პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მეექვსე

1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?

2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?

3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?

4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ.

5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?

6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?

8. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.

9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,

10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.

13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.

14. ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.

15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.

16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.

17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.

19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.