ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეხუთე

1. მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო.

2. მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გამოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან ანუ სიონიდან.

3. შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.

4. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი.

5. წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა.

6. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი მთელი ისრაელის საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.

7. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათაწმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.

8. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და კეტებს.

9. კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა კიდობნიდან, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი.

10. არაფერი იყო კიდობანზე, გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.

11. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა,

12. ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი - სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი,

13. ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.

14. და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.