ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი მეთვრამეტე

1. მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.

2. წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.

3. შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.

4. გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.

5. ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.

6. როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,

7. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!

8. მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.

9. ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.

10. მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.

11. მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.

12. დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.

13. განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.

14. მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან.

15. დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი.

16. მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.

17. უთხრა საულმა დავითს: აჰა, უფროსი ასული მყავს, მერობი; ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და გადაიხადე საღვთო ომები. ფიქრობდა საული: ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.

18. უთხრა დავითმა საულს: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?

19. დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერობი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის. მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს.

20. შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.

21. იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.

22. უბრძანა საულმა თავის მორჩილთ: ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მორჩილებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.

23. მიიტანეს საულის მორჩილებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები და თქვა დავითმა: ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.

24. აცნობეს მისმა მორჩილებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.

25. თქვა საულმა: ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს.

26. აცნობეს საულის მორჩილებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დრო გასული,

27. რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.

28. დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს,

29. და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.

30. გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მორჩილზე გონივრულად იქცეოდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.