ძველი აღთქმა

პირველი მაკაბელთა

თავი მეშვიდე

1. ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა.

2. როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის.

3. გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს.

4. მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე.

5. ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე.

6. როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან.

7. ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ მშველელთან ერთად.

8. ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის ერთგული იყო.

9. გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა.

10. გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად.

11. მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი.

12. მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის საძიებლად.

13. პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც მათგან მშვიდობას მოელოდნენ.

14. თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს.

15. სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს.

16. და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ დღეში თანახმად დაწერილისა:

17. შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინ იყო.

18. და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს.

19. ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი.

20. ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად. მერე გაბრუნდა მეფესთან.

21. ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა.

22. თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა. გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში.

23. როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს წარმართებს,

24. მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა.

25. დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და ბოროტად დაადანაშაულა ისინი.

26. მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება.

27. მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად:

28. ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით.

29. გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს. მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად.

30. მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა.

31. მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად ხაფარსალამის მახლობლად.

32. დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ დავითის ქალაქისკენ.

33. ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის.

34. მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და თავხედურად ლაპარაკობდა.

35. მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული.

36. შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის წინაშე, ატირდნენ და თქვეს:

37. შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად.

38. შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ.

39. ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი.

40. იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა იუდამ და თქვა:

41. როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი.

42. ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ სამართალი თავისი ბოროტებისამებრ.

43. შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში.

44. როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი, დაყარეს იარაღი და გაიქცნენ.

45. მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ.

46. გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა მათკენ და მახვილით დაეცა ყველა.

47. ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ ჩამოკიდეს.

48. ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი სიხარულის დღე.

49. და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს ადარის ოცდაათში.

50. მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.