პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მერვე

1. ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.

2. ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.

3. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.

4. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.

5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),

6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.

7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.

8. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.

9. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის.

10. რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?

11. და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

12. ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.

13. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.