ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი პირველი

1. აი, სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელს ისრაელს იორდანეს გაღმა უდაბნოში, ვაკეზე, სუფის გასწვრივ, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,

2. ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთიდან კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე.

3. მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,

4. ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.

5. იორდანეს გაღმა მოაბის მხარეში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:

6. უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ, ამ მთაზე ცხოვრება!

7. გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.

8. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.

9. ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.

10. უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს.

11. უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.

12. მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, თქვენი ტვირთი და თქვენი უთანხმოებანი?

13. ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგიყენებთ-მეთქი.

14. პასუხად მომიგეთ: კარგ საქმეს გვეუბნები გასაკეთებლად.

15. ავიყვანე შტოთა თავკაცები - ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით.

16. მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის.

17. მიკერძოებული ნუ იქნები სასამართღაოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.

18. იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ.

19. გავემგზავრვთ ხორებიდან და გავიარეთ მთელი ის დიდი და საშიში უდაბნო, რომელიც თქვენ ნახეთ ამორეველთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და კადეშ-ბარნეას მივადექით.

20. გითხარით: მოხვედით ამორეველთა მთასთან, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.

21. იცოდე, უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს ამ ქვეყანას. წადი და დაიმკვიდრე, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.

22. მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: გაგვაგგზავნინე კაცები ჩვენს წინ, რომ დაგვიზვერონ ქვეყანა და მოგვიტანონ გზის ამბავი, რითაც უნდა ვიაროთ, და ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.

23. მომეწონა ეს სიტყვა და გამოვარჩიე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი შტოდან.

24. გაემართნენ, გადაიარეს მთა და მიადგენ ეშქოლის ხევს და დაზვერეს ქვეყანა.

25. ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.

26. თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.

27. დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: მტრობით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპადო,

28. სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.

29. მე გითხარით: ნუ ძრწიხართ, ნუ გეშინიათ მათი-მეთქი.

30. უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;

31. ან უდაბნოში, სადაც, როგორც შენ ხედავდი, გატარებდა უფალი, შენი ღმერთი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელს თქვენს სავალ გზაზე, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით.

32. მაგრამ არც ამაში ერწმუნებით უფალს, თქვენს ღმერთს,

33. რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ მოგიძებნოთ დასაბანაკებელი ადგილი, ღამით ცეცხლში თქვენი სავალი გზის გასანათებლად, და დღისით ღრუბელში.

34. გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:

35. ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,

36. გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.

37. მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.

38. იესო ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.

39. თქვენი ჩვილი ბავშვები, რომლებზეც ამბობთ, დატაცებული იქნებიანო, და თქვენი შვილები, რომელთაც არ უწყიან დღეს ავი და კარგი, შევლენ იქ. მათ ვაძლევ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.

40. თქვენ კი გაბრუნდით და იარეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.

41. პასუხად მიუგეთ: შევცოდეთ უფალს. წავალთ და შევებრძოლებით, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო საჭურველი და გაეჩქარეთ მთაზე ასასვლელად.

42. მითხრა უფალმა: უთხარი მათ: ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენს შორის და დაგამარცხებთ-თქო მტერი.

43. გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.

44. გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები და დაგესიენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.

45. დაბრუნდით და მორთეთ ტირილი უფლის წინაშე. უფალმა კი არ ისმინა თქვენი ხმა და ყური არ დაგიგდოთ.

46. დარჩით კადეშში მრავალი ხანი, რამდენ ხანსაც იყავით.