ძველი აღთქმა

პირველი ეზრა

თავი პირველი

1. სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელს თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:

2. ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მანვე მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.

3. ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია.

4. დანარჩენებმა, ყველამ თავის ადგილიდან, ვინც კი სადმე ცხოვრობს, ხელი გაუმართოს მას ვერცხლით, ოქროთი, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით - ნებაყოფლობითი ძღვენი გაიღოს იერუსალიმში მყოფი ღმერთის სახლისთვის.

5. გაემზადნენ იუდას და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცნი, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც კი იერუსალიმში მყოფთ უფლის ტაძრის ასაშენებლად აღუძრა სული ღმერთმა.

6. ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით და ოქროულობით, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით, ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით გაიღეს.

7. მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა წამოღებული და მისი ღმერთის ტაძარში ეწყო.

8. გამოიტანა ისინი მეფე კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატ მეგანძურის ხელით; მან კი თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდაელ მთავარს.

9. აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი - ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი - ათასი, დანა - ოცდაცხრა,

10. ოქროს ბარძიმი - ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი - ოთხას ათი, სხვა ჭურჭელი - ათასი.

11. ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.