ძველი აღთქმა

მეორე ნეშტთა

თავი მეშვიდე

1. როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი.

2. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი.

3. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაეხვნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

4. შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა.

5. დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.

6. მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს: რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა! ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი ხელით. მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.

7. განათლა სოლომონმა შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა იქ აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლის ლურთი, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია აღსავლენი ძღვენი და ლურთები.

8. შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.

9. მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.

10. მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.

11. დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.

12. ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.

13. თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,

14. და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.

15. ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისადმი ამ ადგილზე.

16. ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული.

17. თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,

18. გავამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში.

19. მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვვბთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,

20. ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.

21. ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?

22. იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.