პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მეოთხე

1. ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.

2. მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს.

3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.

4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.

7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?

8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.

10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,

11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.

12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.

13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.

14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.

15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.

16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.

18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.

19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.

20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.

21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?