ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეთორმეტე

1. როცა გამტკიცდა რობოამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.

2. რობოამის მეფობის მეხუთე წელს მოუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს, რადგან შესცოდეს უფალს.

3. ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები.

4. აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა.

5. მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რობოამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.

6. დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: მართალია უფალი.

7. როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.

8. მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.

9. მიუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო. წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.

10. დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.

11. ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში.

12. რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.

13. გამტკიცდა მეფე რობოამი იერუსალიმში და მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რობოამი, რომ გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისს ერქვა ნაყამა ყამონელი.

14. ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.

15. რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.

16. განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა.