ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეთხუთმეტე

1. ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.

2. გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.

3. დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.

4. გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.

5. იმჟამად არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოოი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში.

6. ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.

7. თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.

8. როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.

9. შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.

10. ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.

11. მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.

12. აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.

13. ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.

14. ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.

15. ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ირგვლივ.

16. მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევში დაწვა.

17. ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.

18. შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.

19. ომი აღარ მომხდარა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.