ძველი აღთქმა

მეორე რჯული

თავი მეჩვიდმეტე

1. ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა თუ თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.

2. თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას,

3. წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე,

4. მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,

5. გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.

6. ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.

7. ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.

8. თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.

9. მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს.

10. ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.

11. იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.

12. თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

13. გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.

14. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო,

15. დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.

16. ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -

17. არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი.

18. როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან.

19. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს,

20. რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.