პავლეს ეპისტოლენი

რომაელთა მიმართ

თავი მეთექვსმეტე

1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,

2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც.

3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ,

4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც.

5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ.

6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის.

7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.

8. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ.

9. მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი.

10. მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული.

11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში.

12. მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში.

13. მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი.

14. მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც.

15. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა.

16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.

17. შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.

18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

19. თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.

20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.

21. მოკითნვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები.

22. მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ.

23. მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი.

24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

25. ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი,

26. ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, -

27. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მეოხებით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.