ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეთერთმეტე

1. ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.

2. ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.

3. გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.

4. გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

5. როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ.

6. გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს.

7. როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა.

8. უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან.

9. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა.

10. შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია. მაშინ უთხრა დავითმა ურიას: ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?

11. უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!

12. უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.

13. მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა.

14. დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.

15. წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.

16. როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.

17. გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც.

18. გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.

19. ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,

20. და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?

21. ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი.

22. წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა.

23. უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ:

24. მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მორჩილთ და ბევრი გაწყდა მეფის მორჩილთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მორჩილი.

25. უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი.

26. გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი.

27. როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა.