ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეთერთმეტე

1. მოვიდნენ ისრაელიანები დავითთან ხებრონს და უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.

2. გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი.

3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.

4. გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანებმა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი - იმ ქვეყნის მკვიდრნი.

5. უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს, აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.

6. თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.

7. დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში, ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.

8. მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა.

9. სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი მასთან იყო.

10. აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.

11. აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშაბყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი; მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.

12. მას შემდეგ ელეზარი ძე დოდოსი, ახოხელი, ერთერთი იმ სამ მოყმეთაგანი.

13. იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.

14. ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.

15. ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.

16. მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.

17. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?

18. გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.

19. თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.

20. აბშაი, იაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში.

21. ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.

22. ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.

23. მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა; შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსოვი ლილვი. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა.

24. ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.

25. ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.

26. მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,

27. შამოთ ჰაროლელი, ხალეც ფელონელი,

28. ყირა ყიკეშის ძე, თეკოყელი, აბიყეზერ ყანათოთელი,

29. სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი,

30. მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი,

31. ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფარყათონელი,

32. ხურაი ნახალე-გაყასელი, აბიელ ყარბათელი,

33. ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი.

34. ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,

35. ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე,

36. ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი,

37. ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე,

38. იოელი, ნათანის ძმა, მიბხარ გერის ძე,

39. ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,

40. ყირა ითრელი, გარებ ითრელი,

41. ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე.

42. ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენიანთა თავკაცი და ოცდაათი მასთან ერთად.

43. ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი,

44. ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეთიელი - ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.

45. იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა თიციელი,

46. ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია - ელნაყარის ძენი და ითმა მოაბელი.

47. ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.