ძველი აღთქმა

მეორე მაკაბელთა

თავი მეორე

1. მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ, აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული,

2. და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით.

3. სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული.

4. წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა.

5. მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი.

6. როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი.

7. როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ.

8. მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული.

9. ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის,

10. როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.

11. მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის მსხვერპლი.

12. ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე.

13. მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე.

14. ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი.

15. თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და გამოვატანთ.

16. უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა, თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები.

17. ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო, სამღვდელოება და საწმიდარი,

18. როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი.

19. ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის სატფურებას,

20. აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს,

21. და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე, ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები,

22. და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, -

23. ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი.

24. რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ,

25. ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა, მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა.

26. არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს,

27. ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა. და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე,

28. მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ.

29. იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ, ასევეა ჩვენი საქმეც.

30. ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას,

31. ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება.

32. ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო.