ძველი აღთქმა

მეორე მეფეთა

თავი მეცხრე

1. თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?

2. ჰყავდა საულის სახლს მორჩილი, სასელად ციბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენა ხარ ციბა? მიუგო: გახლავარ, შენი მორჩილი.

3. უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი.

4. უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო ციბამ მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.

5. გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან.

6. მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!

7. მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია; წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ ყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.

8. თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?

9. მოუხმო მეფემ ციბას, საულის მორჩილს, და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია.

10. დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას.

11. უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებს შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე როგორც ერთი უფლისწულთაგანი.

12. პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ.

13. ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.