წმიდა სილუან ათონელი

სინანულის შესახებ

ჩემმა სულმა შეგიცნო შენ, უფალო, და ვწერ შენს წყალობას შენს ხალხს.

ნუ წუხხართ, ერნო, რომ გიჭირთ ცხოვრება. მხოლოდ ცოდვას ებრძოლეთ, შემწეობა შესთხოვეთ უფალს და გიბოძებთ იგი, რამეთუ მოწყალეა და უყვარხართ.

- ო, ერნო... ცრემლებით გწერთ ამ სტრიქონებს. ჩემს სულს სურს, რომ შეიცნოთ უფალი და განჭვრიტოთ მისი წყალობა და დიდება. 72 წლის ვარ; მალე მოვკვდები, და გწერთ ღვთის წყალობის შესახებ, რომლის შეცნობაც მან სულიწმიდით მიბოძა; სულიწმიდამ მასწავლა ხალხთა სიყვარული. მე დაგსვამდით მაღალ მთაზე, რათა მისი სიმაღლიდან შეგძლებოდათ დაგენახათ ღვთის მოკრძალებული და მოწყალე სახე, მაშინ გაიხარებდა თქვენი სულები. ჭეშმარიტად გეუბნებით: საკუთარ თავში კარგს ვერაფერს ვხედავ, უამრავი ცოდვა მაქვს, მაგრამ სულიწმიდის მადლმა აღხოცა მრავალი მათგანი; და მე ვუწყი, რომ ვინც ცოდვას ებრძვის, უფალი არა მხოლოდ შეუნდობს მას, არამედ სულიწმიდის მადლსაც უბოძებს, რომელიც ახარებს სულს და ღრმა და ტკბილ მშვიდობას ანიჭებს მას.

ო, ღმერთო, შენ გიყვარს შენი ქმნილება; ვის შეუძლია, ჩასწვდეს შენს სიყვარულს ანდა ტკბებოდეს მისით, თუ თვით შენ არ ასწავლი ამას სულიწმიდით?

გევედრები, უფალო, გარდამოავლინე სულიწმიდის მადლი ადამიანებზე, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული. გაათბე ადამიანთა ნაღვლიანი გულები; დაე, მათ სიხარულით გადიდონ შენ და დაივიწყონ თავიანთი მიწიერი მწუხარებანი.

მადლმოსილო მანუგეშებელო, ცრემლებით გევედრები, დაამშვიდე შენს მიერ ქმნილ კაცთა მწუხარე გულები; ესმოდეთ ადამიანებს შენი ტკბილი ხმა: „მოგეტევათ თქვენ ცოდვანი თქვენნი“. ჰე, უფალო, შენ გალგიძს სასწაულთა ქმნა, და არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე დაცემული ცოდვილის სიყვარულია. წმიდანის სიყვარული ადვილია: იგი ღირსეულია. ჰე, უფალო, შეისმინე დედამიწის ლოცვა. ყველა ხალხები მწუხარებენ; ყველა ცოდვაშია ჩაძირული; ყველას მოაკლდა შენი მადლი და სიბნელეში ცხოვრობენ.

ო, ერნო, შევღაღადოთ უფალს მთელმა დედამიწამ და შესმენილი იქნება ჩვენი ლოცვა, რამეთუ ხარობს უფალი ადამიანთა სინანულით; მთელი ზეციური ძალები გველიან, რათა ჩვენც გავიხაროთ ღვთის სიყვარულის სიტკბოებით და ვიხილოთ მისი სახის მშვენიერება.

† † †

როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე. მაგრამ ახლა ხალხმა თავისი ნებითა და გონებით დაიწყო ცხოვრება, მიატოვა წმიდა მცნებები და ღვთის გარეშე სურთ სიხარული დედამიწაზე; და ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ ღმერთია ჩვენი სიხარული, მხოლოდ უფალში ხარობს ადამიანის სული. იგი ათბობს სულს, როგორც მზე - მინდვრის ყვავილებს, ქარივით არხევს მათ და სიცოცხლეს ანიჭებს. უფალმა ყველაფერი გვიბოძა, რათა ვადიდებდეთ მას; მაგრამ სამყარო ვერ ხვდება ამას; და ვინ მიხვდება იმას, რაც არ უხილავს და არ უგემია? როდესაც ერში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბედნიერება მიწაზეა: ვარ ჯანმრთელი, ლამაზი, მდიდარი და ადამიანებს ვუყვარვარ; და მე ამით ვამაყობდი. მაგრამ როდესაც სულიწმიდით შევიცანი უფალი, მაშინ სამყაროს მთელ ბედნიერებას ისე დავუწყე ყურება, როგორც კვამლს, რომელიც ქარს მიაქვს. სულიწმიდის მადლი კი ახარებს და ამხიარულებს სულს, მას მიწა ავიწყდება და ღრმა სამყაროში ჭვრეტს უფალს.

უფალო, მოაბრუნე ადამიანები შენსკენ, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული, განჭვრიტონ სულიწმიდით შენი მშვენიერი სახე; დატკბნენ ყველა შენი სიკეთით აქვე, დედამიწაზე, და როდესაც დაინახავენ, როგორი ხარ, მოგემსგავსებიან შენ.

† † †

მადლობა ღმერთს, რომ გვიბოძა სინანული, რომელითაც განურ- ჩევლად ყველანი ვცხონდებით. ვერ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც სინანული არ სურთ; ამაში მე მათ სასოწარკვეთილებას ვხედავ და ბევრს ვტირივარ, რადგან მებრალებიან. მათ ვერ შეიცნეს სულიწმიდით, რაოდენ დიდია ღვთის გულმოწყალება. თითოეული სული რომ შეიცნობდეს უფალს, ეცოდინებოდათ, რა ძლიერ ვუყვარვართ მას; და მაშინ არათუ სასოწარკვეთილებას არავინ მიეცემოდა, არამედ არასოდეს არც კი დაიწუწუნებდნენ.

ყოველმა სულმა, რომელმაც სიმშვიდე დაკარგა, უნდა შეინანოს და უფალი მიუტევებს ცოდვებს; მაშინ სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს; სხვა მოწმეები საჭირო არ არის, თვით სულიწმიდა მოწმობს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი, ცოდვათა მიტევების ნიშანი: თუ ცოდვა შეიძულე, მაშასადამე, მოგიტევა უფალმა შენი შეცოდებანი. მაშ, რაღას ველით? რომ ვინმემ ზეციდან ზეციური საგალობელი გვიგალობოს? მაგრამ ზეცაში ყოველივე სულიწმიდით ცხოვრობს, მიწაზე კი უფალმა იგივე სულიწმიდა გვიბოძა. ღვთის ტაძრებშიც მსახურებები სულიწმიდით აღსრულება; უდაბნოებშიც, მთებშიც, გამოქვაბულებშიც - ქრისტეს მოსაგრეები ყველგან სულიწმიდით ცხოვრობენ; და თუ უფალს შევინახავთ ჩვენში, თავისუფალნი ვიქნებით ყოველგვარი სიბნელისაგან და მარადიული ცხოვრება დამკვიდრდება ჩვენს სულებში.

ყველამ რომ შეინანოს და ღვთის მცნებები დაიმარხოს, სასუფეველი მიწაზევე იქნებოდა, რამეთუ „ცათა სასუფეველი ჩვენშია“. ცათა სასუფეველი სულიწმიდაა, სულიწმიდა კი ზეცაში და მიწაზე ერთია.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“