ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი მეთოთხმეტე

1. უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,

2. რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.

3. უსურმაგი არაფერი შეჭამო,

4. ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა.

5. ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი.

6. ჩლიქგაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი, პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ.

7. ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათ ნუ შეჭამთ: აქლემს, კურდღელს და ბოცვერს; რადგან, თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი.

8. ღორი თუმცა ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.

9. წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ.

10. ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არა აქვს, ნუ შეჭამთ, უსურმაგია იგი თქვენთვის.

11. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

12. აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, სვავი და ფსოვი,

13. ძერა, შევარდენი და ქორი და მისნაირი,

14. არანაირი სახის ყორანი,

15. სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი,

16. ჭოტი, გედი და ბუკიოტი,

17. ვარხვი, კოდალა და ჩვამა,

18. ყარყატი, ყანჩა და მისნაირი, ოფოფი და ღამურა.

19. ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის, არ უნდა ჭამოთ.

20. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

21. არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.

22. აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,

23. და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.

24. თუ შორი იქნა გზა და ვერ შესძელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა,

25. გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა.

26. იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად.

27. არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.

28. სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.

29. მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.