ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეცხრამეტე

1. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე ნახაშ ყამონის ძე და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად.

2. თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.

3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?

4. შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.

5. და წავიდნენ. შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.

6. დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან.

7. იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მაყაქას მეფე თავისი ხალხით. მოვიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.

8. შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.

9. გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.

10. როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.

11. დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო იგი ყამონიანთა წინააღმდეგ.

12. თქვა: თუ არამელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.

13. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი სალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.

14. გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.

15. როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმში.

16. დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან, კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადარყეზერის სარდალი შოფეხი.

17. შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას.

18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დავითმა არამელებს დაუხოცა შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. მათი სარდალი შოფეხიც მოკლულ იქნა.

19. როცა ჰადარყეზერის მორჩილთა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონიანთა დახმარება.