ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეჩვიდმეტე

1. მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.

2. ჩააყენა ჯარი იუდას ყველა ციხე-ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო.

3. უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია.

4. ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა, და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.

5. გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.

6. გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.

7. მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.

8. თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი.

9. მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.

10. უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

11. ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.

12. თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.

13. მრავალი საშრომელი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი მაგარი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.

14. აჰა, მათი მოვალეობანი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასიათასი მაგარი ვაჟკაცი.

15. მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოციათასი ჰყავდა.

16. მის მერე იყო ყამასია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი.

17. ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი.

18. მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი.

19. აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა.