ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეთოთხმეტე

1. გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.

2. მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.

3. კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.

4. აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი,

5. იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი,

6. ნოგაჰი, გეფეგი, იაფიაყი,

7. ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი.

8. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინაშე.

9. მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.

10. დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

11. ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.

12. იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.

13. კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ.

14. კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი.

15. როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად.

16. ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.

17. დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.