევე, ამის საპირისპიროდ, ვინც მოყვასს პატიობს შეცოდებებს, მომავალ სამსჯავროზე თავადაც იქნება შენდობილი, და რამდენადაც მეტს მიუტევებს, თვითონაც მეტად იქნება შეწყნარებული. მაგრამ განსხვავება მხოლოდ რაოდენობაში როდია: ყველა შემთხვევაში, მოწყალება მას შეუძლია გამოიჩინოს როგორც მონამ, ჯილდოს კი მიიღებს იგი ისეთს, როგორიც შეიძლება მეუფემ მიანიჭოს. ნუ მეტყვი, რომ შენი შეურაცხმყოფელი დამნაშავეა ამაში და ამაში. შენი ჩვენებისდა მიხედვით რამდენადაც უფრო მძიმე იქნება მისი ნამოქმედარი, მით უფრო მკაფიოდ აჩვენებ მისდამი შემწყნარებლობის აუცილებლობას, რამდენადაც მით უფრო შეგიძლია ამგვარად მომავალ ცხოვრებაში შენთვის წყალობა დაიმსახურო. განიშორე შენი მრისხანება, საღი მსჯელობით დაიოკე გული; ღმერთს შესწირე იგი მსხვერპლად... მოყვასისადმი სიკეთე ცოდვის განმწმენდელი უდიდესი მსხვერპლია: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან“ (მათე 6, 14).

 

მტრებისთვის უნდა ვლოცულობდეთ

მეგობრებისათვის ლოცვას ისეთი სარგებლობა არ მოაქვს, როგორც ლოცვას მტრებისთვის. უსმინე ქრისტეს, რომელიც ამბობს: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუასნი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან“ (მათე 5, 46). ასე რომ, როდესაც ჩვენ მეგობრებისთვის ვლოცულობთ, ჯერ კიდევ არა ვართ მეზვერეებზე უკეთესნი; ხოლო თუ მტრები გვეყვარება და მათთვის ვილოცებთ, ადამიანური შესაძლებლობისდა მიხედვით, ღმერთს მივემსგავსებით. „რაჲთა იყვნეთ თქუენ, - ამბობს იგი, - შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე 5, 45).

 

საიდან მომდინარეობს შინაური უსიამოვნებანი და მწუხარებანი

ბევრს ომი აქვს საკუთარ სახლში: ზოგს ცოლისაგან აქვს ომი, სხვას შვილი ესხმის თავს, ვინ ძმისგან განიცდის უსიამოვნებას, ვინ კი მსახურისგან, - და თითოეული მათგანი იტანჯება, განიცდის, იბრძვის, ომს ატეხს (სხვას) და მარცხდება ომში, მაგრამ არცერთი მათგანი, მსჯელობს რა საკუთარ თავში, არ ფიქრობს, ცოდვები რომ არ დაეთესა, სახლში ეკალ-ბარდები არ აღმოუცენდებოდა, - ცოდვის ნაპერწკალი რომ არ შეენთო სახლიც ცეცხლის ალში არ გაეხვეოდა. ხოლო შინაური უბედურებანი რომ ცოდვათა ნაყოფია და რომ სასჯელის აღმსრულებლად ღმერთი მისსავე შინაურებს უნიშნავს, ამაზე საღვთო წერილი მოწმობს, და მასზე უტყუარი არაფერია. შენთან ომი აქვს ცოლს, სახლში შესვლისთანავე გარეული ნადირივით გეკვეთება ხოლმე, ლახვარივით ალესილი აქვს ენა? სამწუხაროა, რომ თანაშემწე მოწინააღმდეგედ ქცეულა; მაგრამ საკუთარი თავი გამოიკვლიე: სიჭაბუკეში რაიმე ხომ არ განგიზრახავს რომელიმე ქალის წინააღმდეგ? და აი ქალის შეურაცხყოფისთვის ქალივე გიხდის, და სხვის ჭრილობას საკუთარი ცოლივე მკურნალობს. მართალია, თავად მოქმედმა პირმა ეს არ უწყის, მაგრამ იცის მკურნალმა - ღმერთმა. იგი შენზე მისით მოქმედებს, როგორც რკინით*, - და როგორადაც რკინამ არ უწყის, რასაც აკეთებს, არამედ ექიმმა, რომელიც რკინით მკურნალობს, ასევე აქაც: მართალია, ჭრილობის მიმყენებელმა ქალმა და ჭრილობამიყენებულმა კაცმა არ იციან ამის მიზეზი, მაგრამ სამაგიეროდ ღმერთმა, როგორც მკურნალმა, უწყის, რა არის სასარგებლო. ხოლო ის, რომ ცოლი მათრახია ცოდვათა გამო, ამაზე წმიდა წერილი მოწმობს; იგი ამბობს, რომ „ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა“ (სიბრძნე ზირაქისა 26,3. 9)* იგი მათ, როგორც მწარე წამალი ეძლევათ, ცოდვის წვენებს რომ დაშრეტს. და რომ შვილებისაგან თავდასხმა ასევე სასჯელია ცოდვათა გამო, ამის მოწმე დავითია, რომელსაც საკუთარი შვილი აბესალომი სდევნიდა ურიას ცოლთან უსჯულო კავშირის გამო. როდესაც ძმები გესხმიან თავს, იმდენად მათზე დრტვინვას კი ნუ მოჰყვები, არამედ საკუთრ თავს დააკვირდი და ყურადღებით გამოიკვლიე, რა ცოდვებისთვის გექცნენ ძმები მტრებად. ასე იოსები განიცდიდა ძმებისგან თავდასხმას, მაგრამ არა ცოდვების გამო, იობი კი ცოლის შესმენას ისმენდა, მაგრამ არა ცოდვათა გამო. ხოლო ადამიანთა უმეტესობისთვის, მათივე ცოდვების გამო ხდებიან შინაურები მათი მტრები. ზოგჯერ ცოდვების გამო მეგობრებიც მტრად გვიხდებიან და უწინ ჩვენი მოყვარულები ახლა ვეღარ გვიტანენ და ჩვენგან სახეს იბრუნებენ; რადგან ღმერთი, მისთვის ცნობილი მიზეზების გამო, უშვებს მათ შორის ამგვარ სიძულვილს. ასევე ეგვიპტელებზეცაა ას მეოთხე ფსალმუნში ნათქვამი: „გარდააქცია გული მისი, მოძულებად ერისა მისსა“ (ფსალმუნი 104, 25). ღმერთი კი სიძულვილს არ დაუშვებდა, თუკი უწინ მათი სიყვარული მანკიერი არ იქნებოდა. ვისაც სიყვარული დაღუპვისათვის ემსახურებოდა, მასვე სიძულვილი სათნოებისაკენ უბიძგებს. ასევე მონა-მორჩილნიც ხშირად ამხედრებიან თავიანთ ბატონებს მათი ცოდვების გამო. აი, შეხედე, ვიდრე ადამი შესცოდებდა, ცხოველებიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, და იგი, როგორც თავის მონებს, სახელებს აძლევდა მათ; და როდესაც ცოდვით შესვარა სახე, ცხოველებმაც ვერ იცნეს იგი და მონებიდან მტრად ექცნენ. და როგორც შინაური ქოფაკი იმას ემსახურება, ვინც კვებავს მას, მის წინაშე ძრწის და მისი ეშინია, მაგრამ თუ მოულოდნელად სახედაჭვარტლულს ნახავს ან უცხო ნიღბით, მაშინვე ეცემა მას, როგორც უცნობს, და დაგლეჯვას ლამობს; ასევე მოხდა ადამთანაც: ვიდრე ისეთ სახეს ინარჩუნებდა, როგორადაც იგი ღმერთმა შექმნა, ხატად თვისად, მანამ მხეცები, როგორც მონები ემორჩილებოდნენ. მაგრამ როგორც კი სახე ურჩობით შეისვარა, მხეცებმაც ვერ იცნეს იგი და მტრობა უწყეს, როგორც სავსებით უცნობს. მონათა აჯანყებებიც ასევე საზღაურია ცოდვებისათვის. მართალი იყო დანიელი და ლომებმაც აღიარეს მისი ძალაუფლება მათზე; მათ იგი ცოდვასთან უზიარებელი ნახეს და სასჯელისგანაც უზიარებელი დატოვეს (დანიელი 6, 22). შესცოდა სიცრუისმთქმელმა წინასწარმეტყველმა, - და გზად ლომი შემოეყარა და მოკვდინებულ იქნა (3 მეფეთა 13, 24); სიცრუით შეისვარა სახე და ლომმაც ვერ იცნა იგი. ლომს რომ, დანიელის მსგავსად, მასში წინასწარმეტყველი დაენახა, პატივსაც მიაგებდა; მაგრამ იგი ცრუწინასწარმეტყველს წააწყდა და ამიტომაც დაესხა თავს, როგორც უცხოს; მეუფემ იცრუა და მონაც ეცრუვა მის მეუფებას. მაგრამ რას ვამბობ მე საშინაო უბედურებებზე, როცა თავად ჩვენი სხეულიც კი, რომელიც ყველაზე ახლობელი და სასურველია ჩვენთვის, ზოგჯერ ისიც კი გვმტრობს, როდესაც შევცოდებთ, და სამაგიეროს გვიხდის ციებ-ცხელებით, სხვა სნეულებითა და სატანჯველებით, - თუკი მონებრივი სხეულიც სჯის მეუფებრივ სულს, როდესაც იგი შესცოდებს, არა იმის გამო, რომ მას ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ასე ებრძანა. ამას მოწმობს ქრისტე, რომელიც განკურნებულ პარალიზებულს ეუბნება: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“ (იოანე 5, 14). მაშ, შევიტყვეთ რა, ძმანო, რომ შინაომებიც, მოყვასისაგან და მონათაგან ჯანყიც, ხორციელი ავადმყოფობებიც უმეტესწილად ჩვენი შეცოდებების გამო ხდება ხოლმე, მოვსპოთ უბედურებათა წყარო - ცოდვა.

 

როცა შესცოდებ, თავის მართლებას ნუღარ მოჰყვები

შემცოდეობა - ბოროტებაა; მაგრამ ბევრად უფრო დიდი ბოროტებაა - იუარო ცოდვის ჩადენა. სწორედ ესაა განსაკუთრებულად ეშმაკის ხელში იარაღი. ასე მოხდა პირველქმნილ ადამიანებთანაც. მაშინ, როცა ადამს შეჰფერდა ცოდვაში გამოტეხილიყო, მან ცოლს გადააბრალა, ცოლმა კი თავის მხრივ - ეშმას. უნდა ეთქვა კია: შევსცოდე, უსჯულოება-ვჰყავი, - სხვები კი არათუ არ აღიარებენ ცოდვას, არამედ თავის მართლებასაც კი იწყებენ. რამეთუ იცის რა ეშმამ, რომ ცოდვის აღიარება ცოდვისაგან ათავისუფლებს, სულს უსირცხვილო სიჯიუტისაკენ ეწევა. შენ კი, საყვარელო, როცა შესცოდებ, თქვი: მე შევცოდე. ამაზე უფრო სამართლიანი თავის მართლება არ არსებობს. ამგვარად შენ მოწყალე-ჰყოფ ღმერთს; ამ გზით შენც უფრო თავდაჭერილი გახდები იმავე ცოდვების მიმართ. ხოლო თუ არაფრისმთქმელი თავისმართლებების ძებნას შეუდგები და შეეცდები სულის შიშისგან განთავისუფლებას, ამით მას კიდევ უფრო განაწყობ იმავე ცოდვების მიმართ და დიდად განარისხებ ღმერთს.

 

ცხონების იმედი არ უნდა გადაიწურო

ნუ მეტყვი: დავიღუპე მე, რაღა დამრჩენია გავაკეთო? ნუ მეტყვი: შევცოდე, რაღა ვქნა? შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულებაზე მაღლა დგას; შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულების ძალას ამარცხებს, შენ გყავს მკურნალი, რომელიც ერთი შებერვით კურნავს; შენ გყავს მკურნალი, რომელსაც ძალუძს და სურს შენი განკურნება. თუკი მან არარაობისაგან გამოგიხმო, მით უფრო ძალუძს შენი გამოსწორება, უკვე არსებულისა და შელახულისა. ნუთუ არ გსმენია, თუ როგორ აიღო მან მიწისაგან მტვერი და შექმნა ადამიანი? მიწა როგორ აქცია ხორცად? როგორ შექმნა ნერვები, როგორ ძვლები, როგორ კანი, როგორ ძარღვები, როგორ ცხვირი, როგორ თვალები, როგორ წამწამები, როგორ ყვრიმალები, როგორ მკერდი, როგორ ხელები, როგორ ფეხები, როგორ ყველაფერი დანარჩენი? აიღო მიწა, ერთი ნივთიერება; მიუსადაგა ხელოვნება - და წარმოქმნა მრავალფერი ქმნილება. შენ არ შეგიძლია თქვა, როგორ შეიქმენი? ზუსტად ასევე არ შეგიძლია თქვა, როგორ აღმოიფხვრება ცოდვები. თუკი ეკალნარში მოხვედრილი ცეცხლი ფერფლად აქცევს მას, მით უფრო აღმოფხვრის ძირფესვიანად ღვთის ნება ჩვენს შეცოდებებს და ცოდვილს უცოდველის დარს გახდის. ნუ იკითხავ, ეს როგორ ხდება, ნუ გამოიკვლევ, ეს როგორ აღესრულება, არამედ გწამდეს სასწაულისა. შენ იტყვი: მე ბევრი შევცოდე და ჩემი ცოდვები დიდია; მაგრამ ვინაა უცოდველი? შენ იტყვი: მე მძიმედ შევცოდე, ყველა ადამიანზე მეტად და უარესად. მაგრამ შენთვის საკმარისია ასეთი მსხვერპლის შეწირვა: აღიარე, რომ შენ შესცოდე და ეს შენი გამოსწორების დასაბამი იქნება. მოსთქვამდე, გული გიჩუყდებოდეს, ცრემლები ღვარე. რაიმე სხვას ღვრიდა განა მეძავი? სხვას არაფერს, სინანულის ცრემლის გარდა. მან თავის წინამძღოლად სინანული გაიხადა - და მოვიდა წყაროსთვალთან.

 

ყოველდღიურ თვითგამოცდაზე

ვახშმის შემდგომ, როდესაც ძილად მიხვალ, როცა დასაწოლად ემზადები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, როდესაც არავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, შენ დაიწყე სინდისის გასამართლება, ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვე, თუ დღის განმავლობაში როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა, როგორ ზრახავდი მოტყუებას, ან რა მახეს უგებდი მოყვასს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს; ყოველივე ეს ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოადგინე, სინდისი მსაჯულად დაუყენე ამ მანკიერ ფიქრებს, გაანადგურე ისინი, განსაჯე, დასაჯე შემცოდე სული... თუკი მანკიერი გულისთქმების დასჯაა საჭირო, რათა ისინი საქმედ არ იქცნენ, მით უფრო საჭიროა სულით შემუსვრილება ამგვარ საქმეებსა და გულისსიტყვებზე. და ეს ყოველდღიურად ასე იყოს, და იმაზე უწინ ნუ დაიძინებ, ადამიანო, ვიდრე თვალს არ გადაავლებ და განსჯი დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებს; მაშინ, უეჭველია, მომდევნო დღეს ასეთი ჩქარი აღარ იქნები მსგავსი ჩანაფიქრის შესასრულებლად.

 

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მარხვა

წმინდა დიდმარხვის დროს, ჩვეულებისამებრ, ყველა იმას კითხულობს, ვინ რამდენი კვირა იმარხულა. და შეიძლება მოისმინოთ, რომ ერთნი მარხულობდნენ ორი კვირა, სხვები - სამი კვირა, ვინ - ყველა კვირა (დიდმარხვისა). მაგრამ რა სარგებლობაა, თუკი მარხვას კეთილი საქმეების გარეშე ვატარებთ? თუკი ვინმე იტყვის: „მთელი დიდმარხვა ვმარხულობდი“; შენ თქვი: მე მტერი მყავდა და შევურიგდი, ბილწსიტყვაობის ჩვევა მქონდა და მივატოვე, დამცინავი ვიყავი და განვიშორე ეს ბოროტი ჩვეულება. მეზღვაურთათვის არანაირი სარგებლობა არაა იმაში, თუკი ისინი ვრცელსა და დიდ ზღვას გადასცურავენ; არამედ სარგებლობა იმაში მდგომარეობს, თუკი ნავთსადგურში ტვირთითა და სხვადასხვა საქონლით მიცურდებიან. და ჩვენთვისაც არანაირი სარგებლობა არ იქნება მარხვისგან, თუკი მას როგორღაც და განსჯის გარეშე გავატარებთ. თუკი ჩვენ ვმარხულობთ, ვიკავებთ რა თავს მხოლოდ საზრდელისგან, მაშინ, ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მარხვაც მთავრდება. ხოლო თუ თავს ცოდვებისაგან ვიკავებთ, ამ მარხვის დამთავრების შემდეგაც გრძელდება იგი და მისგან ჩვენ მუდმივი სარგებლობა გვექნება, და უწინარეს ცათა სასუფეველისა, იგი აქვე მოგვიზღავს არაერთ ჯილდოს. როგორც ცოდვებში მყოფი გეენიამდე ისჯება სინდისის ქენჯნით, ასევე კეთილი საქმეებით განმდიდრებული უწინარეს ცათა სასუფევლისა ტკბება უდიდესი სიხარულით, საზრდოობს რა კეთილი იმედებით.

 

მათ მიმართ, ვინც არა ღირსშესატყვისად მიეახლებიან წმიდა ზიარებას

მორწმუნეთაგან მრავალნი ისეთ უგუნურებასა და მცონარებამდე მივიდნენ, რომ არიან რა აღვსილნი აურაცხელი ცოდვებით და სრულებითაც არ ზრუნავენ რა საკუთარ თავზე, უდიერად და, როგორც მოუხდებათ, მიეახლებიან დღესასწაულებში წმიდა ზიარებას; ის კი არ უწყიან, რომ ზიარების დრო განისაზღვრება არა დღესასწაულითა და ზეიმით, არამედ სუფთა სინდისითა და უმწიკვლო ცხოვრებით. როგორც იმას, ვინც საკუთარ თავში ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს, შეუძლია ყოველდღიურად ეზიაროს, ასევე, პირიქით, ცოდვებში ჩაფლულსა და უნანელისთვის სულაც არაა უსაფრთხო თუნდაც დღესასწაულებზე ზიარება. რამეთუ ის, რომ ჩვენ წელიწადში ერთხელ მივეახლეთ ზიარებას, სულაც არ გვათავისუფლებს დანაშაულისგან, თუკი უღირსად ვეზიარებით. პირიქით, სწორედ ეს გვაყენებს მეტი განკითხვის ქვეშ, რომ ვეზიარებით რა წელიწადში ერთხელ, მაშინაც კი არ მივეახლებით ზიარებას წმინდად; ამიტომ ყველას გთხოვთ, საღვთო საიდუმლოებებს არ მიეახლოთ მხოლოდ დღესაწაულის გამო, არამედ, როდესაც თქვენ გსურთ ამ წმიდა ძღვენის ზიარება, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ეცადეთ თავი სინანულით, ლოცვებით, მოწყალებითა და სულიერი საქმიანობით განიწმინდოთ, და უკან ნუღარ დაბრუნდებით, როგორც ძაღლი - საკუთარ ნარწყევში. მართლაცდა, განა საშინელება არაა - ხორციელ საგნებზე ესოდენი ზრუნვა გამოიჩინონ, რომ დღესასწაულის მოახლოებისას, რამოდენიმე დღით ადრე, სკივრები გახსნან და ყველაზე საუკეთესო კაბა ამოიღონ, მოამზადონ იგი, შეიძინონ ფეხსაცმელები, საკვები უხვად მოიმარაგონ, ჩაიფიქრონ ათასგვარი სასყიდელი და ყველანაირად მოირთონ და მოიკაზმონ; სულზე კი, რომელიც სავსებით უგულებელსყვეს და დატოვეს არაწმიდად, შერყვნილად და შიმშილით გათანგულად და სრულიად მოუწყობელად, სულაც არ ზრუნავენ, სხეული აქ მორთული შემოიყვანონ, სული კი შიშველი და უსახური დატოვონ? ამასთან, შენს სხეულს შენივ მსგავსი მონა ხედავს, ხოლო სულს - უფალი, და მისი უგულებელსყოფისათვის უდიდეს სასჯელს მოგიზღავს. ნუთუ თქვენ არ იცით, რომ ეს ტრაპეზი სავსეა სულიერი ცეცხლით და როგორც წყაროსთვალები გამოადინებენ საკუთარი თავიდან ბუნებრივ წყალს, ასევე ამასაც გააჩნია თავის თავში რომელიღაც გამოუთქმელი ალი? ამიტომაც მას ნუ მიეახლები ჩალით, შეშითა და თივით, რათა შენ არ გააძლიერო აალება და მაზიარებელთა სული არ დაწვა, არამედ მიეახლე ძვირფასი თვლებით, ოქროთი და ვერცხლით, რათა ნივთიერებაჲ ესე უფრო გაასუფთაო და აქედან შენც დიდი შენაძენით გახვიდე. თუკი შენს სულში რაიმე ცუდია, განაგდე, გააძევე იგი მანდედან. ვინმეს მტერი ჰყავს და დიდი წყენა მიადგა მისგან? დე ასეთმა შეწყვიტოს მტრობა, დე დააშოშმინოს ანთებული და გაღიზიანებული სული, რათა შიგნით არანაირი შფოთი და მღელვარება არ იყოს. ზირების გზით შენში შემოვალს მეფე; ხოლო როდესაც დიდი სიჩუმეა, დიდი სიმყუდროვე, - გულისსიტყვებშიც უდიდესი მშვიდობაა.

 

გარდაცვლილის გამო უზომო მწუხარებას არ უნდა ვეძლეოდეთ

ხედავ რა გარდაცვლილს, იმას კი ნუ შეხედავ, რომ თვალები დახუჭა და მდუმარედ წევს, არამედ იმას, რომ იგი აღსდგება მკვდრეთით და ენითგამოუთქმელ, განსაცვიფრებელსა და განსაკვირვებელ დიდებას შეიმოსავს: და აწინდელი სახილველიდან თვალი მიაპყარ მომავლის იმედს. მაგრამ შენ ჩვეულებას მისდევ და ამიტომაც ეძლევი მწუხარებას და ტირი? მაგრამ განა საკვირველი არაა? როცა ქალიშვილს გაათხოვებ, უბედურად არ თვლი, თუკი მისი ქმარი შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება და იქ ბედნიერად ცხოვრობენ, რადგანაც ამბავი მათი კეთილდღეობის შესახებ განშორების სიმძიმილს გიმსუბუქებს. აქ კი, როდესაც არა ადამიანს, არა თანამონას, არამედ თავად უფალს მიჰყავს შენი ნათესავი, შენ სევდას ეძლევი და დრტვინავ? - „როგორ შეიძლება არ სწუხდეს ადამიანი?“ მე ამას არ ვამბობ და არ ვკრძალავ წუხილს, არამედ - გადამატებულობას წუხილისა, რამეთუ გარდამეტებული მწუხარება სჩვევია უგუნურ, გონებაშეშლილსა და განებივრებულ სულს. სწუხდე, სტიროდე, გარნა ნუ დრტვინავ, სულმოკლეობას ნუ ეძლევი, ნუ ჩივი. ჰმადლობდე წამყვანებელს, შეამკვე წასული და შეჰმოსე იგი ნათელ დასაკრძალ სამოსელში. თუკი დრტვინვას მოჰყვები, გარდაცვლილსაც შეურაცხყოფ და წამყვანებელსაც განარისხებ, საკუთარ თავსაც ავნებ; ხოლო თუ მადლობას შესწირავ, მასაც შეამკობ, წამყვანებელსაც განადიდებ და საკუთარ თავსაც სარგებლობას მოუტან. იტირე, როგორც უფალი შენი დასტიროდა ლაზარეს, მოგვცა რა ამით საზომი, წესი და საზღვარი წუხილისა, რომელსაც არ უნდა გადავცდეთ. ასევე თქვა პავლემაც: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რათა არა ჰსწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოება“ (1 თესალონიკელთა 4, 13). სწუხდე, - ამბობს იგი, - მაგრამ არა როგორც წარმართი, რომელიც არ ელის აღდგომას, არა აქვს მომავალი ცხოვრების იმედი...

 

რას შეუძლია განკითხვის დღეს სარგებლობის მოტანა

დიდება, სიმდიდრე და ამქვეყნიური გვარიშვილობა განკითხვის დღეს არანაირ სარგებლობას არ მოგვიტანს, შეგვეწევა მხოლოდ მცნებათა აღსრულება, რომელსაც ახლავს მართალ დოგმატთა დაცვა. ამას ნურასოდეს დაივიწყებ და შენი სულიდან ღვთის შიშს ნუ ამოიგლეჯ, იცი რა უეჭველად, რომ ყველა ჩვენგანის სუნთქვა მის ხელშია, და ერთს ის უმატებს სიცოცხლის წლებს, ხოლო მეორეს, როგორც ინებებს, უმოკლებს. „მე, - ამბობს ის, - ვკლავ და მე ვაცოცხლებ... ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან თავს“ (მეორე რჯული 32, 39). „საშინელ-არს შევრდომა âელთა ღმრთისა ცხოველისათა!“ (ებრაელთა 10, 31). ყველა ჩვენ, ადამიანები - მტვერი და ნაცარი, ყვავილი, ბალახი, მიწა, აჩრდილი, კვამლი, სიზმარი, და ვცოცხლობთ და არც ვცოცხლობთ; რამეთუ იმ წამიდან, რაჟამს განაჩენი იქნა გამოცხადებული ჩვენს მოდგმაზე: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“ (დაბადება 3, 19), - ჩვენ ყველამ ერთბამად შევიმოსეთ მოკვდაობა და განხრწნადობა, და ყველა საერთოდ უკვე დავექვემდებარეთ სიკვდილს, თუმცა ერთი კვდება დღეს, მეორე - ხვალ. მიწისაგან წარმომდგარნი, რამოდენიმე ხნის შემდეგ კვლავაც მიწაში ვბრუნდებით, - მეფენი და უბრალო კაცნი, მთავარნი და მათდამი დაქვემდებარებულნი... მოიგონე, რომ კეთილის მოქმედნი, როგორც სიცოცხლეში, ასევე შემდგომად სიკვდილისა, ნეტარხსენებულნი არიან და საზღაურის მიღების დღეს ამოვლენ სიცოცხლის აღდგომად, ხოლო ბოროტის მოქმედნი, როგორც აქ ყველასგან შეჩვენებასა და ლანძღვას იმსახურებენ, ისევე აღსდგებიან და არა სიცოცხლის, არამედ განკითხვის აღდგომად (იოანე 5, 29)... „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათე 11, 29). მე ვამბობ არა იმის შესატყვისად, რაც მე ვარ, არამედ ვსაუბრობ ჩემი გულმოწყალების შესაბამისად; ხელმწიფებაზე მეტად სახიერება მიყვარს. მე, მეფე, შენთან ვლაპარაკობ; დიდია ჩემი ძალა, მაგრამ არ მსურს, შენი უძლურება ჩემთვის დამახასიათებელი ძლევამოსილებით დავცე. არ ვამბობ: მოვედით, ისწავლეთ ჩემგან, რომ მე - მეუფე ვარ, უფალი ქმნილებისა, რომელიც დასცქერის რა დედამიწას, აიძულებს თრთოდეს, რომელსაც „ცა მტკაველით გაუზომავს და დაუთვლია მიწის მტვერი“ (ისაია 40, 12), არამედ: „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. მე ასეთი მშვიდი ვარ: შენ შესცოდე, მე გამათხარება გადავიტანე; მე ასე ნებაყოფლობით მდაბალი ვარ გულით: მე, მეუფე, მოვედი, რათა ისინი გამეთავისუფლებინა, რომელნიც დამონებულნი იყვნენ, მათ კი მე, განმათავისუფლებელს, ყვრიმალში მირტყეს და მონებმა ჯვარს მაცვეს მე; მე კი, მიუხედავად ამისა, ვევედრებოდი რა მათთვის მამასა ჩემსა, ვამბობდი: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკა 23, 34). მაშ, „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“; - „მოვედით“, მე გულსმოდგინედ გთხოვთ და არ მრცხვენია ვთხოვო და ვევედრო ჩემს მონებს, რათა იძულებული არ გავხდე დავსაჯო ისინი; მოვედით და ისწავეთ ჩემგან სიმშვიდე მანამ, ვიდრე ჩემგან საზარელს იხილავთ; „მოვედით“ აწ მე ვმკურნალობ, მალე კი გავასამართლებ. ახლა მე ვინდობ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი განაჩენს გამოვიტან; ამჟამად მე მოწყალე ვარ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი სამართლიან მსაჯულად წარმოვსდგები. „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ან ჩემს სიმშვიდეს მიაგეთ პატივი, ან - ძლიერებასა ჩემსა შეუშინდით. „მოვედით“, წინ უსწრეთ ჩემს გამოჩენას თქვენი აღმსარებლობით: იმიტომ რომ თავმდაბლობა ჩემი გარკვეული დროითაა შეზღუდული. - მხოლოდ აწინდელი ცხოვრებაა, ამბობს უფალი, ჟამი ჩემი სულგრძელებისა; დადგება დრო, როცა დაიხურება კარი ჩემი ამგვარი სახიერებისა; მოვა დრო, როდესაც ცოდვილისაგან დაღვრილი ცრემლი სარგებლობას არ მოიტანს; დადგება ჟამი, როცა საყვირის ხმა ჩემს მეორე მოსვლას ამცნობს ყოველგან, როდესაც ანგელოსები მიმოიფრენენ რა მთელს დედამიწაზე, მილიარდობით გარდაცვლილს წარმოადგენენ სამსჯავროზე; როდესაც საყდარი დაიდგმევა და მე მოვალ ზეციურ ძალთა ზედა, ოდეს მე მომავალს მთავრობანი და ხელმწიფებანი თან მახლდებიან, როდესაც მნათობნი ჩემი სამეფოსი მთელს სამყაროს გაანათებენ, როცა თითოეულის წინაშე გადაიშლება წიგნი მიწიერთა საქმეთა, ოდეს დაჯილდოებულ იქნება სჯულის ზედმიწევნით აღსრულება და საშინელ მსჯავრს გამოუტანენ ეშმაკებს; როდესაც განსასჯელი იდგება და თან ერთი მხოლოდ საქმენი თვისნი იქნება, როცა აზრები ამხილებენ და სინდისი განიკითხავს თითოეულს; როდესაც ბოროტი სულები ყურს დაუგდებენ უფლის ნათქვამს, როდესაც ღუმელი დაელოდება ამ მსაჯულის განაჩენს, როცა სიტყვა „შემიწყალე“ უკვე აღარ უშველის მხმობელს. მაშ ასე, „მოვედით“, მანამდის ვიდრე მე დავხშავ კარს ჩემი მოწყალებისა, ვიდრე დასრულდება ზეიმი სიცოცხლისა, ვიდრე დამთავრდება სანახაობა ყოფითი; რამეთუ დანიშნული ვადა აღსასრულისა უკვე კართა ზედაა. „მოვედით“, უწინარეს ვიდრე მე შევუდგები მსჯავრს; რადგანაც თუკი მე დავჯდები სჯად უწინარეს ამისა, უკვე აღარავის შევიწყალებ. ამადაც მოვიყვანე მე მკაფიო მაგალითი სულელ ქალწულებზე, რომელთა ცხოვრების ლამპარიც, ზეთის უქონლობის გამო, დაიშრიტა, - რომელთათვისაც საქორწინო ნადიმის კარი დაეხშო და რომელთა რეკვაზეც შიგნიდან უპასუხეს: „არ გიცით თქუენ“ (მათე 25, 1), რათა მიეთითებინათ სიტყვაზე, რომელიც ცოდვილებს ეთქმით იმ სამსჯავროზე. მაშ ასე, ძმანო, თუკი ჩვენ მაცხოვრის სიტყვებიდან შევისწავლეთ უფლის სახიერება, ნუღარ ვიქნებით უყურადღებონი მსაჯულისადმი, კაცთმოყვარულად რომ გვეზრახება უწინარეს სამსჯავროს დადგომისა; გამოსწორებისათვის განკუთვნილ დროს ნუღარ დავკარგავთ, შევმოსოთ სულნი ჩვენნი კეთილი საქმეებითა და მოწყალებით. დე, თითოეულმა ჩვენთაგანმა მოიპოვოს საუკუნო ცხოვრებისათვის აუცილებელი და განეშოროს სამარცხვინო საქმეებს... შევიმკოთ სულები უმანკოებით და მტკიცედ ვიპყრათ შეუფასებელი მარგარიტი წმინდა სარწმუნოებისა; მანამ, ვიდრე შეწყდება ჟამი ჩვენი ცხოვრებისა, მანამ, ვიდრე სახე ამა სოფლისა და ფერადოვნება დიდებისა და ყველა მიწიერი სიამოვნებანი არ გამქრალა, სათნო-ვეყოთ შეუცვლელ მსაჯულს. რამეთუ თავად იგი ამბობს: „არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ“ (ეზეკიელი 18, 32). ცოდვილის დასჯა რომ სდომებოდა, ამას აღარ იტყოდა; შეწყალება სურს და ამიტომაც შეაგონებს; ინდობს და ამიტომაც ცდილობს დაარწმუნოს; იგი გაშინებს წინასწარმეტყველებით, რათა აგაცილოს ნამდვილი საფრთხე. რამეთუ როდესაც ღმერთი გემუქრება, შენი ხსნა სურს; ხოლო როდესაც სდუმს, განუზრახავს დაგსაჯოს. ჩვენ ეს ვუწყით მაგალითებიდან. იგი ემუქრებოდა ნინეველებს და დაინდო ისინი; სდუმდა სოდომელებზე, - და დასაჯა ისინი. მან გვირგვინები განგვიმზადა, თუკი თავად არ მოვიწევთ თავზე სატანჯველს. მას სურს გეენიის გაუქმება; სურს დაკეტოს წყვდიადის საპყრობილე, სურს მთელი თავისი რისხვა ერთი მხოლოდ ეშმას დაუნარჩუნოს; სურს მსაჯულად დაჯდეს, რათა არავინ დასაჯოს, არამედ ყველა გვირგვინოსან-ჰყოს. მაშ, გვყავს რა ესევითარი მეუფე, გულმოდგინედ შევიწყნაროთ სიტყვანი, აღსავსენი მადლითა, ვუსმინოთ მღაღადებელს: „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, რათა ღირს-ვიქმნეთ ჩვენ ვისმინოთ ის გულისსათქმელი და ნეტარი ხმაც, რომელიც ამბობს: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მათე 25, 34), რომელსაც დე მივემთხვივნეთ ჩვენ ყოველნი დასატკბობელად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესისა, რომლისა თანა ჰშვენის დიდება მამასა და სულსა წმიდასა. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა