ძველი აღთქმა

მეორე მაკაბელთა

თავი მესამე

1. როცა მშვიდობა სუფევდა წმიდა ქალაქში და რჯულსაც ონია მღვდელთმთავრის ღვთისმოსავობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით პატიოსნად იცავდა ხალხი,

2. თავად მეფეებიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და საკურთხეველსაც საგანგებო ძღვენს სწირავდნენ.

3. ასე, რომ, თვით აზიის მეფეს, სელევკოსსაც კი გაუღია საკუთარი ხაზინიდან სახსრები ყოველგვარი მსხვერბლშეწირვისა და ღვთისმსახურებისათვის.

4. მაგრამ ერთი კაცი, სახელად სიმონი ბენიამინის ტომიდან, ტაძრის მეურვედ რომ დაადგინეს, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე შემოედავა მღვდელმთავარს.

5. რომ ვერ აჯობა ონიას, წავიდა აპოლონიოს თრასეას ძესთან, კოილეს სირიისა და ფინიკიის იმდროინდელ სარდალთან.

6. და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძურები სავსე იყო ფულით და რომ იქ უთვალავი სხვა ნივთიც იპოვებოდა, და რომ ისინი არ ეკუთვნოდა შესაწირავებს და რომ შეიძლებოდა მეფეს ხელთ ეგდო ეს ყველაფერი.

7. აპოლონიოსიც შეხვდა თავად მეფეს, მოახსენა ფულის თაობაზე, რაზეც იყო ლაპარაკი, და მეფემაც გადაწყვიტა, ამ საქმეზე ჰელიოდოროსი გაეგზავნა ხსენებული ფულის წამოსაღებად.

8. ჰელიოდოროსმა მაშინვე დაიწყო სამზადისი; კოილეს სირიისა და ფინიკიის ქალაქთა დათვალიერებას იმიზეზებდა, სინამდვილეში კი მეფის დანაბარები უნდა შეესრულებინა.

9. მოყვრულად მიიღო იერუსალიმში ჩასული ჰელიოდოროსი ქალაქის მღვდელმთავარმა და მანაც აუწყა მას მეფის მოთხოვნა და განუცხადა, რის გამოც იყო აქ მოვლენილი; თან ეკითხებოდა მღვდელმთავარს, სიმართლე იყო თუ არა საგანძურის ამბავი.

10. მღვდელმთავარმა განუმარტა, ეს ქონება ქვრივებისა და ობლების მობარებულიაო,

11. ნაწილი კი ერთი დიდად გავლენიანი კაცის, ჰირკანოს ტობიას ძის არისო. ჩვენთან სულ ოთხასი ტალანტი ვერცხლი და ორასი ტალანტი ოქრო ინახება, უკეთურმა სიმონმა კი ცილი დაგვწამაო.

12. ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც დაენდო ამ კვრივ ადგილს და მთელს სამყაროში პატივდებული ტაძრის სიწმიდესა და შეუვალობას, ყოვლად დაუშვებელიაო.

13. მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით ითხოვდა მეფის განკარგულების აღსრულებას; ამბობდა, ეს ქონება მეფის საგანძურში უნდა შევიდესო.

14. დადგენილ დღეს იგი შეუდგა განზრახულის განხორციელებას, რასაც ქალაქში დიდი მღელვარება მოჰყვა.

15. მღვდლები, წოდების შესაბამისად შემოსილნი, სამსხვერპლოს წინ დაემხენ და უხმობდნენ ცაში იმას, ვინც ტაძრისთვის მიბარებულის რჯული დააწესა, დაეცვა მიმბარებელთა ქონება.

16. გული ეკუმშებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს - სულიერ ტკივილს მისი სახის გამომეტყველება და კანის ფერიც კი შეეცვალა.

17. შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს.

18. სახლებიდანაც გამორბოდა ხალხი საყოველთაო ლოცვაზე, რაკი წმიდა ადგილს შეგინება მოელოდა.

19. ჯვალოთი წელშემოსარტლული ქალები ქუჩებში გროვდებოდნენ, სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარიბჭისკენ გარბოდა, ზოგი გალავანზე გადიოდა, ზოგიც სარკმლიდან იყურებოდა.

20. ყველა იწვდიდა ცისკენ ხელებს და ლოცვა-ვედრებას აღავლენდა.

21. საცოდავი საყურებელი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და მოლოდინით გათანგული მღვდელმთავარი.

22. ევედრებოდნენ ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაეცვა მორწმუნეთა მიბარებული განძი.

23. ჰელიოდოროსი კი შეუდგა განზრახულის აღსრულებას.

24. და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს, სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და მთელს მის ამალას; ყველას, ვინც კი გაბედა ჰელიოდოროსის თანხლება, ზარი დასცა ღვთის ძალამ და შიშისგან ცნობა წაერთვათ.

25. ეჩვენათ დიდებულად აღკაზმული ცხენი საშინელი მხედრით; ფიცხლად მიეჭრა იგი ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები აძგერა მას. მხედარი, როგორც ჩანდა, მთლიანად ოქროთი იყო შემოსილი და აღჭურვილი.

26. მხედართან ერთად გამოჩნდა ორი სხვა ჭაბუკი, ძალით გამორჩეულნი, სახით მშვენიერნი და ბრწყინვალედ შემოსილნი; ორივე მხრიდან მოსდგნენ ჰელიოდოროსს და გაშოლტვა დაუწყეს, ჭრილობებით დაუფარეს ტანი.

27. მყისვე დაეცა მიწაზე ჰელიოდოროსი და ღრმა წყვდიადმა მოიცვა იგი. აიღეს და საკაცეზე დადეს.

28. და ის, ვინც წეღან დიდი ამალითა და მრავალი შუბოსნის თანხლებით შედიოდა საგანძურში, ახლა უმწეო გამოჰქონდათ უკან; ცხადი გამხდარიყო მისთვის ღვთის ძლევამოსილება.

29. და ეგდო უხმოდ, ღვთაებრივი ძალით დასჯილი, ყოველგვარ იმედსა და ხსნას მოკლებული.

30. აუდაელები კი განადიდებდნენ უფალს, სასწაული რომ მოუვლინა თავის სამკვიდრებელს და სულ ცოტა ხნის წინ შიშითა და დაბნეულობით აღვსილი ტაძარი ახლა, ყოვლისშემძლის გამოცხადებით, სიხარულითა და მადლით აღივსო.

31. მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ნათესავთაგანი ეახლა ონიას და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა სულთმობრძავისათვის.

32. მღვდელმთავარიც შეშინდა, მეფეს არ ეფიქრა, თითქოს იუდაელებს ჰელიოდოროსისადმი რაიმე ავი განზრახვა ჰქონოდეთ, და მსხვერპლშეწირვა აღასრულა კაცის გადასარჩენად.

33. ამ გამოსასყიდი ღვთისმსახურების დროს კვლავ გამოეცხადნენ ჰელიოდოროსს ჭაბუკები, იმავე სამოსელში გამოწყობილნი, წინ დაუდგნენ და უთხრეს: დიდი მადლი უნდა მიაგო ონია მღვდელმთავარს, რადგან მისი წყალობით გაჩუქა სიცოცხლე უფალმა.

34. შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი ძლევამოსილება. ეს თქვეს და გაუჩინარდნენ.

35. ხოლო ჰელიოდოროსმა მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი აღთქმა აღუთქვა სიცოცხლის ხსნისათვის, მადლი მიაგო ონიას და თავისი მხედრობითურთ მეფესთან გაბრუნდა.

36. ადასტურებდა ყველას წინაშე. რომ იხილა უზენაესი ღმერთის მოქმედება.

37. ხოლო მეფის შეკითხვაზე, ვის მიიჩნევდა შესაფერისად, ერთხელ კიდევ რომ გაეგზავნათ იერუსალიმში, ჰელიოდოროსი პასუხობდა:

38. თუ გყავს ვინმე მტერი, ან ვინმე ისეთი, ვისაც შენს საქმეებზე ბოროტად უჭირავს თვალი, ის გაგზავნე და უკან მიიღეს მას გაშოლტილს, თუ ცოცხალი გადარჩა, რადგან ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაა დასადგურებული ამ ადგილზე.

39. თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს ამ ადგილს და იცავს მას, ამხობს და ანადგურებს შეურაცხმყოფელს.

40. აი, ეს შეემთხვა ჰელიოდოროსს და ასე გადარჩა საგანძური.