ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეცხრე

1. ამასობაში ფილისტიმელებმა შეკრიბეს მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში. ხოლო ისრაელი წყაროსთან იყო დაბანაკებული, იზრეყელში.

2. ფილისტიმელთა წინამძღოლნი თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი უკან მოდიოდნენ აქიშთან ერთად.

3. თქვეს ფილისტიმელთა სარდლებმა: რა უნდათ ამ ებრაელებს? მიუგო აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: ეს ხომ დავითია, საულ ისრაელის მეფის მორჩილი. რამდენიმე წელია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.

4. გაუბრაზდნენ მას ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი, დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია; ნუ წამოვა ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რათა ომის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?

5. ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?

6. უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: ცხოველ არს უფალი! რიგიანი კაცი ხარ და მახარებს შენი მისვლა-მოსვლა, ჩემს ბანაკში. რადგან ცუდი არაფერა შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან. მაგრამ წინამძღოლებს არ მოუდიხარ თვალში.

7. ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ წინამძღოლებს.

8. უთხრა დავითმა აქიშს: რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მორჩილს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ ამეკრძალოს ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა?

9. მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო საბრძოლველად.

10. ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მორჩილნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.

11. ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ ავიდნენ.